რა არის "ლურჯი ვეშაპი" და როგორ ვიხსნათ შვილები სახიფათო ინტერნეტთამაშისგან | Allnews.Ge

რა არის "ლურჯი ვეშაპი" და როგორ ვიხსნათ შვილები სახიფათო ინტერნეტთამაშისგან

15 წლის იულია, 14 წლის ვერონიკა, 16 წლის ეკატერინა, - ეს მოზარდები ინტერნეტში გავრცელებული თამაშის მსხვერპლი გახდნენ, რომელსაც, "ნოვაია გაზეტას" ცნობით, რუსეთში, 1 წლის განმავლობაში, 130 მოზარდი შეეწირა. მოზარდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

ბრიტანული გამოცემების, BBC-ისა და The Sun-ის ცნობით, "მკვლელი თამაში" დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდა, რის შედეგადაც ორი გოგონა მე-14 სართულიდან გადახტა და დაიღუპა. არასრულწლოვნის ამ ფორმით თვითმკვლელობის შემთხვევა, ბარსელონაშიც დაფიქსირდა. პოლიცია მშობლებს აფრთხილებს, მოზარდების ინტერნეტთან წვდომა გააკონტროლონ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯმა ვეშაპმა" საქართველოშიც შემოაღწია და შესაძლოა, მოზარდებში გახშირებული თვითმკველობების მიზეზადაც იქცა. თუმცა, "შინაგან საქმეთა სამინისტროში" ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

რუსული და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, თამაში სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება. ე.წ "მასტერი" მოთამაშეებს 50 დღის განმავლობაში დავალებებს ინდვიდუალურად აძლევს, ბოლო დავალება კი თვითმკვლელობაა, რაც ძირითადად, სიმაღლიდან გადახტომით ხორციელდება. დავალებებში, საშინელებათა ფილმების პერმანენტულად ყურება, შუაღამისას ქუჩაში მარტო გასვლა და სიარული, თვითდაზიანებების მიყენება და მსგავსი აქტივობები შედის, შესაბამისად, მშობლებმა ყურადღება ამასაც უნდა მიაქციონ.

თამაში რუსეთში, მოსკოვთან ახლოს მცხოვრებმა, 21 წლის ფილიფ ბუდეიკინმა შექმნა, რომელსაც იგი 2013-2016 წლებში ავრცელებდა. "ნოვაია გაზეტას" ცნობით, ბუდეიკინი ფსიქოლოგიის მესამე კურსიდან გარიცხეს. მათივე ცნობით, მან ორგანიზება რვა "თვითმკვლელთა ჯგუფს" გაუწია.

გამომძიებელმა, ანტონ ბრეიდომ, დეტალურად ახსნა ის სქემა, რომელის მიხედვითაც ფილიპ ბუდეიკინი და მისი თანამოაზრეები მოქმედებდნენ. პირველი ეტაპი, საგანგებოდ შექმნილ დახურულ ჯგუფებში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის მიზიდვა იყო. შემდეგ ეტაპზე, ორგანიზატორები ცდილობდნენ იმ ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, რომლებიც ფსიქოლოგიური მანიპულაციების ზეგავლენის ქვეშ ადვილად მოექცეოდნენ.

მაგალითისთვის, ჯგუფში გაწევრიანებული 20 ათასი ახალგაზრდიდან მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, მხოლოდ 20 შეიძლება დარჩენილიყო, რომლებსაც ორგანიზატორების აზრით, ნამდვილად შეეძლოთ სიცოცხლის ფატალურად დასრულება.

ფილიპ ბუდეიკინი და მისი თანამოაზრეები მსგავს ახალგაზრდებს "ბიოლოგიურ ნაგავს" უწოდებდნენ. ბუდეიკინს დაკითხვის დროს, გამომძიებლისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ვერ ხედავს დანაშაულს იმ ფაქტში, რომ ვიღაც ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ის აღნიშნავდა, რომ საზოგადოებამ წმენდისთვის მას მადლობა უნდა გადაუხადოს.

ფილიპ ბუდეიკინი პოლიციამ 2016 წელს დააკავა, თუმცა ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ თამაშში სოციალურ ქსელში შესაძლოა, მასში ჩართული მოზარდების მეშვეობით ვრცელდებოდეს.

როგორ დავიცვათ არასრულწლოვანი მსგავსი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან და რა მექანიზმებით გავაკონტროლოთ, მათი მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართულობა?

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, თავდაპირველად, აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაცია, რაც არამხოლოდ ბავშვის აქტივობების შესახებ ინფორმირებულობას, არამედ მასთან ერთად მეტი დროის გატარებას გულისხმობს.

"ასეთ თამაშებში ჩართვის პრევენციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ბავშვისთვის ინტერესების პოვნა და მის საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობაა, იქნება ეს სპორტული აქტივობა თუ სხვა. როდესაც მას გარკვეული ინტერესები აქვს, ინტერნეტ-თამაშებში და განსაკუთრებით, მსგავს აქტივობებში ნაკლებად ერთვება. ამ მხრივ, მშობლის როლი ძალიან დიდია, რადგან როდესაც ისინი შვილებთან ერთად დროს ვერ ატარებენ, არ იციან მათი ბავშვები რით არიან დაკავებულები, არ ესაუბრებიან პრობლემებზე, არ უზიარებენ თავიანთ ინტერესებს, ეს მოზარდების მხრიდან ალტერნატივის ძიებისა და თუნდაც, ვირტუალურ სამყაროში გადასვლის პროვოცირებას იწვევს," - განმარტავს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება აღნიშნულ თამაშს, ზურაბ მხეიძის თქმით, მას შესაძლოა, "სექტის" კვალიფიკაციაც მივცეთ. კონკრეტული პირები ბავშვებს გარკვეულ საქმიანობებში ითრევენ, ასრულებინებენ ბრძანებებს, რისი საშუალებითაც თავს მნიშვნელოვან პირებად გრძნობენ, რადგან სხვებზე კონტროლი დაამყარეს.

"როდესაც ბავშვი რეალიზებას ვერ ახდენს და სუსტი ფსიქიკა აქვს, ის მსგავსი ჯგუფების სამიზნე ხდება

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ შვილს ვირტუალური სამყაროს გარდა, სხვა ინტერესებიც გაუჩინოს. რაიმეს აკრძალვა და უარის თქმა, სიმკაცრე, მოზარდს მისთვის საზიაონო აქტივობებში ჩართვის სურვილს უფრო გაუღრმავებს," - აღნიშნა ზურაბ მხეიძემ და დასძინა, რომ ბავშვის მუდმივად გაკონტროლება სასურველ შედეგს არ მოგვცემს. მშობელი შვილისთვის პიროვნულად მისაბაძი, ავტორიტეტული პერსონა უნდა იყოს, რათა მოზარდს მისთვის არასასურველ აქტივობებში ჩართვის სურვილი არ გაუჩნდეს.

თუ მოზარდი გარშემომყოფებთან კონტაქტს ამცირებს, უფრო ჩაკეტილი ხდება და მუდმივად ელექტრონულ მოწყობილობებში არსებულ თამაშებშია ჩართული,

მშობელმა შვილის ფსიქოლოგიური პრობლემებისგან დასხნა, არა აკრძალვით, არამედ კომუნიკაციით უნდა მოახდინოს.

"როდესაც მშობელი ყურადღებას არ აქცევს, ან ვერ ამჩნევს შვილის ქცევაში ცვლილებებს, მოზარდის აქტივობებთან დაკავშირებით, არასწორი დასკვნები გამოაქვს, ბავშვი არარეალიზებულია და სხვადასხვა სოციალურ საქმიანობაში ნაკლებად ერთვება, მშობლებს შეიძლება შვილის ასეთ საქმიანობაში ჩართვაც გამოეპაროთ," - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ზურაბ მხეიძის რეკომენდაციით, მშობლებმა შვილს რეალიზების საშუალება უნდა მისცენ, მის აღზრდაში მონაწილეობა აქტიურად მიიღონ, რათა მოზარდს ოჯახში ან გარემოში არსებული პრობლემების გამო, მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილი არ გაუჩნდეს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz