მარიხუანას მოხმარება სპერმატოზოიდების შემცირებას იწვევს - "ქართული ოცნების" დეპუტატი | Allnews.Ge

მარიხუანას მოხმარება სპერმატოზოიდების შემცირებას იწვევს - "ქართული ოცნების" დეპუტატი

მარიხუანას მოხმარება მამაკაცებში ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდების როგორც ხარისხობრივ, ასევე რაოდენობრივ შემცირებას იწვევს, რაც იმპოტენციითა და უნაყოფობით სრულდება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ქართული ოცნების" დეპუტატმა კობა ნაკაიძემ გააკეთა, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო პროექტით მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით განსაზღვრულ ახალ ოდენობებს მხარს არ უჭერს.

დეპუტატმა მარიხუანას მოხმარების შედეგად გამოწვეულ პრობლემებს შორის ასევე დაასახელა პერიფერიული არტერიების შევიწროვებით დამდგარი ინსულტები, ფსიქოზებისა და შიზოფრენიის განვითარების რისკი. მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარება საშიშია ორსული და მეძუძური ქალებისათვისაც.

"მაშინ, როცა არასახარბიელო მდგომარეობა გაგვაჩნია დემოგრაფიის კუთხით, ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი დაფიქრება გვჭირდება", - განაცხადა კობა ნაკაიძემ, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად, პოლიტიკის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგი არ არის.

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 250 გრამის ნაცვლად, 1000 გრამის ოდენობით.

რაც შეეხება მარიხუანას, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამის, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. აღნიშნული ნივთიერებების მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. ასევე, არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობების მაჩვენებელი.

ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსში", "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა.

myquiz