10 დღე მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედებამდე - რა უნდა ვიცოდეთ? | Allnews.Ge

10 დღე მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედებამდე - რა უნდა ვიცოდეთ?

გამკაცრებული წესები და გაზრდილი ჯარიმები - 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. თითოეულ სამართალდარღვევაზე მძღოლს ფულადი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მართვის მოწმობის 100 ქულიდან გარკვეული რაოდენობაც ჩამოეჭრება. სამართალდარღვევებზე მინიჭებული ქულების რაოდენობა უკვე ცნობილია. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 100 ქულა ამოიწურა?

მძღოლს მეორე დღესვე შეეძლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და 100 ქულიანი მართვის მოწმობის ხელახლა აღება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაწყებული, ყოველი წლის 1-ელ იანვარს კი დარჩენილი ქულები განულდება და მძღოლებს ახალი 100 ქულა დაერიცხებათ.

"ახალი კანონმდებლობით მძღოლს რჩება ალტერნატივა ჩააბაროს გამოცდა თუ დაელოდოს 1-ელ იანვარს, რომ ქულები დაერიცხოს. ამ საკითხის განხილვის დროს გავითვალისწინეთ ის კატეგორია, რომლისთვისაც მძღოლობა პროფესიული საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ნებადართულია, 100 ქულის ამოწურვისთანავე გამოცდის ჩაბარება და ავტომობლის მართვის უფლების ხელახლა მიღება," - განმარტავს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

100 ქულის ამოწურვის შემდეგ გამოცდების ჩასაბარებლად გარკვეული გადასახადი არ იქნება. გამოცდების ჩაბარება სტანდარტული წესების დაცვით მოხდება.

რა ბედი ეწევათ გაზზე გადაყვანილ ავტომობილებს 100 ქულიანი სისტემის შემოღების შემდეგ?

1-ელი ივლისიდან გამკაცრდება წესები ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზეც. მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდება 1 წლით.

თუმცა 3 თვის შემდეგ შემდეგ მართვის მოწმობა ჩამორთმეულ ადამიანს შეეძლება გამოცდის ხელახლა ჩაბარება.

კიდევ ერთი ალტერნატივაა 1000 ლარის გადახდა და შსს მინისტრის სახელზე შეწყალების განცხადების დაწერა. თუ შეწყალება მოხდა, აღნიშნული ოდენობის თანხას გადაიხდის დაჯარიმებული და მას მართვის მოწმობა აღუდგება. ძველი კანონმდებლობით გამოცდის ჩასაბარებლად 3 თვე ლოდინი არ იყო საჭირო. შეწყალების ჯარიმა კი 700 ლარს შეადგენდა.

"ნასვამობასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდა, თუმცა ესეც არაა საკმარისი. დასავლურ ქვეყნებში კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. 6 თვიანი და 1 წლიანი ჩამორთმევა კი არა, რიგ შემთხვევაში 10 წლითაც კი ართმევენ მართვის მოწმობას. შეიძლება რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც კი დაწესდეს. ეს საზოგადოების დამოკიდებულებისა და მიდგომის შესაცვლელად, პრობლემის უკეთესად გასააზრებლადაა საჭირო," - ამბობს ლალიაშვილი.

მისივე განმარტებით, კიდევ უფრო გასამკაცრებელია ბავშვების გადაადგილების წესები. 3 წლამდე ბავშვისთვის ცალსახა ვალდებულება უნდა იყოს სპეციალური სავარძელი. ასევე, ჩამოსაყალიბებელია 12 წლამდე ბავშვების გადაადგილებასთან დაკავშირებული წესები.

რა წესები უნდა დავიცვათ ბავშვის ავტომობილით გადაადგილებისას

"ზოგადად, შსს-მ ძალიან დიდი შრომა გასწია ამ მიმართულებით და ახლა მთავარია, როგორ მოხდება მისი აღსრულება. პოლიციის მზაობა შეინიშნება და ვიმედოვნებ, რომ მართლაც მივაღწევთ გარკვეულ წესრიგს საავტომობილო მოძრაობაში. შსს-ს მიერ გაწული შრომა სწორი ადმინისტრირებით უნდა დაფასდეს და გაგრძელდეს. მაგალითად, ქვეითებთან მიმართებაში არსებობდა წესები, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდებოდა. ახლა ფულად ჯარიმას ქულებიც დაემატა და იმედი მაქვს, მძღოლები უფრო ყურადღებით იქნებიან ზებრა გადასასვლელებთან და ქვეითების უფლებებს არ დაარღვევენ," -ამბობს ლალიაშვილი.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივაც.

 

ნანა მღებრიშვილი

myquiz