გიორგი მამალაძის ოჯახი ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრაზე უარს ამბობს | Allnews.Ge

გიორგი მამალაძის ოჯახი ადვოკატების გარეშე პატრიარქთან შეხვედრაზე უარს ამბობს

არ სურთ პატრიარქმა სიმართლე გაიგოს, ამიტომაც ადვოკატებთან ერთად პატრიარქთან შეხვედრაზე უარი გვითხრეს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, მას არ სურს პატრიარქთან შეხვედრას მხოლოდ დალოცვის ფორმა ჰქონდეს და მის კითხვებს პასუხები ვერ გასცეს, ამიტომაც, ამ ეტაპზე, ადვოკატების გარეშე უწმინდესთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

"წინა კვირას მოვითხოვე პატრიარქთან შეხვედრა, ოჯახს ერთ-ერთმა მამაომ გვიშუამდგომლა. დავუკონკრეტე, რომ პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად მინდოდა. თავდაპირველად დამთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ ადვოკატები რატომღაც დაბლოკეს და გამაგებინეს, რომ შეხვედრაზე ადვოკატები არ დაიშვებოდნენ.

რა თქმა უნდა, პატრიარქთან შეხვედრა ყველა ადამიანისთვის ბედნიერებაა, მაგრამ მხოლოდ დალოცვის ფორმა რომ არ ჰქონოდა ამ შეხვედრას, მე განვაცხადე შეხვედრაზე უარი. პატრიარქს კითხვები რომ გასჩენოდა დეკანოზის საქმეზე, მე ვერ გავცემდი პასუხებს გამომდინარე იქედან, რომ ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა აქვთ და საქმის დეტალები ამიტომაც არ ვიცი.

ადვოკატების შესვლა რატომღაც არ უნდათ. პატრიარქთან მისასვლელი ბარიერი რომ უნდა გადავლახოთ, იმ ხალხს არ სურს ჩვენი პატრიარქთან შესვლა, იმიტომ, რომ არ სურთ პატრიარქმა სიმართლე გაიგოს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ამასთან, თორნიკე მამალაძის მტკიცებით, პატრიარქს დეკანოზის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა, თუმცა ადვოკატებმა მასთან შეხვედრა ვეღარ მოახერხეს.

"როცა პატრიარქი გერმანიიდან ჩამობრძანდა, ადვოკატებს შეხვდა. მათ გააცნეს ყველაფერი, რაც იმ დროისთვის იცოდნენ. პატრიარქმა დაუდასტურა, რომ მამა გიორგის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარებოდა. იმ დღიდან დღემდე, არაერთხელ მოვითხოვეთ პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატებთან ერთად, მაგრამ ყოველთვის უარყოფითი პასუხი გვქონდა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ ბლოკავს ადვოკატებთან ერთად ოჯახის შეხვედრას საპატრიარქოში.

myquiz