1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება | Allnews.Ge

1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის ახალი წესები ამოქმედდება

1 ივლისიდან საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები ამოქმედდება. საუბარია მართვის მოწმობის ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების ამოქმედებაზე.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

რას გულისხმობს უკონტაქტო პატრულირება?

შსს-ს ინფორმაციით, 1 ივლისიდან პოლიციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეძლევა უფლება თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო პატრულირების განხორციელების არეალის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა და გამოსასვლელში; რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებულ ინფორმაციას, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ინახება, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს შეიცავს.

უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ფულადი ჯარიმა იწერება.

1 ივლისიდან ამოქმედდება ასევე მართვის მოწმობის ქულათა სისტემა, რაც ნიშნავს, რომ მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებასაც გამოიწვევს.

რა უნდა ვიცოდეთ მართვის მოწმობის ქულათა სისტემის შესახებ?

2017 წლის 1 ივლისს მართვის მოწმობას მინიჭებული 100 ქულა ძალაში იქნება 2018 წლის 1 იანვრამდე;

2018 წლიდან, ყოველი კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა, რომელიც მთელი კალენდარული წლის განმავლობაში ძალაში იქნება. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას;

კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობის 0-მდე შემცირება იწვევს მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით; მართვის უფლების ვადამდე აღდგენა შესაძლებელია, თუ პირი წარმატებით ჩააბარებს მართვის უფლების მისაღებ გამოცდას. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში პირი დაიშვება მხოლოდ ერთხელ;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილებს იმ პირს, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 50 ქულამდე, შემდეგში კი - 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას; იხილეთ გაგრძელება

myquiz