სპეციალისტების 10 რჩევა აბიტურიენტებს | Allnews.Ge

სპეციალისტების 10 რჩევა აბიტურიენტებს

სკოლის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტებს წინ ერთიანი ეროვნული გამოცდები ელოდებათ. შესაბამისად, ისინი გაორმაგებული ძალებით ემზადებიან, რაც ხანდახან გადაღლასა და სტრესს იწვევს.

იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები სტრესისა და სირთულეების გარეშე ჩააბაროთ და სასურველი შედეგები მიიღოთ, განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია და თერაპევტი სოფო ჩხეიძე რამდენიმე რჩევას გაძლევენ:

იკვებეთ მსუბუქად

თერაპევტის თქმით, სწორად კვება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე გონებრივ დატვირთვასთან გვაქვს, შესაბამისად, გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასურველია, ბოსტნეულით, ხილით იკვებოთ და ბევრი სითხე მიიღოთ.

"თუ აბიტურიენტი დილის ნაკადშია, უმჯობესია, მსუბუქად ისაუზმოს, თუმცა ზოგიერთი მათგანი დღის ამ პერიოდში კვებას მიუჩვეველია, შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია, ამ მხრივ კომფორტს როგორ შეიქმნის. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ გამოცდამდე სითხის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს კოფეინი თუ წყალი, რადგან ისინი გამოცოცხლებასა და ენერგიის მიღებაში გვეხმარება," - აღნიშნავს თერაპევტი და დასძენს, რომ უმჯობესი იქნება, თუ "მძიმე" კერძებისგან (მაგალითად, ხაჭაპური, ლობიანი) და სწრაფი კვების პროდუქტებისგან თავს შევიკავებთ, რათა ორგანიზმი ზედმეტად არ დავტვირთოთ.

თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან

გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე და განსაკუთრებით წინა დღეს, ალკოჰოლურ სასმელს ნუ მიიღებთ, რადგან ორგანიზმი დაიტვირთება და დისკომფორტის გამო, გონებრივ მუშაობაში შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ.

"ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან გონების ფუნქციონირებაზე ის პირდაპირ იმოქმედებს და შესაძლოა, აბიტურიენტებს საგამოცდო განწყობაც აღარ ჰქონდეთ," - დასძენს თერაპევტი.

ფიზიკური დატვირთვა

თუ ვარჯიშს ვერ ასწრებთ და არც ცურავთ, სოფო ჩხეიძის თქმით, არამხოლოდ გამოცდების წინ, არამედ აბიტურიენტობის პერიოდში, ფეხით სიარული და სეირნობა განტვირთვაში ძალაინ დაგეხმარებათ.

"თუ აბიტურიენტი ფიზიკურ აქტივობას ასწრებს და დროის სწორად გადანაწილებას ახერხებს, ემოციურად განიტვირთება კიდეც.

თუ მას ბევრი დრო არ აქვს, შეუძლია რამდენიმე დღის განმავლობაში ცურვით დაკავდეს, რაც მას გააჯანსაღებს. რეკომენდებულია ტრენაჟორებით ვარჯიშიც. ეს ყველაფერი გამოცდის წინა პერიოდში კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვანია," - გვირჩევს თერაპევტი.

ძილისთვის დრო ყოველთვის დაიტოვეთ

ძილის მოწესრიგება გამოცდების შედეგებზე ზეგავლენას პირდაპირ ახდენს. თერაპევტის თქმით, გვიან ღამემდე მეცადინეობას, სჯობს დაიძინოთ და დილით რამდენიმე საათით ადრე გაიღვიძოთ. უკეთესია, თუ გამოცდის წინა დღეებშიც გამოიძინებთ.

 

სტრესი

გამოცდები სტრესს უკავშირდება, მიუხედავად თავდაჯერებულობისა, ყველა ჩვენგანი ნერვიულობს, ხანდახან კი მხოლოდ სეირნობა და ძილი არ გვშველის.

"ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ხელშეწყობა, გამხნევება".

თავდაპირველად მარტივი დავალებები შეასრულეთ

განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია გირჩევთ, როდესაც საგამოცდო ტესტს მიიღებთ, გადახედეთ და რაც მარტივად მოგეჩვენებათ, თავდაპირველად, ის შეასრულოთ, შესაბამისად, შედარებით რთული დავალებებისთვის მეტი დრო დაგრჩებათ.

"ტესტის კეთებისას თუ რაღაც საკითხი გვიჭირს, გადავიდეთ ისეთზე, რაც უფრო მარტივად გვეჩვენება და თუ ტესტის ფორმატი ამის საშუალებას გვაძლევს, შემდეგ დავუბრუნდეთ საკითხებს, რომლებიც უფრო რთულია," - აღნიშნავს ის.

 

ყოველთვის დაიტოვეთ დრო გადამოწმებისთვის

სპეციალისტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სიჩქარეში დაშვებული შეცდომების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს.

"სჯობს, საკითხები, რომლებიც შეიძლება საეჭვოდ გვეჩვენებოდეს თავიდან გავიაროთ.

მომზადების დროსაც ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ. უკეთესია, ჯერ თვალი მთელ პროგრამას გადავავლოთ, ვნახოთ, ყველაზე მეტად რა საკითხები გვიჭირს, რა არის შეკითხვები, რაც ტესტებში ხშირად გვხვდება და მომზადება სწორედ აქედან დავიწყოთ".

იმუშავეთ "შავ ფურცელზე"

თუ მხატვრული ტექსტის ანალიზს ან ესეს წერთ, სიმონ ჯანაშიას თქმით, უმჯობესია, ძირითადი საკითხები ე.წ "შავ ფურცელზე" დაწეროთ, რასაც შემდეგ ნაშრომში გაშლით.

"შავ ფურცელზე" შეიძლება დაიწეროს თემის პირველი აბზაცები, რომლებსაც ნელ-ნელა გავშლით, ჯერ დავალაგებთ, შესავალში რა დაიწერება, შემდეგ თითოეული აბზაცი რა ძირითად აზრს გამოხატავს, როგორია მათში არგუმენტების შემცველობა," - განმარტავს სპეციალისტი და დასძენს, რომ თუ ეროვნულ გამოცდებში პირველად სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, არ უნდა დანებდეთ და უფრო მეტი შემართებით იმუშაოთ, რაც ხშირად წარმატების გარანტია ხოლმე,

"პირველივე წელს თუ ვერ მოხვდება აბიტურიენტი იქ, სადაც სურს, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ"

 

კომფორტული ტანსაცმელი

გაითვალისწინეთ, რომ გამოცდები ზაფხულში ტარდება, შესაბამისად, შეეცადეთ მაქსიმალურად კომფორტულად და ამინდის გათვალისწინებით ჩაიცვათ. გირჩევთ, რომ უპირატესობა ღია ფერის, თხელი ქსოვილისა და თავისუფალი სტილის სამოსს მიანიჭოთ.

 

საცობი

თუ დილის ნაკადში მოხვდით, შეიძლება თბილისის საცობებთან გამკლავება მოგიწიოთ, ამიტომ გირჩევთ, უფრო ადრე გახვიდეთ სახლიდან, რადგან დაგვიანებული აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში აღარ დაიშვებიან. სჯობს, დანიშნულების ადგილზე ადრე მიხვიდეთ, ვიდრე დააგვიანოთ.

საბოლოო ჯამში, თავდაჯერებულობა, შრომისმოყვარეობა, ოჯახის წევრებისა და გარემოს მხარდაჭერა და დროის სწორად გამოყენება დაგეხმარებათ, წარმატებას მიაღწიოთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz