"მშობელი უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის ბავშვმა მიიღოს" - ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის რჩევები მამებს | Allnews.Ge

"მშობელი უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის ბავშვმა მიიღოს" - ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის რჩევები მამებს

საქართველოში შვილებთან უფრო აქტიური კომუნიკაციით მამებზე მეტად დედები გამოირჩევიან, შესაბამისად, მამების მხრიდან ყურადღების ნებისმიერი გამოვლინება ყოველთვის შესამჩნევი და აღსანიშნავია ხოლმე. ამის მაგალითი, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომელიც ბაგა-ბაღში მამებისა და მცირეწლოვანი შვილების ცეკვას ასახავს. მამებისა და პატარა გოგონების ვალსმა ყველას გული აუჩუყა და ფაქტს საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებაც მოჰყვა.

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, ამის მიზეზი მამებსა და შვილებს შორის შედარებით დისტანციური ურთიერთობაა, რომელიც ბევრ ოჯახში გვხვდება. მამა ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს, შვილის აღზრდაში ნაკლებად ერევა, თუმცა მისი სიტყვა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია.

"დედასთან შვილს შედარებით ინტენსიური ურთიერთობა აქვს, მამასთან კომუნიკაცია შედარებით ნაკლებია და ამიტომაც როცა მამებისა და შვილების ერთობლივ თუნდაც ცეკვას ვუყურებთ, უფრო მგრძნობიარეები ვხდებით." - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ზურაბ მხეიძის თქმით, მამას შვილის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია:

1. მამა პასუხისმგებელია შვილის სოციალიზაციასა და გარემოსთან ადაპტაციაზე, ბავშვი გარემო შეეგუებისა და ურთიერთობების წარმართავის უნარებს მამისგან იღებს;

2. მამა ძირითადად, ბიჭისთვისაა ავტორიტეტული, შესაბამისად, მასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა დაამყაროს, რათა შვილმა მაგალითების აღება სხვებისგან არ მოინდომოს.

შვილებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ მხეიძის თქმით, დღეს როგორც დედები, ისე მამები ძალიან დაკავებულები არიან, თუმცა შვილებთან აქტიური ურთიერთობა დედებს უფრო აქვთ.

"მამისა და შვილის ურთიერთობა მხოლოდ "დღეს სკოლაში რა მოხდა" და "იცოდე, კარგად ისწავლეთი" არ უნდა გამოიხატებოდეს.

ისინი თვეში ერთხელ მაინც უნდა წავიდნენ სადმე ერთად, დრო მარტოებმა გაატარონ, საკუთარ ინტერესებსა და შეხედულებებზე ისაუბრონ," - აღნიშნავს ფსიქოლოგი და დასძენს, რომ რამდენიმე შვილთან დროის ერთად გატარებაც არ ნიშნავს მათთან დაახლოებას, რადგან ამ დროს ისინი არა მამასთან, არამედ ერთმანეთთან ახდნენ კომუნიკაციას. "ეს ურთიერთობა არ არის. შვილებთან კომუნიკაცია ცალკე უნდა მოხდეს და ყველა სფეროს ეხებოდეს, იქნება ეს წიგნი, მუსიკა, სკოლა თუ სხვა.

შვილები მამებისგან სოციალურ მოდელებს იღებენ და მათ ემსგავსებიან.

მაგალითად, 5-7 წლის ბავშვს მამა ძალიან დიდი ზომის, ჭკვიან ადამიანად ეჩვენება, შემდეგ მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უჩნდება, მოგვიანებით შეიძლება იფიქროს, რომ მამამისზე ჭკვიანია, რა დროსაც ურთიერთობები რთულდება. თუ მამა და დედა ახერხებენ, რომ ეს პროცესი მართონ, მაშინ ისინი შვილისთვის ავტორიტეტები არიან. თუ მშობელი ამას ვერანაირად ვერ ახერხებს, მაშინ ახლო ურთიერთობებიც ვერ იქნება, სწორედ ამიტომაა საჭირო შვილთან თავიდანვე აქტიური კომუნიკაცია," - განმარტავს ფსიქოლოგი.

ზურაბ მხეიძის თქმით, მამა, რომელსაც შვილთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ავტორიტეტის მოპოვებას მხოლოდ ინტერესების გაზიარებითა და მოსმენით არ უნდა ცდილობდეს, ხანდახან რაღაცების აკრძალვა და სიმკაცრეც საჭიროა.

"შესაძლებელია, შეთანხმებების დადებაც, მაგალითად, თუ კარგად ისწავლის, რაიმე სურვილი რომ შეუსრულოთ, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი ამაზე უარი უთხრათ. ეს მის პიროვნებას არ აკნინებს და არც კომუნიკაციას აფუჭებს, პირიქით, ასეთი ქცევით მას პასუხისმგებლობის შეგრძნებას ვუჩენთ," - აღნიშნავს სპეციალისტი.

ავტორიტეტულმა მამებმა შვილებს არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ და თუ გამოცდილების გაზიარება არ სურთ, თავიანთი მოსაზრებები თავს არ უნდა მოახვიონ.

"მშობელი უნდა ეცადოს, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის ბავშვმა მიიღოს, მაშინ არც მისი პიროვნება შეილახება და ავტორიტეტიც მეტი ექნება.

გარდა ამისა, თუ შვილს შენი გამოცდილების შესახებ მოსმენა, არ სურს, ნუ დააძალებ, ეს მისი არჩევანია," - განმარტავს მხეიძე და დასძენს, რომ დედა შვილს უპირობოდ უყვარს, ხოლო მამამ მისი პატივისცემა და ნდობა თავისი ქცევებით უნდა მოიპოვოს, რისთვისაც ძალისხმევის დახარჯვა უწევს.

myquiz