სოზარ სუბარი - სანამ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, ექსტრადირება ვერ მოხდება | Allnews.Ge

სოზარ სუბარი - სანამ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, ექსტრადირება ვერ მოხდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია.

როგორც სუბარმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამინისტრო შეისწავლის მასალებს და ამ მასალების საფუძველზე მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

"ჩვენ განცხადებით მოგვმართეს. როგორც კი მოგვმართავს მოქალაქე, ავტომატურად იწყება საკითხის შესწავლა. ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ექსტრადირების შეჩერებას, საექსტრადიციო პატიმრობა თავისთავად არ ნიშნავს ექსტრადირებას. პროკურატურა გამოითხოვს საბუთებს, საიდანაც არის მოთხოვნა და მხოლოდ ამ საბუთების მიღების და შესწავლის შემდეგ ხდება ექსტრადირება. ჩვენთვისაც პროცედურები იგივეა. ვსწავლობთ მასალებს და ამ მასალების საფუძველზე ვიღებთ სამართლებრივ და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს მასალები, რომ ჩაბუქის მიმართ საერთაშორისო კონვენციაა დარღვეული.

"როდესაც ადამიანი დაკავებული არ არის, ზოგადად განხილვის ვადა 24 თვემდეც შეიძლება იყოს. როდესაც ადამიანი დაკავებულია, ეს ვადები, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია. ჯერ მტკიცებულებებიც არ გვაქვს, თვითონ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საბუთები, რომ ის სწორედ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე იდევნება და მის წინააღმდეგ არის არა სამართლებრივი დევნა, არამედ კონვენციით გათვალისწინებული რაიმე საფუძველია დარღვეული", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის განმარტებით, იმ პერიოდში როდესაც სტატუსის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, პირის ექსტრადირება ვერ მოხდება. სუბარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო ლტოლვილის სტატუსი, მისი ექსტრადირება აღარ მოხდება.

"დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დაწყებულია მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის საქართველოს მიერ სტატუსის მინიჭების საქმის წარმოება, რაც ექსტრადირებას ავტომატურად კრძალავს.

თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ბრალი მას თურქეთში აქვს წაყენებული და ქართველმა სამართალდამცველებმა ჩაბუქი თურქული პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მას თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

myquiz