რომელი დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი სისხლის საერთო ანალიზით | Allnews.Ge

რომელი დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი სისხლის საერთო ანალიზით

სხვადასხვა სახის ანემია, ბაქტერიული და არაბაქტერიული ანთებითი პროცესები, ვირუსული, ინფექციური, ონკოლოგიური, სისტემური, რევმატიული, რესპირატორული და ენდოკრინული დაავადებები - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლის ნიშნების აღმოჩენა სისხლის საერთო ანალიზს შეუძლია. რაც შეეხება პროცედურებს, დღეს სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის საერთო ანალიზის უზმოდ გაკეთება მოთხოვნა აღარ არის, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მაჩვენებლების შესწავლა გამარტივდა.

თერაპევტ სოფო ჩხეიძის თქმით, სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტებზე, თრომბოციტებსა და ერითროციტებზე დაკვირვება ხდება, რომელთა მეშვეობითაც ჩამოთვლილი დაავადებების ნიშნები გამოვლინდება. კერძოდ, ლეიკოციტების, ანუ სისხლის თეთრი უჯრედების გამოკვლევის შედეგად, მისი მომატების ტენდენციას აკვირდებიან, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე მიუთითებს.

"ალერგიული ფონის, ასევე ჭიების იმნაზიის შემთხვევაში, ლეიკოციტების მაჩვენებელი მომატებული გვაქვს.

ცხადია, დიაგნოზის დასასმელად მხოლოდ ეს კრიტერიუმი არ კმარა, თუმცა ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია," - განმარტავს ის.

მედიკოსის თქმით, დიდი მნიშვნელობა ერითროციტების დალექვის სიჩქარესაც ენიჭება, რომელიც სისხლის საერთო ანალიზში მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

"ერითროციტების დალექვის მომატებული სიჩქარე მიგვითითებს, რომ ყურადღება ინკოლოგიურ და რევმატიულ ანუ სახსრებთან დაკავშირებულ დაავადებებზე უნდა გავამახვილოთ. გარდა ამისა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე ნებისმიერი ინფექციური დაავადებების დროსაა აჩქარებული," - აღნიშნავს სოფო ჩხეიძე და დასძენს, რომ კიდევ ერთ კომპონენტზე, თრომბოციტებზე დაკვირვებისას, ინფორმაციას სისხლის შედედების პარამეტრის შესახებ ვიღებთ.

მედიკოსი გვირჩევს, რომ სისხლის საერთო ანალიზი ყოველთვიურად ჩავიტაროთ, რათა ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ვაკონტროლოთ და ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, მისი გამწვავება ავირიდოთ თავიდან.

სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სამედიცინო პროცედურაა და მისი ღირებულება კლინიკებში საშუალოდ, 15 ლარია.

მარიამ მენაბდიშვილი

 

myquiz