მოგზაურობა ვიზალიბერალიზაციის პირობებში: როგორია უკან გამობრუნებულთა სტატისტიკა | Allnews.Ge

მოგზაურობა ვიზალიბერალიზაციის პირობებში: როგორია უკან გამობრუნებულთა სტატისტიკა

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, რუტინული საქმიანობის მიტოვება და მოგზაურობის დაწყების სურვილი მოსვენებას სულ უფრო მეტად გვიკარგავს. ბევრ ჩვენგანს სხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის, საკვებისა და ხელოვნების ნიმუშების ნახვა და საკუთარ თავზე განცდა სურს. არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჩვენი მიზნის თუ ოცნების ასასრულებლად ვიზის მიღების ბიუროკრატიული საფეხურები უნდა გაგველო, ამის შემდეგ კი, საელჩოდან მოსულ დადებით ან უარყოფით პასუხს დავლოდებოდით.

28 მარტის შემდეგ, ეს ვითარება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და თანაც კარდინალურად შეიცვალა. ახლა ვიზების აღება და საელჩოდან პასუხის ლოდინიც აღარ გვიწევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში მოხვედრის ყველა მსურველს უპირობოდ აკმაყოფილებენ. ამის დასტურად შინაგან საქმეთა სამინისტროს Allnews.ge-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 28 მარტიდან 14 ივნისის ჩათვლით, შენგენის ზონაში საქართველოს 96 მოქალაქე არ შეუშვეს.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი საბერძნეთისა და იტალიის საზღვრებიდან გამოაბრუნეს და ჯამში ამ ქვეყნებში მოხვედრის მსურველი 34 ადამიანი არ დააკმაყოფილეს. საბერძნეთისა და იტალიის შემდეგ, შეშვებაზე უარის თქმის სიხშირით პოლონეთი, კვიპროსი და გერმანია ლიდერობენ, 16, 14 და 10 შემთხვევით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, შესვლაზე უარის თქმის ძირითად მიზეზად, ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრი ქვეყნებიდან დეპორტაცია სახელდება.

საქართველოს მოქალაქეების უკან გამობრუნების თითო შემთხვევა ფიქსირდება ლიტვაში, ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში მოხვედრის მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე იგივე მაჩვენებელი შვედეთისა და შვეიცარიის შემთხვევაში.

საზღვრის კვეთის უფლება 18 მოქალაქეს არ მისცეს ბელგიამ, ნიდერლანდებმა და უნგრეთმაც.

შეიძლება ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების მომენტიდან დღემდე, შენგენის ზონაში შეშვებაზე უარით გაწბილებული ადამიანების რაოდენობა არც ისე საგანგაშოა, თუმცა ამ რიცხვის ზრდას, სასურველია მოვერიდოთ, თუ გვსურს, რომ ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობა ვიზის გარეშე კვლავაც შევძლოთ. ამის თქმის საფუძველს კი გასული წლის ზამთარში მიღებული ე.წ შეჩერების მექანიზმი გვაძლევს. "შეჩერების მექანიზმით მკაფიოდ გაწერილ პუნქტებს შორის, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ვიზალიბერალიზაცია ხარვეზების აღმოფხვრამდე შეგვიჩერდება, ევროკავშირის წვერი ქვეყნების საზღვრებიდან უარით გამოსტუმრებული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი მატებაცაა.

უვიზო რეჟიმი შეგვიჩერდება იმ შემთხვევებშიც თუ:

1. გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ.

2. უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება.

3. ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (მიგრანტთა დაბრუნებაზე).

4. ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.

უკანასკნელი პუნქტი ორი დღის წინ საბერძნეთში მცხოვრებმა ორმა საქართველოს მოქალაქემ "დააკმაყოფილა", რომლებმაც ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ კანონი დარღვიეს. პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას 37 აბი ნარკოტიკული ნივთიერება და მცირე რაოდენობთ მეტამფიტამინი აღმოაჩინეს.

myquiz