თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები | Allnews.Ge

თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული ქუჩები

თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასის შემცირების პარალელურად, კომერციული ფართებიც გაიაფდა. გაყიდვებით ვაკის, საბურთალოსა და სამგორის რაიონები ლიდერობენ. ყველაზე ძვირი ფართები, როგორც გაყიდვის ისე დაქირავების თვალსაზრისით, ვაკისა და საბურთალოს ტერიტორიაზეა.

Allnews.ge დაინტერესდა თუ რომელი ქუჩებია ამ მხრივ ყველაზე ძვირად ღირებული დედაქალაქში. როგორც უძრავი ქონების სარეალიზაციო ვებგვერდებზე დაკვირვებით გამოიკვეთა, ყველაზე ძვირი ვაკეში მდებარე ფალიაშვილის ქუჩაა. აქ კომერციული ფართის დაქირავების შემთხვევაში 1კვ.მ-ზე 15$-დან 125$-მდე გადაიხდით, რა თქმა უნდა, კომერციული ფართის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გარემონტებულია თუ არა იგი, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რამდენად ხელსაყრელ ადგილზეა და ა.შ.

მაღალი ფასების მიხედვით, ერთ-ერთი ლიდერი, ასევე პეკინის ქუჩაა, რადგან აქ კომერციული ფართების ქირის ღირებულება 1 კვ.მ-ზე 11$-დან 100$-მდე მერყეობს. უკვე მოწყობილი კომერციული ობიექტის, მაგალითად, სილამაზის სალონის დაქირავების შემთხვევაში, 1 კვ.მ-ის ღირებულება 30-40$-დან იწყება.

კომერციული ფართების ქირის ღირებულება საკმაოდ მაღალია სოლოლაკშიც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, სადაც ბევრი ტურისტი გადაადგილდება და კვების ობიექტები მუდმივად მომხმარებლებითაა სავსე, 1 კვ.მ ფართობში 10$-დან 80$-მდე გადაიხდით.

მელიქიშვილის გამზირსა და რუსთაველის გამზირზე 1 კვ.მ-ს დაქირავებას ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 20$-70$-ში შეძლებთ.

რაც შეეხება საბურთალოს ტერიტორიას, აქ როგორც ბინების, ასევე კომერციული ფართების დაქირავებაც, საკმაოდ ძვირია.

მაგალითად, შარტავას გამზირზე კომერციული ფართების ქირის ფასი 27$-დან იწყება. გაგარინის მოედანიც ფასების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია, რადგან აქ კომერციული ფართის დაქირავების შემთხვევაში, 1 კვ.მ-ში დაახლოებით, 11$-25$-ს გადაიხდით.

კომერციული ფართის დაქირავებისთვის საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება ვერის შემთხვევაშიც მოგიწევთ, რადგან ამ უბნის თითქმის ყველა ქუჩაზე, რაც უძრავი ქონების ვებ-გვერდებზეა განთავსებული, კომერციული ფართების ღირებულება დაახლოებით 1 კვ. მ-ზე 10$-დან იწყება.

ჩამოთვლილ უბნებსა და ქუჩებთან ერთად უნდა აღინიშნოს წერეთლის გამზირიც, სადაც Saqme.ge-ს მონაცემებით, ფართის დაქირავების შემთხვევაში 1 კვ.მ-ზე 9$-დან 22$-მდე გადაიხდით.

აღსანიშნავია, რომ ძირითად შემთხვევაში კომერციული ფართების გაქირავება და არა გახსვისება ხდება, რაც მეპატრონისთვის უფრო ხელსაყრელია და მოსარგებლესაც, როდესაც დიდი თანხის მობილიზება უჭირს ან მესაკუთრე მიყიდვაზე უარს ეუბნება, ურჩევნია, ბიზნესის წინსვლის თვალსაზრისით, ფული ქირაში გადაიხადოს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz