რატომ ღირს საქართველოს მაღაზიებში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ძვირი? | Allnews.Ge

რატომ ღირს საქართველოს მაღაზიებში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ძვირი?

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს, ბევრი ჩვენგანი იმავე ბრენდის სამოსს, რაც საქართველოში ძვირადღირებულად მიიჩნევა, შედარებით დაბალ ფასად იძენს, ეს ტენდენცია კი უკვე წლებია გრძელდება. პროდუქცია, რომლის შესაძენად რამდენიმე ათეული ლარი გვჭირდება, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხშირად დაბალი ღირებულების მქონედ მიიჩნევა.

Allnews.ge ამ საკითხზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" პრეზიდენტ ამირან შენგელიას ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე ფასებს შორის დიდი სხვაობა, საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებს მომხმარებელი შეცდომაშიც შეჰყავს.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური ღირებულება აქვს საქართველოში იმპორტირებულ ბრენდულ ტანსაცმელს?

- ღირებულების განსაზღვრა მეწარმის უფლებაა, შესაბამისად, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა დღეს სარეალიზაციოდ გამოტანილ ტექსტილის ნაწარმს ადეკვატური ფასი რომ არ ადევს, ეს გასაგებია. ჩვენთან რომელიმე ბრენდის პროდუქციის შეძენა კარგ ტონად მიიჩნევა და შესაბამისად, ის ევროპაში დაბალი ღირებულებისაც რომ იყოს, საქართველოში მაინც ძვირია.

მეორე მიზეზი ის არის, რომ ამ ბრენდების ნაწარმის დამზადება საქართველოში არ ხდება, შესაბამისად, მეწარმეს მისი იმპორტი უწევს, თუმცა, ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც მაგალითად პოლონეთში და ჩეხეთში აკეთებენ, როდესაც საწარმოებში სხვადასხვა ბრენდის სამოსს კერავენ.

ქართული ბაზარი არ გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, აქვს თუ არა კონკრეტულ სამოსს ადეკვატური ღირებულება.

რატომ არის განსხვავება ბრენდების სამოსის ფასებს შორის საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში?

- საქართველოში აღნიშნულ პროდუქციაზე უფრო ძვირადღირებულის მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. გარდა ამისა, მომხმარებლის უმეტესობას ინფორმაცია არ აქვს, რომ აღნიშნული პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ შედარებით დაბალფასიანია.

გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ, კომერციულ ფართს, როგორც წესი, პეკინის, რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე ქირაობენ, სადაც გადასახადი ძალიან მაღალია, მაგალითად 150 000$-ის ოდენობით. ამ და სხვა გადასახადების გამო მათ უწევთ, პროდუქცია იმაზე ძვირად გაყიდონ, ვიდრე რეალურად ღირს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიები ნაწარმზე ფასს გადასახადების მიხედვით ადგენენ?

- ტანსაცმლის ღირებულებას იმპორტისთვის გაწეული ხარჯებიც განსაზღვრავს.

ჩვენ რომ აქ ვაწარმოოთ პროდუქცია, შესაძლოა, უფრო დაბალი ღირებულებაც ჰქონდეს.

მაგალითად, Adidas-ის ბოტასის ღირებულება თუ 180 ევროა, საქართველოში მაღაზიებში შეიძლება უფრო დაბალი ფასი ჰქონდეს, რადგან ორიგინალი პროდუქტი არ არის იმის მიუხედავად, რომ, ორიგინალის სახელით იყიდება.

აქვს თუ არა აღნიშნულ პრაქტიკას საქართველოში მასობრივი სახე?

- როდესაც მაღაზიაში გეუბნებიან, რომ კონკრეტული ბრენდის ნაწარმი ორიგინალია, წარმოების ვადები და ფაქტურის დასახელების ჩვენება უნდა მოვითხოვოთ, რადგან პროდუქცია ძირითადად, ჩინეთიდან შემოდის და კონკრეტული ბრენდის წარმოებული ნამდვილად არაა.

პატენტი პროდუქციის ხარისხს შორისაც არის განსხვავება.

ჩვენთან კომპანიები პროდუქციას ძირითადად, თურქეთის ბაზარზე ყიდულობენ, საიდანაც ორიგინალი ნაწარმი ნაკლებად შემოდის, შესაბამისად, საქართველოში ბრენდულ ტექსტილის ნაწარმზე სპეკულაციური ფასები გვაქვს. თუ კომპანიები თურქეთში ორიგინალ პროდუქციას ყიდულობენ, რომელიც იქაც იმპორტირებულია, ცხადია, მეტი ხარჯების გაწევა უწევთ. ქართულ კომპანიებს კონკრეტულ მეწარმეებთან, როგორც წესი კავშირი არ აქვთ, ამიტომ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა დასახელების ტელეფონი ან სხვა ნაწარმი პირდაპირ ვერ შემოაქვთ.

როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა?

- აუცილებლად უნდა შემუშავდეს კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ. როდესაც პროდუქცია საზღვარზე შემოდის, მისთვის სერტიფიკატის მინიჭება უნდა მოხდეს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ კონკრეტული პროდუქცია ნამდვილად შესაბამისი ბრენდის წარმოებულია ან პატენტია და მისი მსგავსია, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ტანსაცმლის სხვადასხვა ბრენდის წარმოება შესაძლებელი თუ გახდება, ფასებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა ნაწილობრივ შესაძლებელი გახდება.

 

 მარიამ მენაბდიშვილი

myquiz