ავტომობილების ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიდება | Allnews.Ge

ავტომობილების ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიდება

ავტომობილების ტენიკური დათვალიერება, სავარაუდოდ, ერთი წლით გადაიწევს. არც მოსახლეობისთვის და არც სპეციალისტებისთვის არაფერი არ არის ცნობილი იმ მასშტაბური პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც წესითა და რიგით 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შვეიცარიული კომპანია ეხმარება, ტექდათვალიერების საკითხი 2019 წლის გეგმაში გადაინაცვლებს.

ავტომობილების სავალდებულო ინსპექტირების ვადა ოფიციალურად ჯერ არ შეცვლილა. თარიღი იგივეა - 2018 წლის პირველი იანვარი. არადა, შეუძლებელია, ამ დროში ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება, რადგან წინ უამრავი მოუგვარებელი საკითხია, რომელსაც, დროის სიმცირის გამო, უკვე ვერავინ დაარეგულირებს. გაზეთმა "რეზონანსმა" სპეციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა გაერკვია, მოესწრება თუ არა პროგრამის ამოქმედება დადგენილ ვადებში, მაგრამ ტრადიციულად პასუხი ვერ მიიღო.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი ვასო ურუშაძე კი ამბობს, რომ სპეციალისტებისთვისაც უცნობია, რა ნაბიჯები იდგმება სავალდებულო ინსპექტირების კუთხით. მისი აზრით, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ ტექდათვალიერების საკითხი კიდევ არ გაჭიანურდეს.

"საქართველოს მთავრობამ შემოიყვანა საერთაშორისო დონის შვეიცარიული კომპანია, რომელიც ატარებს კვლევას, თუ რა მდგომარეობაა ავტოპარკისა და ტექნიკური ცენტრების გამართულობის კუთხით. ჯერ დასკვნა არ გამოუქვეყნებიათ და არ ვიცით, რა მდგომარეობაა საქართველოში ან რა სტრატეგია უნდა გააჩნდეს მთავრობას ამა თუ იმ საკითხზე. ვფიქრობ, 2018 წლის 1-ლი იანვარი არ არის რეალური თარიღი, შეუძლებელია, 6 თვის შემდეგ ამოქმედდეს ტექნიკური დათვალიერება.

აუცილებელია, შვეიცარიულმა კომპანიამ გამოაქვეყნოს ის სტანდარტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების ინსპექტირების საკითხი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი პოზიცია ბოლომდე იქნება გაზიარებული, აქტიურად უნდა ჩაერთოს საკითხის განხილვაში არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება, მედიის მეშვეობით. უნდა გაირკვეს, ახალი სტანდარტი პასუხობს თუ არა იმ მიზნებს, რა მიზანიც აქვს ტექდათვალიერებას. უნდა დადგინდეს, გამოსწორდება თუ არა ეკოლოგიური მდგომარეობა, შემცირდება თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და ზოგადად რამდენად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტი ქვეყანაში.

ეს ყვლაფერი საკმაოდ დიდ შრომასთანაა დაკავშირებული და დიდი დროც სჭირდება. მის განსახორციელებლად 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ვფიქრობ, დროში ვერ ჩაეტევიან", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.

ავტოინსპექტირების საკითხში სახელმწიფოს მხრიდან მეტ გამჭვირვალობას ელოდება ალიანსის "უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი. მისი თქმით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების კუთხით მზადება შეინიშნება კერძო სექტორში, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ არაფერია. ეს ეჭვს აჩენს, რომ დათქმულ ვადაში ტექდათვალიერება ვერ ამოქმედდება.

"შვეიცარიული კომპანია აწარმოებს კვლევას და ითვლის, რამდენად მზად არიან ცენტრები სტრუქტურულად, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით და ა. შ. პირველადი დოკუმენტი 31 მაისს უკვე მზად იყო, თუმცა არ არის გასაჯაროებული. უმცირესი დროა დარჩენილი ტექნიკურ დათვალიერებამდე და ჩვენთვის ყველაფერი ცნობილი უნდა იყოს.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ტექნიკური ინსპექტირების ორგანოებისგან, რომლებიც 26-ია საქართველოს მასშტაბით. მათ გააკეთეს ელექტრონული ბაზა, შეიქმნა ასოციაცია. ამ მხრივ მზადყოფნა შეინიშნება. აღსრულების მიმართულებით, მაგალითად, საპატრულო პოლიცია რას აკეთებს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ეს ეჭვს ბადებს, რომ ვადებში ვერ ჩაეტევიან და დათვალიერების პროცესი გადაიდება.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რომ აღსრულება იყოს გაადვილებული და პატრული მანქანებს არ აჩერებდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის დონეზე. მათ ბაზაში უნდა ჰქონდეთ იმ ავტომობილების ნომრები, რომლებმაც გაიარეს ან არ გაიარეს ტექნიკური დათვალიერება", - განუცხადა "რეზონანსს" ლალიაშვილმა.

ავტოინსპექტირების თარიღის გადადებაზე არ საუბრობენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი 2 თვის წინათ აცხადებდა, რომ ავტომანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის დაწყებამდე ამოქმედდება და იმ დროისთვის გახდება ცნობილი, როგორი სახის ცვლილებები შევა ძალაში.

"ამაზე ეკონომიკის სამინისტრო პროექტების მომზადების ეტაპზეა. როგორც ვიცი, კანონით გადავადებულია. 2018 წლის დასაწყისამდე დაველოდოთ ეკონომიკის სამინისტროს და ამ ვადამდე გვეცოდინება, თუ რა ტიპის დათვალიერება იქნება, ვინ გააკეთებს და როგორი ფორმით. ჩვენ ამაზე არ ვართ პასუხისმგებელი, თუმცა ჩართული ვართ პროცესში. გააჩნია, როგორი ტექდათვალიერება იქნება, შეიძლება, ეს იყოს ეტაპობრივი", - განაცხადა ხუციშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ავტოინსპექტირების ამოქმედებამდე სულ რაღაც 6 თვე რჩება, საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რა სახის ცვლილებები შევა ძალაში, როდიდან მოუწევთ მანქანების ინსპექტირება ან სად განთავსდება ცენტრები, სადაც შეეძლებათ ავტომობილების ტექდათვალიერება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დღე-დღეზე ცნობილი უნდა იყოს, ეკონომიკის სამინისტროს არანაირი პასუხი არ აქვს.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz