რატომ გახშირდა თბილისის მეტროში შეფერხებები და როგორ მოწმდება მიწისქვეშა ტრანსპორტი | Allnews.Ge

რატომ გახშირდა თბილისის მეტროში შეფერხებები და როგორ მოწმდება მიწისქვეშა ტრანსპორტი

თბილისის მეტროსადგურები მგზავრებით მუდმივად დატვირთულია, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, შესაბამისად, მის გამართულად მუშაობას მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში რამდენიმე მეტროსადგურის ფუნქციონირება შეფერხდა, რაც შესაბამისმა სამსახურებმა მალევე აღმოფხვრეს.

Allnews.ge დაინტერესდა, რატომ ხდება მეტროსადგურების ფუქნციონირების შეფერხება და როგორი პერიოდულობით ამოწმებენ მიწისქვეშა ტრანსპორტს. ინფორმაციის მისაღბად ჩვენ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით.

ტექნიკური დირექტორის, ლევან მეხრიშვილი თქმით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მეტროსადგურების შემოწმება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რაშიც დაახლოებით 1 200 თანამშრომელია ჩართული.

"შემთხვევისგან დაზღვეულები არავინ ვართ, თუმცა, მეტრო ტექნიკურად გამართულია.

მეტროში ყველა დანადგარის შემოწმების ე.წ ტექნოლოგიური პროცესები და გეგმიურ გამაფრთხილებელი სამუშაოები გაწერილი გვაქვს, ვიცით, რა როდის უნდა გაკეთდეს. ზოგიერთი მოწყობილობა საბჭოთა კავშირის დროინდელია, თუმცა, ყველა უწყება შემოწმების თვალსაზრისით, თავის სამუშაოს ზედმიწევნის ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ შეფერხება მოწყობილობა-დანადგარი სიძველის გამო ხდება, მას ვთიშავთ და ვამოწებთ ხოლმე," - განმარტავს ლევან მეხრიშვილი.

მისი განმარტებით, მატარებლის ვაგონებს, რომლებიც 20 საათის განმავლობაში მოძრაობენ, უთვლიან, შემოწმება როდის და რამდენი კილომეტრის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ, რათა მათი ექსპლუატაცია შეძლონ.

"ვამოწმებთ ლიანდაგს, გვირაბს, ყველა ესკალატორს, სადგურებს, სიგნალიზაციისა და ავტობლოკირების, ენერგომომარაგების მოწყობილობებს, რის შემდეგაც მეტრო დილის 6 საათზე მუშაობას იწყებს." - განმარტავს ტექნიკური დირექტორი.

რაც შეეხება შეფერხებების მიზეზებს, მისი თქმით, აქამდე მომხდარი შემთხვევები მასშტაბური არ არის და მცირე დაზიანებას უკავშირდება.

მეტროსადგურ "წერეთელში" მომხდარ ინციდენტზე მეტროპოლიტენის წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს

"მეტროსადგურების შეფერხება ხშირად არ ხდება. გუშინდელი შემთხვევა რომ ავიღოთ, ერთ-ერთი კაბელი დაზიანდა, ჩვენ ინსტრუქციებს მივყევით, ყველაფერი გამოვრიცხეთ, რასაც შეიძლებოდა, შეფერხება გამოეწვია და მეტრო შემდეგ გავხსენით. შესაძლოა, მგზავრებს შეექმნათ პრობლემა, ერთი საათის განმავლობაში შეფერხდნენ, მაგრამ ეს არის აუცილებელი, ამის გარეშე არ შეიძლება," - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომპანიას გაწერილი აქვს, ავარიულ სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეს და ევაკუაცია როგორ უნდა განახორციელოს, მაგალითად კი 90-იანი წლების გამოცდილება მოჰყავს.

"90-იან წლებში, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო მატარებლებს ვაჩერებდით, ვანათებდით გვირაბსა და ვესტიბიულებს, მგზავრები გვირაბიდან გამოგვყავდა. გუშინაც მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, დისპეტჩერმა სახანძრო რაზმი გამოიძახა, თუმცა რეალურად დაზიანება სადენზე, მხოლოდ 40 სანტიმეტრის სიგრძეზე იყო, რომელიც აღმოიფხვრა. არაფრისგან დარღვეულები არ ვართ, ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, მეტროსადგურებში, რკინიგზებზე ხდება დაზიანებები, მაგრამ ჩვენ აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ასეთი რაღაც აღიკვეთოს. მეტროსადგურების შემოწმება ღამით ხდება, როდესაც მთელ ქალაქს სძინავს," - განმარტავს ის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მომხდარი შემთხვევის შემდეგ, წერეთლის მეტროსადგურის ფუნქციონირება 1 საათით იყო შეფერხებული, რის შემდეგაც მგზავრების მიღება კვლავ განახლდა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz