"ამ დროს ინტიმური ადგილები ტანსაცმლით უნდა დაიფაროთ" - დერმატოლოგი გირჩევთ, როგორ გაირუჯოთ სოლარიუმში შედარებით უსაფრთხოდ | Allnews.Ge

"ამ დროს ინტიმური ადგილები ტანსაცმლით უნდა დაიფაროთ" - დერმატოლოგი გირჩევთ, როგორ გაირუჯოთ სოლარიუმში შედარებით უსაფრთხოდ

დასვენებისა და რუჯის სეზონზე სოლარიუმში ვიზიტორების რაოდენობა მატულობს. Allnews.ge გთავაზობთ ინფორმაციას, რომ სოლარიუმში გარუჯვა უფრო უსაფრთხო გახადოთ.

დერმატოლოგ თეა ზირაქაშვილის თქმით, სოლარიუმით სარგებლობისას რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ:

1. გარუჯვა 48 საათში ერთხელ უნდა მოხდეს;

2. სოლარიუმით სარგებლობიდან 48 საათის განმავლობაში მზეზე არ უნდა გავირუჯოთ;

3. სოლარიუმში შესვლამდე კანიდან აუცილებლად უნდა მოვიცილოთ კოსმეტიკური საშულებები, ტონალური კრემი და სხვა დეკორატიული კოსმეტიკა;

4. დერმატოლოგის მიერ უნდა დათვალიერდეს კანზე არსებული ხალები, ნაწიბურები და სხვა გამონაზარდები;

5. სოლარიუმით სარგებლობისას თავზე უნდა გვეხუროს ერთჯერადი ჩაჩი და გვეცვას ასევე ერთხელ გამოყენებისთვის გამიზნული ქოში, თვალებზე კი დამცავი უნდა გამოვიყენოთ;

6. გაარუჯვის დროს ინტიმური ადგილები ტანსაცმლით უნდა დავიფაროთ;

7. მენსტრუალური ციკლის დროს სოლარიუმით სარგებლობა რეკომენდებული არ არის;

8. თუ მკურნალობთ მედიკამენტებით (მაგალითად, ანტიბიოტიკები), რომლებიც კანს მზის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის, შეიძლება დამწვრობა მიიღოთ, ამიტომ ამ დროს სოლარიუმში ვიზიტისგან, უმჯობესია, თავი შეიკავოთ. პროცედურის ჩატარება მედიკამენტის მიღებიდან 48 საათში შეგიძლიათ;

9. დაუშვებელია, 16 წლამდე მოზარდების გარუჯვა, ზედა ზღვარი დაწესებული არ არის, თუმცა მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს (გულ-სისხლძარღვთა და ა.შ), სოლარიუმით სარგებლობა რეკომენდებული არ არის;

10. სოლარიუმით სარგებლობისას დამცავი კრემები უნდა გამოვყენოთ (დერმატოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე), რათა კანის პიგმენტაცია არ მოხდეს.

11. წლის განმავლობაში სოლარიუმით სარგებლობისთვის ჯამურად 350 წუთია დაშვებული.

თეა ზირაქაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაბანის შემდეგ, სოლარიუმით სარგებლობა შესაძლებელია და ბევრი მომხმარებელი პროცედურამდე სპეციალურად იტარებს პილინგს, რათა კანის ზედაპირი გაითანაბროს.

"ვინც სოლარიუმით სარგებლობს, სასურველია, წელიწადში ორჯერ მაინც ეწვიოს დერმატოლოგს.

მიუხედავად იმისა, რომ სოლარიუმით ხშირ სარგებლობას კანის ავთვისებიანი სიმსივნის პროვოცირება შეუძლია და მისი არასწორად გამოყენება საფრთხისშემცველია, ის რიგ შემთხვევებში ორგანიზმისთვის სასარგებლოც კი არის. მაგალითად, ორორგანიზმში ვიტამინ D3-ს გამომუშავებას უწყობს ხელს, ასევე ხსნის სტრესს და ანტიდეპრესანტული მოქმედებაც აქვს," - განმარტავს დერმატოლოგი და დასძენს, რომ სოლარიუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება ჰიგიენის ნორმებს უნდა მიაქციოთ.

კერძოდ, სოლარიუმის გაწმენდა სპეციალური ხსნარებით ყოველი პაციენტის ვიზიტის შემდეგ უნდა მოხდეს, ასევე უნდა შეიცვალოს ჩაჩი და ქოშები.

მარიამ მენაბდიშვილი