რა წესები უნდა დავიცვათ ბავშვის ავტომობილით გადაადგილებისას | Allnews.Ge

რა წესები უნდა დავიცვათ ბავშვის ავტომობილით გადაადგილებისას

ყოველ დილით, სამსახურში მისვლამდე, თამთამ და მისმა მეუღლემ წლის და რვა თვის შვილი საბავშვო ბაღში უნდა დატოვონ. ოჯახის ორივე წევრი ძირითადად მანქანით გადაადგილდება, პატარა ლუკას კი ავტომობილის უკანა სკამზე მარტოს უწევს ჯდომა. მშობლებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მეტი კომფორტისთვის ლუკას მისთვის სპეციალურად განკუთვნილი სავარძელი უყიდეს, რომელიც მოძრაობის მიმართულებით არის დამონტაჟებული, რათა სარკის საშუალებით, მშობლებმა უკან მჯდომი ლუკა ადვილად აკონტროლონ. მარჯვენასაჭიან მანქანაში მისი სავარძელი იმავე მიზეზით, მარცხენა მხარეს არის მოთავსებული.

Allnews.ge დაინტერესდა რამდენად თანმიმდევრულად იცავენ ლუკას მშობლები უსაფრთხოების ზომებს და როგორ უნდა გადაადგილდებოდეს ბავშვი ავტომობილით, რათა მას საფრთხე არ დაემუქროს?

აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემისას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ პირველ რიგში აღნიშნა, რომ ბავშვი ავტომობილის განსაკუთრებული მგზავრია, რადგან მას სწორედაც რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

"3-4 წლამდე ბავშვის გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ნებას რთავს მის კალთაში ჩასმას, კატეგორიულად და დაბეჯითებით რეკომენდებულია სპეციალური სავარძლით. ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის განკუთვნილი სავარძლები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, სტანდარტული ღვედებით მაგრდება, რომლებიც ავტომობილს მოჰყვება უკანა სავარძელზე. ამ დროს გაცილებით დაცულია ბავშვი"- აღნიშნა შალვა ოგბაიძემ და დაამატა, რომ სასურველია ბავშვთან ერთად უკანა სავარძელზე მოზარდიც გადაადგილდებოდეს, თუმცა თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ეს ხშირად შეუძლებელი ხდება.

შალვა ოგბაიძე მშობლებს ურჩევს ბავშვის სავარძელზე თანხა არავითარ შემთხვევაში არ დაზოგონ და დარწმუნდნენ, რომ მათი შვილი ავტომობილით გადაადგილებისას ნამდვილად უსაფრთხოდაა. საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის რეკომენდაციების მიხედვით ლუკას მშობლები შეცდომას მაშინაც უშვებენ, როდესაც სავარძელს მარცხენა მხარეს ამონტაჟებენ.

"ბავშვის გადაადგილება ყველაზე უსაფრთხო, უკანა სავარძლის მარჯვენა მხარესაა".

ექსპერტის თქმით ბავშვის წინა, მძღოლის გვერდით მდებარე სავარძლით გადაადგილება რისკების შემცველია, ამის მაგალითად შალვა ოგბაიძემ ის შემთხვევებიც გაიხსენა, რომლის დროსაც საჰაერო ბალიშებმა ანუ ე.წ აირბაგებმა მოზარდი დააზიანეს.

შალვა ოგბაიძის განმარტებით, არ არსებობს რაიმე დადგენილი ასაკი, როდესაც ბავშვს უკვე შეუძლია სავარძლის გარეშე გადაადგილება. ამ შემთხვევაში მთავარ კრიტერიუმად მისი აღნაგობა უნდა მივიჩნიოთ.

"ბავშვს სავარძლის გარეშე გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, როდესაც მანქანის უკან არსებული საშტატო ღვედი ყელთან აღარ გადაუვა, იქამდე კი მან მოძრაობის მიმართულებით დასამონტაჟებელი ამაღლებული სპეციალური სავარძლით უნდა იმგზავროს, რომელიც იმ მოცემულ სიმაღლეზე იქნება დამონტაჟებული, რომ ღვედი ბავშვის ყელს ქვემოთ დაფიქსირდეს"- განმარტა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა.

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის გადაყვანაზე რეგულაციები დაწესდა

myquiz