ავტომობილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა | Allnews.Ge

ავტომობილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობამ და მისი შეძენის მსურველთა რიცხვმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა, ამის მიზეზი მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ეკონომიურობაა.

Allnews.ge დაინტერესდა რომელი ჰიბრიდული ავტომობილია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი დღესდღეობით და რა ფასებს გვთავაზობენ ავტოდილერები, რისთვისაც რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით.

რა უპირატესობა აქვს და რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი

აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდული ავტომობილებიდან საქართველოში ყველაზე პოპულარული მოდელებია:

1. Toyota Prius - იაპონური ბრენდის ჰიბრიდი, საქართველოში ამ ტიპის ავტომობილებში გაყიდვების ლიდერია. დილერების განმარტებით, მომხმარებლები 2007-2011 წლის გამოშვებებს აქტიურად იძენენ. ამასთან, ავტოდილერები ამბობენ, რომ 2007 წლის Prius-ის შეძენა განბაჟების გათვალისწინებით 4 000$-დან შესაძლებელია. შედარებით კარგი მონაცემების მქონე Prius-ს კი, რომელიც დაახლოებით 2010 წელსაა გამოშვებული, 6 000$-ად შეიძენთ.

რაც შეეხება მონაცემებს, ქალაქის პირობებში ავტომობილი დაახლოებით 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ავტოიმპორტიორი კომპანიების ინფორმაციით, ახალმა რეგულაციამ, რომელიც 2011 წელს და შემდეგ გამოშვებული ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების 60%-ით შემცირებას გულისხმობს, Toyota Prius-ზე მოთხოვნა გაზარდა, რადგან თუ 2010 წელს გამოშვებული ავტომობილის განბაჟება დაახლოებით 700$-ია, 2011 წლის მოდელს დაახლოებით 300$-ად განაბაჟებთ.

2. Honda Insight- საქართველოში მოთხოვნადი ამ ბრენდის 2011-2012 წლის მოდელებია, რომელთა ღირებულებაც, ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, 4 000$-ია, რომელშიც განბაჟების საფასურიც შედის.

აღნიშნული მოდელის წარმოება Honda-მ 2009 წელს დაიწყო, მისი რეალიზაცია 2010 წლიდან ხორციელდება.

საქართველოში კი, ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, მოთხოვნადი 2011-2012 წლის მოდელებია, რომელთა ღირებულებაც ადგილზე დაახლოებით 5 000$-ია, თუმცა მომხმარებლები, კომპანიების განმარტებით, ძირითადად, უცხოეთიდან შემოყვანას ამჯობინებენ. ეს ავტომობილი 100 კილომეტრზე დაახლოებით 1,5 ლიტრ საწვავს საჭიროებს.

3. Honda Civic - ამ ბრენდის კიდევ ერთი ავტომობილი, ჰიბრიდებში გაყიდვების ლიდერია, რადგან ავტოიმპორტიორთა თქმით, ხელმისაწვდომი და ეკონომიურია.

2007 წლის Honda Civic-ს (ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამ წელს გამოშვებულ მოდელშია), დაახლოებით 3 000$-დ შეიძენთ. აღნიშნული მოდელი 100 კილომეტრზე დაახლოებით, 4 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

2009-2010 წლის მოდელები კი განახლებულია, შესაბამისად, ძრავიც გაუმჯობესებული აქვს და ფასიც მაღალია.

4. Toyota Camry გამოკითხვის თანახმად გაყიდვებით მეოთხე ადგილზეა, რადგან მისი ღირებულება შედარებით მაღალია. კომპანიების ინფორმაციით, 2007-2009 წელს გამოშვებული ავტომობილების ფასი განბაჟების გათვალისწინებით დაახლოებით 6 500$-ია, ხოლო 2010-2011 წლების მოდელებს 7 500$-ად შეიძენთ.

ავტოიმპორტიორთა განმარტებით, Prius-ი Camry-ზე ეკონომიურია,

რადგან თუ პირველი მათგანი ქალაქის პირობებში 100 კილომეტზე 4 ლიტრს დაგიწვავთ, Camry-ს ამავე მანძილზე 2-3 ლიტრით მეტი ესაჭიროება.

ავტოდილერების თქმით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ ამერიკულ და გერმანულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მომხმარებელს ჰიბრიდული და ელექტრომობილების შეძენის სტიმული მისცა.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz