ზოგიერთმა კლინიკამ ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები გაზარდა | Allnews.Ge

ზოგიერთმა კლინიკამ ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები გაზარდა

1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცრებული პაკეტები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო მათი შემოსავლების მიხედვით ანაზღაურებს. მაგალითად, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება ეძლევათ, ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით თუ კერძო დაზღვევით ისარგებლონ. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს კი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარზე ნაკლებია, საყოველთააო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდათ, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით.

ხელისუფლებს მხრიდან აღნიშნული ცვლილებების გაჟღერებამდე, თბილისის კლინიკებში ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები არ იცვლებოდა, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედებამდე რამდენიმე თვით ადრე, ზოგიერთმა სამედიცინო ცენტრმა, პროცედურების ღირებულებაში ცვლილებები შეიტანა.

რატომ გაზარდეს კლინიკებმა ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები და უკავშირდება თუ არა ეს საყოველთაო ჯანდაცვის ახალ პაკეტს, ამის გასარკვევად, Allnews.ge რამდენიმე კლინიკასა და სპეციალისტს დაუკავშირდა.

აღმოჩნდა, რომ "იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში" ნებისმიერ ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასები 10 ლარით გაიზარდა.

"პედიატრების მომსახურებაზე ფასები 45 ლარიდან 80 ლარის ფარგლებშია, თუმცა რატომ გაიზარდა ღირებულება, ამაზე საუბარი კონკრეტულად არ შეგვიძლია," - განმარტავენ კლინიკაში და აღნიშნავენ, რომ ფასებზე ცვლილებები დაახლოებით გაზაფხულიდან ამოქმედდა.

ამბულატორიულ მომსახურებაზე ფასების ზრდას "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშიც" ადასტურებენ.

"თებერვალ-მარტის მერე ფასები მომსახურების ტიპის მიხედვით გაიზარდა. მაგალითად, წამყვან სპეციალისტთან კონსულტაციის ღირებულება ახლა 50 ლარია, რამდენიმე თვის წინ კი ფასი 40 ლარი იყო. რაც შეეხება ანალიზებს, მაგალითად, თუ კოაგულოგრამა 25 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 45 ლარია; არის ანალიზები, რომელთა ფასი 18 ლარი იყო, თუმცა 20 გახდა და მცირედით მოიმატა," - აღნიშნეს საავადმყოფოში.

მიუხედავად აღნიშნული ტენდენციისა, ზოგიერთმა სამედიცინო დაწესებულებამ განსხვავებული მარკეტინგული გათვლა გააკეთა და მომსახურებაზე ფასები არ გაზარდა. მათი თქმით, დაზღვევის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ინდივიდუალური გადამხდელების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, კლინიკის მარკეტინგის სამსახურის გათვალისწინებით, ფასების ზრდა ამ შემთხვევაში ადეკვატური გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდას ჯანდაცვის ექსპერტები სხვადასხვაგვარად ხსნიან. "ფასების ზრდას საყოველთაო ჯანდაცვის ახალ პროგრამაში ცვლილებებს ვერ დავუკავშირებ, რადგან თუ გარკვეულ კლინიკებს სახელმწიფოსთან კონტრაქტები აღარ აქვს, ამას ფასების ცვლილებასთან კავშირი ვერ ექნება. ეს მენეჯმენტის მიერ შემოსავლების ზრდის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა," - აღნიშნავს ირაკლი სასანია.

სერგო ჩიხლაძე კი განმარტავს, რომ კლინიკებმა ფასები, ნაწილობრივ, ჯანდაცვის ახალი პროგრამის გამო გაზარდეს, რათა მათი შემოსავლები არ შემცირებულიყო.

"აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს ვერ დავუკავშირებთ, რადგან ფასები ზოგადად, ყველაფერზე იზრდება და შესაბამისად, ამის გაკეთება სამედიცინო დაწესებულებებსაც უწევთ, კონკრეტულად სამედიცინო აპარატურის, მედიკამენტების ფასებისა და პერსონალის მომსახურებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული, თუმცა, დღეს, კლინიკებში ფასების ისეთი დიდი ზრდაა, რომ ეს მხოლოდ აღნიშნული მიზეზებით არაა გამოწვეული და გარკვეული კლინიკების მიდგომის ბრალია, რაც უფრო მეტი მოგების მიღებას გულისხმობს. გარდა ამისა, სანამ ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდებოდა, ფასების მატება ცოტა ხნით ადრე მოხდა, კლინიკებმა თადარიგი დაიკავეს, რომ შემდგომში ფინანსები არ შემცირებოდათ," - დასძენს ჯანდაცვის სპეციალისტი.

უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას, ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი სპეციალისტებს არ აქვთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მოგების გაზრდის მიზნით, კლინიკებს ამის გაკეთება შეუძლიათ.

 

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz