2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე? | Allnews.Ge

2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლიდან დღემდე, დაღუპულია 20, ხოლო დაშავებულია 19 მეშახტე, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად რეაგირება არ ხდება.

"სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობენ.

რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ტყიბულში რამდენიმე შედარებით დაბალი თანამდებობის პირი დარღვევების გამო, პასუხისგებაში მისცეს. თუმცა, მკაცრი მითითება კომპანიისთვის ხელისუფლებას არ მიუცია. სახელმწიფომ საზოგადოებას მოახვია მკაცრი დოქტრინა, რომლის გამოც, დღეს მოსახლეობა ბიზნესთან 100-ით 0-ს აგებს," - განმარტავს ის და დასძენს, რომ "საქნახშირი" გაფრთხილებებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებით იღებდა, თუმცა, ხელისუფლებისგან ასეთი რეაგირება ეფექტური არ არის.

"შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამბობს, რომ ტყიბულში შემოწმება რამდენჯერმე ჩაატარა და რეკომენდაციები მისცა კომპანიას ადმინისტრაციას, თუ მართლა ასეა, მაშინ უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. კვლევის საგანია, ამწევი დანადგარი, რომელიც ჩავარდა და 4 ადამიანი ჩაიყოლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო თუ არა შემოწმებული და თუ იყო, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს.

ასევე, გამოსაძიებელია, დანადგარები ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა თუ არა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ მომხდარში კომპანიის პასუხისმგებლობა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილის მომზადების პროცესში იკვეთება.

თამაზ დოლაბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი 2010 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე შემთხვევაა, რაშიც სახელმწიფოს როლიც იკვეთება.

"ამაში ბრალი ყველას მიუძღვის, ვინც აქამდე, ხელს უშლის შრომის ინსპექციის შექმნას.

მთავრობის ყველა წევრი, რომელიც ბიზნესს ამ კუთხით ლობირებს, მომხდარში პასუხისმგებელია," - განმარტავს დოლაბერიძე.

შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

"მოხდა საშინელი ტრაგედია. ძალიან ძნელია ჩამოაყალიბო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შრომიის ინსპექციის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა ტრაგედია.

დამერწმუნეთ, შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა.

თვითონ შრომის უსაფრთხოების სისტემა არის მრავალ ეშელონიანი სისტემა და მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იმუშავეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემამ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ და სხვა უწყებებმა, მათ შორის თვითონ სასამართლო სისტემამაც. აქ არის მთელი პროცესი. 240-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული საპატიმრო სანქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამას ითვალისწინებს.

შეეფარდათ მხოლოდ პირობითი სასჯელი ან დაეკისრათ კომპენსაცია.

გასაგებია, რომ დაღუპულთა ან დაზიანებულთა ოჯახებს ურჩევნიათ კომპენსაციის მიღება, მაგრამ ამის გამო პრევენციული ფუნქცია აღარ გააჩნია სასამართლოს, რადგან შიში აღარ არის ციხეში წასვლის",- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოების თუ ორგანიზაციების შემთხვევაში.

"ასევე, ვაპირებთ და პირადად ჩემი ინიციატივა გახლავთ, რომ როგორც ეს ბევრ ქვეყანაშია, შემოვიტანოთ სავალდებულო მოთხოვნა გაზრდილი სტანდარტების შრომის უსაფრთხოების, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის. ძალიან დიდ თანხებს დახარჯავს სახელმწიფო შემდეგი 4 წლის განმავლობაში. 10 მილიარდამდე ლარი მხოლოდ ინფრასტრუქტურაში უნდა დაიხარჯოს და ამ ტიპის ტენდერში ვინც მონაწილეობს, მათთვის იქნება მოთხოვნილი გაზრდილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ასევე მოთხოვნილი იქნება, რომ მათ ჰქონდეთ შეუბღალავი პროფილი, მათ უნდა წარმოადგინონ საბუთი, რომ შრომის უსაფრთხოება მათთან დაცულია, საწარმო ტრავმები მინიმალურია, ან არ არსებობს. ასეთ ორგანიზაციებს მიეცემა უპირატესობა", - განაცხადა ზოიძემ.

სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მუშაობას უარყოფითად აფასებს "ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრიც.

"სოციალური უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე განმარტავს, რომ ტყიბულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და პასუხისმგებელი პირი სწორედ ამის შემდეგ დადგინდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების მაჩვენებელი მაღალია, სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს, - "შსს-ს ოფიციალურად მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე დაღუპვის მაჩვენებელი ყოველწლიურად დაახლოებით, 40-ს შეადგენს, ხოლო 80-მდე დასაქმებული სხეულის მძიმე დაზიანებებს იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც პასუხისმგებლობა უსაფრთხოების საკითხებზე აიღო, 2015 წლიდან დღემდე დასაქმებულთა დაღუპვის მაჩვენებელი გაიზარდა. ამდენად, მექანიზმი, რომელიც შეიქმნა და უსაფრთხოების საკითხებზეა პასუხისმგებელი და მუდმივად ვამბობთ, რომ ის ეფექტიანი ორგანო არ არის და მას უსაფრთხოების პოლიტიკაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ამ სტატისტიკით მათი მუშაობის არაეფექტურობა ცხადად დასტურდება," - განმარტავს ის და დასძენს, რომ EMC-ს შრომის დეპარტამენტის საქმიანობის დეტალურად შესწავლა და შეფასება არ შეუძლია, რადგან უწყების საქმიანოbა დახურულ ინფორმაციას წარმოადგენს, რაც საზოგადოებისთვის დამატებითი პრობლემაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბაგირი გაწყდა და მეშახტეები შახტაში დაახლოებით, 400 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ. ამ დროისთვის მათი ცხედრები შახტიდან ამოყვანილია.

 

მარიამ მენაბდიშვილი

 

იხილეთ ასევე:

"საქნახშირი" ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რას წერენ "ფეისბუქზე" ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე

myquiz