ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის შვილები | Allnews.Ge

ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის შვილები

მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, გამონაკლისი არც საქართველოა.

Allnews.ge შეეცადა, გაერკვია, ვინ არიან ბიძინა ივანიშვილის შვილები და რას საქმიანობენ ისინი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ: უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.

ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ის ამჟამად დაახლოებით 24 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს "ქართუ ბანკის" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. შეგახსენებთ, რომ ბანკი ექს-პრემიერმა 1996 წელს დააარსა.

2011 წელს, ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მის ოთხივე შვილს "აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკვრავს. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა, უნივერსიტეტში სწავლობს, საფრანგეთში."

უტა ივანიშვილის მუსიკალურ მონაცემებზე არამხოლოდ მამამისი, არამედ ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი, დავით აბესაძეც საუბრობდა. მისი თქმით, უტა "ძალიან კარგი მოსაუბრე და განათლებული ბიჭია. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიური წიგნები მოსწონს. სპორტის რომელიმე სახეობაში სერიოზულად თუ ვარჯიშობს, არ ვიცი, მაგრამ მინახავს, სიამოვნებით, რომ უყურებს ფეხბურთს, რაგბის და ძალიან კარგად ცურავს".

უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდსა და მომდევნო წლებშიც აქტიურობდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ თავად საქართველოდან წასვლას აპირებდა და მისი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ ყოფილა, თუმცა ივანიშვილის თქმით, უფროსმა ვაჟმა მას უთხრა, "თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს ადგილი მიუჩინა," - განმარტავდა ბიძინა ივანიშვილი და მის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ უფროსი ვაჟის ზეგავლენას ასახელებდა.

რაც შეეხება მილიარდერის მეორე ვაჟს, ბერა ივანიშვილს, ის 1994 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და მუსიკალურ საქმიანობას ეწევა. ბერა მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. ბერა ივანიშვილი აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კამპანიაშიც. 2011 წლის შემოდგომაზე, მან  მამამისისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო "ქართული ოცნება."

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრების ისტორიასაც ჰყვება. მისი თქმით, პარიზში დაიბადა, თუმცა საქართველოში გაიზარდა, ის მუსიკით დაინტერესების წლებს შემდეგნაირად იხსენებს.

"დედაჩემი მუსიკის დიდი მოყვარულია და სახლში ალბომების დიდი კოლექციაც ჰქონდა. 7-8 წლის ვიყავი, როდესაც ამ ალბომებს ვუსმენდი და პირველი მათგანი, რომელიც დამამახსოვრდა, რეი ჩარლზის ალბომი იყო.  ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო," - აღნიშნავს ის. ბერას თქმით, მასზე დიდი გავლენა ბარი უაითმა, მაიკლ ჯექსონმა და 2Pac-მა მოახდინეს.

"მშობლები ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხელოვნება თავისუფლების სიმბოლოა".

ბერა ივანიშვილის პროდიუსერებად მაიკლ ჯექსონის, ლედი გაგასა და Destiny’s Child-ის პროდუსერები მუშაობდნენ. ბერა რადიოსთვის სინგლებს არასდროს წერს, რადგან მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ მარკეტინგულ გათვლებს, რასაც მომღერლები აკეთებენ და მსენელები თავად გადაწყვეტენ, უნდა იყოს თუ არა მისი შემოქმედება მსოფლიო მუსიკის ნაწილი.

მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც იყო, თუმცა 2017 წლის 1 თებერვალს ტელევიზია "იმედი ჰოლდინგს" მიჰყიდა, შედეგად GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამჟამად, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა.

Vestnik Kavkaza-ს ცნობით, 2013 წელს ბერა ივანიშვილი უამრავ მიწის ნაკვეთს და საჩხერესა და ოზურგეთში მდებარე სახლებს ფლობდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილს, გვანცას, ის 19 წლისაა და მისი განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება , თუმცა გვანცა სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოებს აქტიურად ავრცელებს-ხოლმე, როგორც ოჯახთან, ისე მეგობრებთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის უმცროსი ვაჟი, ცოტნე 11 წლისაა. ის საზოგადოებას როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიიდან, ისე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდანაც დაამახსოვრდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, ბერასა და ცოტნეს ერთობლივი ვარჯიშია. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის, ცოტნე ივანიშვილი განათლებას სად იღებს, თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული ხმების თანახმად, მას მშობლები განათლებას სახლის პირობებში აძლევენ.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მუდმივად აღნიშნავს, რომ მილიარდერს საკუთარ თავსა და ოჯახზე საუბარი არ უყვარს და მედიასთან პირად ცხოვრებაზე კომენტარებს იშვიათად აკეთებს.

 

 

myquiz