შოთა პაკელიანი დაკავების დღეს დეტალურად იხსენებს | Allnews.Ge

შოთა პაკელიანი დაკავების დღეს დეტალურად იხსენებს

შოთა პაკელიანს იმედი აქვს, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, ისნის მე-7 განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც მას სცემდნენ, დაისჯებიან.

როგორც პაკელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს პირები არიან: ირაკლი ქიტოშვილი და გურამ კასრაძე.

"ზუსტად მახოვს, რომ ეს ორი პირი მცემდა. დანარჩენის მხრიდან ჩემზე შეხება არ მახსოვს. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა პაკელიანმა.

რაც შეეხება მომხდარს, პაკელიანი დაკავების დღეს დეტალურად იხსენებს.

"გამოვედი მეგობრის სახლიდან, ხელში მეჭირა ბიონარკოტიკი. გამოსვლისას დავინახე 2 პირი, რომელიც იდგა იქვე სადარბაზოსთან. მათი დანახვისთანავე გავიქეცი, რადგან პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიყავი. გავირბინე ცოტა მანძილი და გზაში ეს ნარკოტიკი მოვიხმარე, რა დროსაც წავიქეცი. ამ დროს ეს ორი პიროვნება მოვიდა და დამაკავა.

მიმიყვანეს განყოფილებაში, სადაც ჯიბეები გამიჩრიკეს, ვერაფერი ნახეს და გამაშიშვლეს.

დაახლოებით 15-20 წუთი მიმდინარეობდა ზეწოლა ჩემზე, რათა მეთქვა, რომ ნარკოტიკი მქონდა, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. ამის შემდეგ შემიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც როგორც აღმოჩნდა, კამერები საერთოდ არ იყო. მოიყვანეს სასწრაფო დახმარება, რადგან წაქცევის შედეგად მუხლი და იდაყვი მქონდა დაზიანებული, დამიმუშავეს ჭრილობები და წავიდა სასწრაფო. სასწრაფოს წასვლის შემდგომ, მოქმედება დაიწყო ჩემს მიერ მოხმარებულმა ნივთიერებამ და გავხდი ცუდად. მჭირდებოდა სასწრაფო დახმარება, სოდიანი წყალი უნდა დამელია და გამორეცხვა უნდა გამეკეთებინა.

მე თავად ვუთხარი, რა მჭირდებოდა. ამაზე მიპასუხეს, რომ ხელოვნურად ვქმნიდი პანიკას საზოგადოების შეყრის მიზნით და დაიწყეს ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. დაახლოებით ნახევარი საათი მცემდნენ. რამდენჯერმე გავითიშე. ამის შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კომატოზურ მდგომარეობაში გავატარე რამდენიმე დღე", - განაცხადა პაკელიანმა.

კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ისნის პოლიციას მის მიმართ, პაკელიანმა აღნიშნა, რომ "ზოგადად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან".

"პირობითი მსჯავრის ქვეშ ვიყავი, იგივე ნივთიერებასთან დაკავშირებით. საერთოდ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან კონკრეტუკლად ჩემს უბანში და ზოგადად თბილისში. ბევრი მსმენია ამის შესახებ. ვისაც პირობითი მსჯავრი აქვს, შედარებით ყურადღებით არიან.

საერთოდ, ამ განყოფილების თანამშრომლები ძალიან აგრესიით გამოირჩევიან ამ უბანში.

აგრესია კიდევ რბილი ნათქვამია. ახლა უკვე ახალ კადრებს ვხედავ და ახალი პირები არიან. მას შემდეგ, რაც ჩემი ინცინდენტი მოხდა, ისე ინტენსიურად აღარ დადიან, როგორც ადრე. ყველა ნაბიჯზე იყვნენ, დღე არ გადიოდა, რომ მანქანით არ შეგვემჩნია. განყოფილებაშიც ვიყავი ნივთების წამოსაღებად და ახლა ახალი სახეები შევამჩნიე", - აღნიშნა პაკელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება მე-7 განყოფილებაში შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ კი გარეშე პირების თანდასწრებით მისი გაშიშვლება.

myquiz