ქართულმა ღვინომ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა | Allnews.Ge

ქართულმა ღვინომ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

ქართულმა ღვინომ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო. კომპანია "მარანულის" "ოცხანურმა საფერემ" Decanter-ის კონკურსზე, პლატინის ჯილდო მოიპოვა.

ეს ერის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი მეღვინეებისთვის, დაახლოებით ისეთივე, როგორიც "ოსკარების" დაჯილდოებაა კინოხელოვანებისთვის. და აი ისიც, იმერული ჯიშის ყურძენმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

კომპანია "მარანულის" თანადამფუძნებელი გიორგი კილაძე allnews.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კონკურსი ძალიან პრესტიჟულია, ამასთან საუკეთესო ჯილდოს მოპოვება ძალიან რთული ამოცანაა.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში, 16 ათასამდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია გაცემული. თუმცა უმაღლესი, პლატინის ჯილდო სულ 130-ია და აქედან ერთ-ერთი, "ოცხანურ საფერეს" ეკუთვნის.

კონკურსზე მონაწილეობისთვის ელექტრონული ფორმის შევსებაა საჭირო. ამასთან, ღვინის ტრანსპორტირებისა და მონაწილეობის ხარჯებსაც კონკურსანტი მეღვინე ანაზღაურებს. საბოლოოდ კი, შესაძლოა, Decanter-ის წარმომადგენლებისგან დადებითი, უარყოფითი ან საერთოდ ვერ მიიღოთ პასუხი. წლებია ქართული ღვინო ამ კონკურსში მონაწილეობას იღებს და მხოლოდ წელს დადგა მისი წარმატების დრო.

"ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმატება არ არის. რა თქმა უნდა, ვამაყობთ მიღებული საუკეთესო შედეგით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ ასეთი წარმატება მოიპოვა. ფაქტობრივად ეს არის ქართული ღვინის, ქართული ყურძნის დაფასება მსოფლიო მასშტაბით."

ბრიტანული ღვინის ჟურნალი Decanter, ყოველწლიურად ახორციელებს საუკეთესო ღვინის შერჩევასა და შეფასებას.

პროცედურულად ღვინის შერჩევა ბრმად ხდება, ანუ ჟიური მხოლოდ არომატითა და გემოვნებით ირჩევს ღვინოს. საკონკურსო ბოთლები აბსოლუტურად დახურულია, არავინ იცის ვინ არის მწარმოებელი, რადგან ეტიკეტი საგულდაგულოდაა დაფარული. სწორედ, ეს ეტაპი გაიარა "ოცხანურმა საფერემ" რათა მეღვინეობის "ოსკარი", Decanter-ის პლატინის ჯილდო მიეღო.

ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Wine 'Oscar' for Georgia - Imeretian Maranuli receives historic award

myquiz