მარიამ ჯაში - მოსწავლეები იმსახურებენ გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობას | Allnews.Ge

მარიამ ჯაში - მოსწავლეები იმსახურებენ გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობას

ვფიქრობ, მოსწავლეები იმსახურებენ გამოცდების ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობას, ამიტომ, მომდევნო წლისთვის, აუცილებლად გავაგრძელებ ამ საკითხზე მუშაობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.

საუბარია დეპუტატის ინიციატივაზე, რომელიც საატესტატო გამოცდების გადაბარების შანსს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ეს აპრობირებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პოზიციები არ ჯერდება, მას განათლების მინისტრისგან აქვს პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს აუცილებლად განიხილავენ.

"მინისტრის პოზიცია ჩემთვის პირველივე დღიდან ცნობილი იყო. მას აქვს თავისი არგუმენტები. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ბატონი სანდროს არგუმენტებს, თუმცა, მე ვფიქრობ, ჩემი შემოთავაზება არა კომპრომისს ახდენს ხარისხის, არამედ, ეს არის პროცესის ჰუმანიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი. ბუნებრივია, ეს არ არის რადიკალური რეფორმა, აბსოლუტურად შორს ვარ იმისგან, რომ ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი. საუბარია განმეორებითი შანსის მიცემაზე, რადგან თუკი ჩვენ, მე-12 კლასამდე წარმატებით მიგვყავს ბავშვი და თუკი გვაქვს მეორე მხრივ არგუმენტი, რომ 10-ის ფარგლებში მიმატება/გამოკლების დონის ამოცანებს ვერ ხსნიან საატესტატო გამოცდაში, მაშინ, კითხვას ვსვამთ, როგორ მივიდა ბავშვი მე-12 კლასამდე წარმატებით? მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პოზიციები არ ჯერდება, მე მაქვს განათლების მინისტრის მხრიდან პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად დამატებით განვიხილავთ ამ საკითხს და მომდევნო წლისთვის,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, როგორც საგამოცდო სისტემების დახვეწის შესაძლებლობას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატის განმარტებით, მისი ინიციატივის თანახმად, საატესტატო გამოცდის გადაბარების შესაძლებლობა, აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს.

"მე მარტივ შედარებას ვაკეთებ ხოლმე. თუკი მართვის მოწმობის შემთხვევაში, რომელიც სიცოცხლის რისკს, გაცილებით მაღალ რისკს უკავშირდება, ჩვენ ვაძლევთ ყოველ კვირეულ რეჟიმში პრაქტიკულად მრავლობითი გადაბარების საშუალებას, ვფიქრობ, მოსწავლეები იმსახურებენ ხელმეორედ გადაბარების შესაძლებლობას, ამიტომ, მომდევნო წლისთვის მე აუცილებლად გავაგრძელებ ამაზე მუშაობას. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი ქვეყნის მაგალითს შევისწავლი და უფრო მეტი არგუმენტებით დავიწყებთ ფიქრს, კონკრეტულად ამ თემაზე და სხვა ბევრ საკითხზე, რომელიც ჩვენს განათლების სისტემას ეხება. თუკი მოსწავლეებს ხელმეორე შესაძლებლობას მივცემთ, ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, ეს ნამდვილად არანაირად არ იმოქმედებს ხარისხის პარამეტრებზე. აქ საუბარი არ არის კომპრომისზე და ბარიერის დაწევაზე, ეს არის უბრალო შესძლებლობა, რომ რეალურად დადასტურდეს ცოდნის დონე", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

myquiz