მზიურში, სტიქიის ზონაში შესაძლოა სასტუმრო აშენდეს | Allnews.Ge

მზიურში, სტიქიის ზონაში შესაძლოა სასტუმრო აშენდეს

2017 წლის 22 მაისს, შპს "პიაცა მზიურმა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს განაცხადით მიმართა, რომ მზიურის 15 761 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე განაშენიანების უფლება მიეღო, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, განაშენიანების შესახებ უწყებას განაცხადით "პიაცა მზიურმა" თავდაპირველად 2017 წლის 12 აპრილს მიმართა, თუმცა მოთხოვნაზე ზონალურმა საბჭომ უარი განუცხადა.

"საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ განიხილა და პროექტს უარყოფითი შეფასება მისცა. მიზეზი სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის მოთხოვნა და ზოგადად, აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების მიზანშეუწონლობა გახდა. კომპანიის მხრიდან მშენებლობის დასაბუთება სრულყოფილი არ იყო. გარდა ამისა, საბჭო ნებართვისთვის "საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა" და "თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე" მუმუშავე ჯგუფის დასკვნებს ითხოვდა, რაც კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო," - განუცხადეს Allnews.ge-ს არქიტექტურის სამსახურში.

უწყების განმარტებით, აპრილში საბჭოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დასკვნების სახით შპს "პიაცა მზიურს" ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, 22 მაისს შეტანილი განაცხადის განხილვისა და პასუხის გაცემის ბოლო ვადა კი მიმდინარე წლის 4 ივლისია.

იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა შპს "პიაცა მზიურმა" შესაბამისი დასკვნის მისაღებად "თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე" მომუშავე ჯგუფს, Allnews.ge გენგეგმის თანაავტორს, მერაბ ბოლქვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კომპანიისგან განაცხადის მიღების შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"შეიძლება მომართული აქვთ, მაგრამ როგორც ვიცი პასუხი ჯერ არ გაგვიცია. თუ მოგვმართეს, უნდა განვიხილოთ, კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე პოლიციის გვერდით ერთი სპორტული კომპლექსი უკვე არის და სარეკრეაციო ზონაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომლექსის მშენებლობა შესაძლებელია, თუმცა აქ არის გარემოს დაცვის საკითხები, ასევე მხოლოდ ჩვენი დასკვნა მშენებლობისთვის საკმარისი არ იქნება, სხვა სამსახურების პასუხებიცაა საჭირო," - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

"პიაცა მზიურის" მიერ სტიქიის ზონაში შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავდაპირველად ორგანიზაციამ "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" გააჟღერა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზიურის აღნიშნული ტერიტორია, 2011 წლიდან, სხვადასხვა ფიზიკური პირების საკუთრებაში იყო, რომლებიც თბილისის მერიას განაშენიანებისთვის ნებართვის მისაღებად მუდმივად მიმართავენ, თუმცა, 2017 წლის აპრილამდე, უპირობო უარს იღებდნენ, ახლა კი არქიტექტურის სამსახურმა "პიაცა მზიურს" დასკვნების წარმოდგენის პირობა წაუყენა.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანანო ცინციბაძის თქმით, "პიაცა მზიურმა" პროექტი ამჟამადაც "გარემოს დაცვის სამინისტროსა" და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დასკვნის გარეშე წარადგინა.

"პიაცა მზიურს" ამ ეტაპზე ის დოკუმენტაცია არ აქვს მოპოვებული, რომელიც საბჭომ მას მოსთხოვა, მიუხედავად ამისა, გაუბარი მიზეზების გამო, კომპანიამ არიქტექტურის სამსახურის ველში კვლავ ხარვეზიანი განაცხადი ატვირთა. თუ "პიაცა მზიური" ამ დასკვნებს არ წარადგენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ არსებობს და შესაბამისად, თბილისის მერიას, კვლავ აქვს საფუძველი, რომ განაცხადის განხილვაზე უარი თქვას,"- განმარტავს ანანო ცინციბაძე.

"პიაცა თბილისი" საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად 2014 წლის 22 სექტემბერს დარეგისტრირდა. მისი იურიდიული მისამართი ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ფიქსირდება, დირექტორი კი ვაჟა ბოლქვაძეა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას ორი მესაკუთრე: სააქციო საზოგადოება "მინარ სა" (შვეიცარია) და შოთა ხატიაშვილი ჰყავს, რომლებიც 50%-იან წილებს ფლობენ.

რაც შეეხება განაშენიანების შესახებ მოთხოვნას, დაკმაყოფილებს თუ არა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური კომპანიის მოთხოვნას და აშენდება თუ არა სტიქიის ზონაში მასშტაბური პროექტი, ჯერჯერობით უცნობია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz