როდის დაიწყება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ტესტირების პროცესი | Allnews.Ge

როდის დაიწყება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" ტესტირების პროცესი

მეტროსადგური "უნივერსიტეტის" ტესტირების პროცესი დაახლოებით ორ თვეში დაიწყება, მანამდე კი ძირითადად, მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს სადგურ "უნივერსიტეტის" ინჟინერმა, რამაზ დალაქიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მეტროსადგურ "დელისიდან" ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, მეტროს მარჯვენა გვირაბში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სადგურს, იქ სამონტაჟო სამუშაოები ხორციელდება, რათა სადგურს პროექტით განსაზღვრული სახე მიეცეს.

"მიმდინარეობს დამონტაჟებული ესკალატორის შემოწმება, დახრილი გვირაბის მოპირკეთებითი სამუშაოები, დენის წყაროში კაბელების შეყვანა და ყველა კვანძის გამოცდა. რკინიგზის მშენებლობა როგორც საკონტაქტო რელსის (საიდანაც მატარებელი დენს იღებს), ასევე ძირითადი ორი რელსი, რაზეც მატარებელი დგას მთლიანად დასრულებულია," - განმარტა მან.

ინჟინერმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად, მეტროს შესასვლელის მოპირკეთება და საევაკუაციო გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს.

"საბეტონე და სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია. ახლო მომავალში გადავალთ სატესტო რეჟიმზე, მატარებელს შემოვიყვანთ, გაბარიტებში გავსინჯავთ და ერთ-ორ თვეში უკვე მზად იქნება," - აღნიშნა რამაზ დალაქიშვილმა და დასძინა, რომ მეტროსადგურების ოთხივე ამოსასვლელში ამჟამად დამონტაჟებულია კონსტრუქციები, რომლებიც მინით გადაიხურება.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სიგრძე 5 200 მეტრია, ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდება. ჯამში, მგზავრები 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროსადგურის მშენებლობას "აზიის განვითარების ბანკი" აფინანსებს და მისი ღირებულება, დაახლოებით 83,000,670 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz