ახლა მე მიღირს სიცოცხლე?! - მაღაროელების მიწის ქვეშ გატარებული ცხოვრება | Allnews.Ge

ახლა მე მიღირს სიცოცხლე?! - მაღაროელების მიწის ქვეშ გატარებული ცხოვრება

ეკოლოგიური კატასტროფა ყველაზე რბილი ნათქვამია იმ საცოდაობასთან შეედარებით რაც ამ ტერიტორიაზე ტრიალებს.

წიაღისეულია და რასაკვირველია უნდა ამოიღონ, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ ბარბაროსობაა და მეტი არაფერი - მეუბნება 60 წელს გადაცილებული თამაზ ბუხრაშვილი და მანქანას ცოფის გაჩერებასთან მიჩერებს. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ჭიათურა 1944 წლის სტალინგრადს დაემსგავსა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალგაზრდა თაობა მაინც მოესწრება ვითარების გამოსწორებას.

საბაგიროზე ავდივარ. შევნიშნე, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, საბაგიროს შენობა შეცვლილა - შეუთეთრებიათ, სიძველისგან დამპალი კარებები გამოუცვლიათ და მწვანე ფრად შეუღებავთ. ამ პატარა ნაგებობის დანახვისას ვიფიქრე, რომ თამაზ ბუხრაშვილის იმედი შეიძლება მართლაც გამართლებულიყო და მომავალ თაობას სხვანაირი ჭიათურა ენახა. თუმცაა... ერთი საბაგიროდან მეორეზე გადავდივარ. სიძველისგან გვერდზე გადარწეულ ამ ხის ნაგებობას, აქა-იქ ფიცრები შემოცლილი აქვს და მიუჩვეველ ადამიანში ნდობას საერთოდაც არ იწვევს.

კაბინაში ჩასაჯდომად ხის კიბეზე ავდივარ და ვხვდები, რომ თუ ფეხს უადგილო ადგილას დავდგამ, შესაძლოა, ამ ფიცრის იატაკმა ვერ გამიძლოს და ჩაიმტვრას, ჩავარდნისას კი ნამდვილად კლდის ფერდობზე დავეშვები. საბედნიეროდ ჩემი შიში არ გამართლდა და კიდევ ერთი საბაგირო ხაზის გავლის შემდეგ, ითხვისის მაღაროსთან მივდივარ.

ახლადდანიშნულ სპეციალურ მმართველთან დაკავშირების მრავლობითი, თუმცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაღაროსთან მისვლის მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და შესაბამისი საშვი ჯერ კიდევ არ მაქვს, ამიტომ გეზს სოფლისკენ ვიღებ, რომელსაც სულ მცირე ერთი კილომეტრი მაშორებს.

სირთულეს ის წარმოედგენს, რომ ითხვისისკენ მიმავალი გზა აღმართზე დევს, თანაც ის ქვიანი და უსწორმასწოროა, რაც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ დროსა და ენერგიას გართმევს. სოფლისკენ სამგზავრო ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი არ გადაადგილდება, ჭიათურიდან მომავალი მგზავრის ერთადერთი იმედი მაღაროელების სამარშრუტო ტაქსია, რომელიც 8 საათში ერთხელ დადის.

ჯერ ორი საათია, ვიცი რომ ტრანსპორტი არ გამოივლის, ამიტომ გზას ფეხით მივუყვები. ნაწვიმარია და გუბეებისთვის თავის არიდება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ითხვისში მასპინძელი მხვდება და სახლისკენ მიმიძღვება, ცოტას ვსაუბრობთ შემდეგ კი ვამჩნევ რომ მისი მთელი ყურადღება ჭიშკრზე გადადის. მზერა საათიდან კარისკენ, კარიდან კი საათისკენ დროგამოშვებით ინსტინქტურად გადააქვს და ასე გრძელდება იქამდე სანამ, ქუჩიდან მარშუტკის ხმა არ მოდის. უკვე იცის რომ მისმა მეუღლემ მუშაობა დაასრულა და სხვა მაღაროელებთან ერთად, სახლში ბრუნდება, თუმცა მის სახეზე ნამდვილ შვებას მაშინ ვხედავ, როცა კარი იხსნება და ბატონი გიორგი (სახელი შეცვლილია) სახლში შემოდის.

ნინო (სახელი შეცვლილია) ჩემს თავს აცნობს, იმის გაგონებაზე, რომ ჟურნალისტი ვარ, გიორგი ჩამწერი აპარატების გამორთვას, მთხოვს იმის მიუხედავად, რომ ისინი ისედაც უკვე გამორთულია. იმის ნიშნად, რომ ნებართვის გარეშე არაფრის ჩაწერას ვგეგმავ ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და მასპინძლს მათი ისტორიის მოყოლას ვთხოვ.

"17 წლის ვიყავი მაღაროში მუშაობა, რომ დავიწყე. თავიდან ტერიტორიას ვიცავდი, დროთა განმავლობაში კი გვირაბშიც შევედი"- მეუბნება გიორგი და თან თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე მიყვება.

"ჩემი მოვალეობა გვირაბის გამაგრებაა, რომ მიწა არ ჩამოწვეს და ყველა შიგ არ მოგვიყოლოს".

ერთი შეცდომა შესაძლოა მას და მის ყველა მეგობარს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ამას აცნობიერებს და მეუბნება, რომ თუ რომელიმე მაღაროელმა სიცოცხლე ფატალურად დაასრულა, ეს პირველ რიგში, მისი შცდომის ან დაუდევრობის ბრალი იქნება. აღჭურვილობას ნორმალურად აფასებს, თუმცა იმასაც არ უარყოფს, რომ შიდა ინფასტრუქტურის ნაწილი მოძველებულია.

გიორგისთან საუბარს დროებით ვწყვეტ, რათა დღის სინათლეზე ამოსულს დასვენების საშუალება მივცე და გარეთ მის სხვა კოლეგებთან შესახვედრად გავდივარ.

სახლიდან არც თუ მოშორებით, ბატონ მირიანს ( სახელი შეცვლილია) ვხვდები. სამოც წელს გადაცილებულმა მირიანმა, 40 წელზე მეტია, თავისი ცხოვრება გვირაბის წყვდიადსა და გამუდმებულ შიშს დაუკავშირა. მამა მარგანეცის მოპოვებისას, პროფესიული მოვალეობის შესარულების დროს დაეღუპა, თუმცა გვირაბში შესვლა მაინც გაბედა.

"სხვა გზა არ მქონდა. მამა აღარ მყავდა და დედა და დები უნდა მერჩინა.

სკოლის მერხიდან ავდექი და მაღაროში წავედი.

რა თქმა უნდა, პირველად ძალიან შეემეშინდა, მაგრამ იმ დღის მერე, მეოთხე ათწლეული გადის და შიშს თითქმის ვეღარ ვგრძნობ. გვირაბი უკვე ჩემი მეორე სახლია"- მეუბნება მირიანი და ცდილობს სევდას ღიმილი გადააფაროს. არადა მის თვალებში გულისყვეტა მაინც ჩანს.

გული სწყდება, რომ დროის უმეტეს ნაწილს მიწის გულში ატარებს და დღის სინათლეს იშვიათად ხედავს. იმ დროსაც მოესწრო, როდესაც 2 ადამიანს საჭმელად ერთ კვერცხს ატანდნენ და იმ დროსაც, როდესაც ფიქრობს რომ ერთი უკმაყოფილო განცხადების გაკეთების შემდეგ, მას თავისი სტაჟისა და გამოცდილების მიუხედავად, სამსახურიდან სულ მცირე ერთ თვეში გაათავისუფლებენ. ჩაწერაზე სწორედ ამიტომ არ მთანხმდება და მისი ვინაობის კონფიდენციალურობასაც მთხოვს.

გული იმაზეც სწყდება, რომ მისი შრომა და სამშობლოს კეთილდღეობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება, რომ მისი მოპოვებული მარგანეცით ქვეყნის ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის, მისი წილი ამ მილიონობით ლარიდან კი მხოლოდ 700 ლარია. ამბობს რომ აღებული ხელფასი გაძვირებული პროდუქტების პირობებში თითქმის, არაფერზე ყოფნის ამიტომ, მაღაროდან დაბრუნებული მიწას ამჯერად ზემოდან დასჩერებია და მარგანეცის მოპოვების ნაცვლად, სიმინდის მოყვანას ცდილობს. "ყანაში მუშაობა მაინც არ მიწევდეს.

ასეთი მძიმე სამუშაოს შემდეგ, სახლში მოვდივარ და კიდე გასათოხი და დასაბარია, საქონელია მოსავლელი.

რა გავაკეთო ისე აღებული ხელფასი არაფერზე მყოფნის". მირიანი მიწის ქვეშ, 200 მეტრის სიღრმეზე არც მეტი არც ნაკლები, ამფეთქებლად მუშაობს.

ამ სიტყვებს მცირე პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი მოულოდნელი კითხვა:

"ახლა მე მიღირს სიცოცხლე?!"

იქვე მდგომი მისი კოლეგა საუბარში ერთვება და ამბობს: "მთელს ცხოვრებას წყვდიადში ბიუჯეტის გასამდიდრებლად გაატარებ და სიცოცხლის ბოლო წლებში სხვებისგან არაფრით განსხვავებულ პენსიას აიღებ".

ამ საუბრით დამძიმებული კვლავ მასპინძელთან ვბრუნდები, გიორგი ფეჩს უზის და ფანჯარას დაღლილი თვალებით უყურებს. "იქ ვიხოცებით" - ამბობს და თვალსაც კი არ ახამხამებს. შემდეგ მიბრუნდება და მთხოვს "ერთი ჩამოდი და გადაიღე სად ვმუშაობთ"- ამბობს მშვიდად მაგრამ ტკივილიანად, ამბობს ისე თითქოს უნდა პირი გახსნას და ყველაფერს მომიყვეს, რაც ამ წლების განმავლობაში გადაუტანია და განუცდია, თითქოს სურს უსამართლობის გუდას თავი მოჰხადოს და ყველა მუშის გასაჭირი თავს ერთად დამატეხოს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვეღარ მოითმენს და ყვირილს დაიწყებს, იტყვის რომ მუშებს არ აფასებენ, რომ მათ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, იტყვის რომ მაღაროში შესვლისას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც კი არ ინტერესდებიან, მომიყვება როგორ ეშინია, თავზე უზარმაზარი ლოდები რომ გადმოეფარება, იტყვის რომ სიბნელემ მის სულამდე ჩააღწია და სამუშაოდ წყვდიადში შესული სამუდამო წყვდიადში დარჩა, მაგრამ მის ზურგს უკან ოჯახია, ეს ახსენდება, არაფერს ამბობს, ხელს იქნევს და თვალს ისევ ფანჯარას უშტერებს.

გიორგის სურვილს ვერ ვუსრულებ, მავთულხლართებით გამაგრებული ღობის გადალახვა ჩემთვის შეუძლებელი ხდება. მუშებამდე მისასვლელ გზას, ყოველ ჯერზე, "მე დაგიგეგმავ", "რესპოდენტს მე შეგირჩევ", "რისი გადაღება გინდა მაღაროში?!", "რაში გამოიყენებ ამ მასალას" სიტყვები მიღობავს.

ბიუროკრატიამ გიორგის სამუშაო ადგილამდე მისვლის საშუალება არ მომცა. მე ვერ გავარღვიე წყვდიადი, რომელშიც გიორგი ჩაიკარგა...

სახლში დავბრუნდი და ეს წყვდიადი და სიბნელე თან ჩამოვიტანე.

myquiz