რას საქმიანობდა ოთარ ფარცხალაძე და რა სკანდალებს უკავშირდება მისი სახელი | Allnews.Ge

რას საქმიანობდა ოთარ ფარცხალაძე და რა სკანდალებს უკავშირდება მისი სახელი

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პრკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

Allnews.ge შეეცადა გაერკვია, რა არის ოთარ ფარცხალაძის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი. ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2012 წლის 7 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიკავა. პოსტის დაკავების შემდეგ, ოპონენტები მისი წარსულის შესახებ, მუდმივად ახალ დეტალებს იხსენებდნენ.

ფარცხალაძის CV

მათ შორის ერთ-ერთი ფარცხალაძის განათლება იყო, რომელიც პროკურატურას ვებგვერდზე განთავსებულ მის რეზიუმეში ჰქონდა მითითებული. 2014 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ფარცხალაძე 1976 წლის 18 ივნისს დაიბადა. თუმცა, 2013 წელს, მთავარმა პროკურატურამ ვებგვერდზე ფარცხალაძის მეორე СV განათავსა, რომელშიც მისი დაბადების თარიღი 1971 წელია. მედიასაშუალებების ინფორმაციით, მიზეზი საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა, რომელიც ფარცხალაძის СV-ში მითითებულ უნივერსიტეტის დამთავრების თარიღს, 1995 წელს უკავშირდებოდა. თარიღის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში, 1995 წელს დაამთავრა, რაც არარეალურად ჟღერს.

აღნიშნულს პროკურატურის პრეს-სამსახური, თემურ დოლიძე კი იმით ხსნიდა, რომ ოთარ ფარცხალაძემ 6 წლის ასაკში წერა-კითხვა უკვე იცოდა, შესაბამისად, სკოლაში სწავლა არა პირველი არამედ, მეორე კლასიდან დააწყებინეს.

მიუხედავად, პროკურატურის ვებ-გვერდზე შეცვლილი დაბადების თარიღისა, Declaration.ge-ის მიხედვით ოთარ ფარცხალაძე სწორედ 1976 წელს, თბილისში დაიბადა. მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ყოფილი პროკურორის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია განთავსებული აღარ არის.

ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, განაცხადა, რომ ფარცხალაძის დავალებით, ის საკნიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

ფაქტს თავად ფარცხალაძე უარყოფდა, თუმცა 2016 წლის 14 ივნისს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება 2017 წლის 22 თებერვალს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზევე შეწყდა, რის მიზეზადაც ყოფილი პრემიერის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის არ დადასტურება დასახელდა.

მომდევნო სკანდალი ფარცხალაძის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

მედიის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე "შინაგან საქმეთა სამინისტროში", სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, გარდა ამისა, ის საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრიც იყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე 2001 წლის 16 იანვარს აუსბურგის სასამართლოს მიერ, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვისაა ნასამართლევი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გერმანიაში ოთარ ფარცხალაძე ბოტასის ქურდობის გამო გასამართლდა.

აღნიშნული სკანდალების შემდეგ, 2013 წლის 30 დეკემბერს, ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობაზე, 2014 წელს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით გიორგი ბადაშვილი დანიშნა. მიუხედავად თანამდებობის დატოვებისა, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ახალ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ოთარ ფარცხალაძე მართავდა და მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაში, გადამწყვეტ როლს ასრულებდა.

ოპოზიცია ყოფილი პროკურორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას 2017 წელსაც ავრცელებს. კერძოდ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, რის შესახებაც მან კადრებიც გაასაჯაროვა, ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტურქტურების კერძო ავტომობილები ემსახურება, რომლებიც ფინანსური პოლიციის საკუთრებაშია, თუმცა საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ფარცხალაძესთან დაკავშირებით, დღეისთვის ყველაზე აქტუალური, მისი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას დაპირისპირებაა, რომლის შედეგადაც გენერალურ აუდიტორს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ლაშა თორდიას განმარტებით, ის ფარცხალაძესა და მერიას შორის არსებული კორუფციული გარიგებებით დაინტერესდა, რასაც ყოფილი პროკურორის მხრიდან აგრესია მოჰყვა. თორდია აცხადებს, რომ ფარცხალაძე შემთხვევის დროს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ოთარ ფარცხალაძის ქონება

Reginfo-ს ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ 2015-2016 წლებში, შეიძინა თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართ, ასევე ბინა ქალაქ ბათუმში, 2 ბინა ბაკურიანში და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე მიწის 4 ნაკვეთი.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის 29 ივნისს, ოთარ ფარცხალაძემ უძრავი ქონების კომპანია შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის" 100%-იანი წილიც შეისყიდა. შეძენილი ქონების საერთო ღირებულება კი 1 130 000$-ს შეადგენს. ამასთანავე, სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას ფარცხალაძის მიერ დეველოპერული კომპანიის შეძენის თაობაზე "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო ინფორმაციის ეროვნული სააგენტოდან" გამოთხოვილი დოკუმენტის გასაჯაროებით ადასტურებს.

რაც შეეხება მისი ქონების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, 2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე და მისი მეუღლე თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე, 150 კვ.მ ფართობის ბინასა და მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე 76,28 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ფლობდნენ.

ამავე პერიოდში ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში მსუბუქი ავტომანქანა, 1994 წელს გამოშვებული Toyota 4-runner-ი იყო.  გარდა ამისა, 2014 წელს ოთარ ფარცხალაძეს სესხებიც ჰქონდა: "პროგრეს ბანკი" 1000 000$-ს ოდენობით, რომელიც უძრავი ქონების შეძენის მიზნით გამოიტან და ასევე სახელფასო კრედიტი "ლიბერთი ბანკში" 26 350 ლარის ოდენობით.

myquiz