დეკანოზი გიორგი მამალაძე საეკლესიო სასამართლოს შექმნას ითხოვს | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე საეკლესიო სასამართლოს შექმნას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მია ზოიძის განცხადებით, მამა გიორგი საეკლესიო სასამართლოს შექმნას და მის საკითხთან ერთად იმ მღვდელმთავრების საკითხის განხილვას მოითხოვს, რომლებიც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

ამის შესახებ ზოიძემ "ინტერპრესნიუსს" 50 მილიონი ევროს სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს გუშინ შეხვდა, რომელმაც ადვოკატებს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გააცნო.

"ხელშეკრულებები ჩვეულებრივი სამართლის პრინციპებით, რა თქმა უნდა, დანაშაული არაა, თუმცა საპატრიარქოს იურისტი აპელირებდა, რომ კანონიკური სამართლით ეს დანაშაულია. ამაზე მამაომ მითხრა - თუ კანონიკური სამართლით უნდა გადაწყდეს ეს საქმე, მაშინ შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ჩემს საკითხთან ერთად განიხილონ იმ მღვდელმთავრების საკითხიც, ვინც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მე არაფერი დასამალი არ მაქვს და ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ მეუფეები. ამას ეკლესიისთვის ვაკეთებდი და არანაირი სამეწარმეო საქმიანობის მიზანი არ მქონია - ასეთია მამაოს პოზიცია", - განაცხადა მია ზოიძემ.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ესპანეთში საკუთარი კომპანია აქვს შექმნილი და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. მისივე ინფორმაციით, მღვდლის მიერ სამეწარმეო საქმიანობა კანონიკური სამართლით დაუშვებელია.

myquiz