გინეკოლოგის რჩევები ორსულთა კვების რეჟიმის, ფიზიკური აქტივობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე | Allnews.Ge

გინეკოლოგის რჩევები ორსულთა კვების რეჟიმის, ფიზიკური აქტივობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე

ორსულობის პერიოდში ქალი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რათა როგორც საკუთარი თავი, ისე ნაყოფი გართულებებისგან დაიცვას. წლების წინ, ექიმები ორსულებს კვებასა და ფიზიკურ აქტივობებზე გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდნენ, რომელთა უმეტესობაც ახლა მოხსნილია.

გარდა ამისა, ორსულობის წინა, მიმდინარე და შემდგომი პერიოდები, განსხვავებული სპეციფიკით ხასიათდება, რომელთა ცოდნაც ქალისთვის აუცილებელია. მეან-გინეკოლოგი, თამარ შელია, რეკომენდაციებს სწორედ ამ სამ ეტაპთან დაკავშირებით გვაძლევს.

მისი თქმით, კავკასიის რეგიონის მოსახლეობაში იოდის დეფიციტი ძალიან გავრცელებულია, შესაბამისად, ორსულობამდე აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის ჩატარება ანუ თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.

"როდესაც საქმე ამ პრობლემასთან გვაქვს, შესაძლოა, ორსულობის ნაადრევ ვადებზე შეწყვეტაც მოხდეს. გარდა ამისა, აუცილებელია, ფოლიუმის მჟავა დაორსულობამდე სამი თვით ადრე და ორსულობის მიმდინარეობის დროს მივიღოთ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემის, ნაყოფის ხერხემლის პათოლოგიისგან დაგვიცავს," - განმარტავს მედიკოსი და დასძენს, რომ დამატებით, თირეოტროპული ტესტის ჩატარებაც მნიშვნელოვანია, რათა იოდდეფიციტისა და ჰიპოთირეოზის კონტროლი მოხდეს. გარდა ამისა, ყველა ორსულმა ორსულობის მე-8 კვირიდან ლაქტაციის პერიოდის ჩათვლით უწყვეტად უნდა მიიღოს 200 მგ იოდი.

თამარ შელიას თქმით, როგორც ორსულობამდე, ისე მისი მიმდინარეობის განმავლობაში, ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, რაც დედას ფიზიოლოგიურ მშობიარობაში ძალიან ეხმარება.

"პრობლემა სამსახურებია, სადაც პაციენტი მუდმივად ზის.

არ ნიავდება ოთახები და ორსული მუდმივად მოდუნებულ მდგომარეობაშია. ეს თავისთავად დამატებით დისკომფორტს იწვევს, რადგან დასაწყისში ორსულობას ისედაც მოდუნებული, ჰიპოტონური მდგომარეობა ახასიათებს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, დილით და საღამოს ცურვით ან ფეხით სიარულით დავკავდეთ," - აღნიშნავს მეან-გინეკოლოგი.

რაც შეეხება კვებას, მედიკოსის თქმით, არც ორსულობისა და არ მის მოსამზადებელ პერიოდში, კვებაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს და დაბალანსებული რაოდენობით, ნებისმიერი პროდუქტის მიღება შეიძლება.

"ჩვენთან არსებული იოდის დეფიციტის გამო, თევზი, ბოსტნეული და ხილი რაციონის აუცილებელი პროდუქტია.

გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მჟავიანობა იმატებს ან იკლებს, ამიტომ პაციენტებს ხშირად გულძმარვა ახასიათებთ, რის აღმოსაფხვრელადაც აქცენტი აუცილებლად ბურღულეულზე უნდა გავაკეთოთ. რეკომენდებულია შვრიის წყალზე მომზადებული ფაფა, რომელიც მჟავიანობას დაარეგულირებს. ასევე ყოველდღიურად აუცილებელია 100-150 გრამი ხაჭოს, მოხარშული საქონლის და ქათმის ხორცის მიღება".

მჟავიანობა პირის ღრუშიც იცვლება, რაც ხანდახან ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს, შესაბამისად, სტომატოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი სავლები საშუალების ან კბილის პასტის შერჩევა უნდა მოხდეს.

შეზღუდვა, რომელიც ორსულებს კვებასთან დაკავშირებით აქვთ, შენახულ და დაკონსერვებულ პროდუქტებსაც ეხება. თამარ შელიას თქმით, მათი მიღებისგან ორსულებმა თავი განსაკუთრებით ზაფხულში უნდა შეიკავონ.

"უარი უნდა თქვათ შებოლილ პროდუქტებზე.

ორსულობის ბოლო პერიოდში შეცვლილი კების რეჟიმისა და დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღების გამო, რომელიც წონაში მატებას იწვევს, პაციენტებს ხანდახან პრობლემები ექმნებათ. კერძოდ, ამ დროს წნევის ცვალებადობა, ჰიპერტენზია, შეშუპება ხდება. პაციენტს ამ შემთხვევაში მკაცრ, უმარილო დიეტასა და განტვირთვის დღეებს ვუნიშნავთ," - დასძენს მეან-გინეკოლოგი.

ორსულობის პერიოდში, ნაადრევი მშობიარობისა და ხშირი შარდვის თავიდან ასაცილებლად, სპეციალური სარტყელები გამოიყენება, რომლებიც მუცლის ქვედა ნაწილში კეთდება.

"სარტყელს რეკომენდაციას 18-20 კვირიდან ვუწევთ. ეს არის ნაადრევი მშობიარების პრევენცია, რადგან სარტყელის გამოყენების შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელზე დიდი ზეწოლა აღარ გვაქვს. ასევე ეს არის შარდის ბუშტზე ხანგრძლივი ზეწოლის პრევენცია," - გვირჩევს ექიმი და დასძენს, რომ სარტყელი ხელს სტრიების წარმოქმნასაც უშლის.

მშობიარობის გასაადვილებლად მედიკოსი სპეციალური სუნთქვითი და ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას გვირჩევს, რომელთაც თვითნებურად გაკეთებაც არ შეიძლება და აუცილებლად მეთოდისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

"მაგალითად, ორსულებს აქვთ სპეციალური ბურთები, რომლებზეც ჩაჯდომებსა და სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებენ. ოღონდ ამას მეთოდისტი ყველას ინდივიდუალურად ურჩევს," - განმარტავს თამარ შელია.

როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის შემდეგ, დედის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ლაქტაციის პერიოდის ხანრგძლივობას პირდაპირ უკავშირდება.

"დედამ ლაქტაციის პერიოდი აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს, რისთვისაც კვების სწორი რაციონი და პოზიტიური გუნება-განწყობა სჭირდება.

კვებაზე სერიოზული შეზღუდვები არ გვაქვს, გარდა ძალიან მწარე/ცხარე პროდუქტებისა და ალკოჰლური სასმელებისა. პრობლემები მაშინ იწყება, როცა დედას ოჯახში დამხმარე არავინ ჰყავს, ღამეების თენება მის აღგზნებას იწვევს და ლაქტაციის პერიოდიც მცირდება. ოჯახის წევრებს ყოველთვის ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მელოგინე დედას კომფორტი შეუქმნან და დაეხმარონ," - აღნიშნავს მედიკოსი და დასძენს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ რეაბილიტაცია დამატებით პროცედურებს უკავშირდება.

კერძოდ, საკეისრო კვეთიდან 4-5 საათის განმავლობაში, მელოგინე დედა აუცილებლად ფეხზე უნდა წამოდგეს, რათა მეორე დღეს უფრო აუტანელი ტკივილები არ განიცადოს.

"საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტეს სპეციალურ კვების რეჟიმს ვუნიშნავთ, რადგან კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მოქმედება მწყობრშია მოსაყვანი. დედებს ვურჩევთ, რომ პირველი ერთი კვირის განმავლობაში, მოხარშული ან გრილზე შემწვარი, ნაკლებადცხიმიანი პროდუქტები, ხორცი, თევზი და ბოსტნეული მიიღონ, ხოლო თუ ეს პრობლემები მაინც შეექმნებათ, სადილებს ცოტა ზეითუნის ზეთიც დაამატონ," - გვირჩევს თამარ შელია და დასძენს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ, ნაკერების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით უნდა მოხდეს, ხოლო თუ გამონადენს ან გამაგრებას შევნიშნავთ, ექიმს უნდა მივმართოთ.

სასურველი ფორმების შესანარჩუნებლად, მშობიარობის შემდეგ ბანდაჟი უნდა ვატაროთ, რაც მუცლის გამკვრივებასა და ნაკერებით გამოწვეული დისკომფორტის შემთხვევაში, ჩვილის ხელში აყვანაში დაგვეხმარება.

 

myquiz