რა უნდა იცოდეს და რა არ უნდა გამოეპაროს მძღოლს ავარიის შემთხვევაში - რჩევები სპეციალისტებისგან | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეს და რა არ უნდა გამოეპაროს მძღოლს ავარიის შემთხვევაში - რჩევები სპეციალისტებისგან

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები იმდენად ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მისგან არავინაა დაზღვეული. ავარიისგან გამოწვეული ემოციები კი მძღოლზე იმდენად მოქმედებს, რომ შესაძლოა ავარიის შემდეგ ბევრი ფაქტორი გამოგვეპაროს, რის გამოც შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ პრობლემები გვექმნება. ეს განსაკუთრებით შედარებით ახალბედა მძღოლებს ეხება. 

რა არ უნდა გამოგვეპაროს და რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ავარიის შემთხვევაში?

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" დირექტორი ეკა ლალიაშვილი გირჩევთ, რომ თუკი, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არ გადაადგილოთ ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან, რადგან ეს დამატებით დაჯარიმებას გამოიწვევს, რაც 250 ლართან ერთად, მინუს 15 ქულაა.

გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ დაიმახსოვროთ მანქანის ნომრები. რადგან, ქართულ რეალობაში ხშირია, მიმალვის ან საერთოდ "გადაგდების" მაგალითები. მსგავსი შემთხვევისგან თავი დაიზღვიეთ. ასეთ დროს, ან ფოტო გადაუღეთ ავტომობილს ან სასწრაფოდ ჩაინიშნეთ ნომრები.

საადვოკატო ბიურო OK & CG-ისადვოკატის, ანა გორდეზიანის განცხადებით კი, მოქალაქემ მნიშვნელოვანია 2 ფაქტორი გაითვალისწინოს, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი პრობლემები.

"პირველი, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი ფორმდება, მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს ოქმი და თავი არ ცნოს ბრალეულად. შესაბამისად, სასამართლოში შეგიძლია იდავოთ აღნიშნულ საკითხზე და იქმნება იმის ალბათობაც, რომ შესაძლოა, ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ მოგიწიოთ"

მეორე ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დგება მაშინ, როდესაც პირი ბრალეულობას ცნობს, მაგრამ ზიანის ოდენობას არ ეთანხმება.

"როგორც წესი, თუ მანქანა დაზღვეულია, სადაზღვევო კომპანია თავის კალკულაციას ადგენს, სადაც უმეტეს შემთხვევაში გაზრდილი თანხა აქვს მითითებული. სადაზღვევო კომპანია დომინანტური კომპანიებისგან ყიდულობს მანქანის ნაწილებს, რაც საბაზრო ღირებულებას ბევრად აღემატება. გაზრდილი კალკულაცია კი მოთხოვნის სახით ბრალეულ მხარეს წარედგინება, იმისათვის რომ ზიანი აანაზღუროს. ამ შემთხვევისთვის აუცილებელია ალტერნეტიული ექსპეტიზის დასკვნის არსებობა, რაც მოქალაქეს ზედმეტი ხარჯის გაღებისგან დაიცავს." - განაცხადა ანა გორდეზიანმა.

ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური ესპერტიზა იქნება თქვენი მტკიცებულება იმისა, რომ ზარალის რეალური ღირებულება აანაზღაუროთ.

 

ნარიტა ჩხაიძე

 

myquiz