წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია 13 თვეში დასრულდება | Allnews.Ge

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია 13 თვეში დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. როდიდან დაიწყება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული გზის რეაბილიტაცია და რომელი კონტრაქტორი შეასრულებს სამუშაოებს, ამ საკითხზე  "ინტერპრესნიუსი" მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გაგი ბუაძეს ესაუბრა.

- როდიდან დაიწყება და რა ტიპის სამუშაოების ჩატარება იგეგმება წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე?

- მობილიზაცია ამ თვეშივე დაიწყება. პირველი ეტაპისთვის გამწმენდი სამუშაოები ჩატარდება, ჩამოწოლილი მასის გადატანა მოხდება. პარალელურ რეჟიმში კონტრაქტორი დეტალური პროექტის დამუშავებას დაიწყებს.

კონტრაქტის თანახმად, პროექტი 13 თვეში უნდა დასრულდეს.

კონტრაქტორის მხრიდან მზაობა არის და ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ხელშეწყობა იქნება, ვიმედოვნებთ, სამუშაოებს ვადაზე ადრე დავასრულებთ.

- სპეციალისტების ნაწილი შიშობს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა, ადგილმდებარეობის სპეციფიურობიდან გამომდინარე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად?

- ყველა თანხმდება, რომ ეს ფერდობი ძალიან საშიშია. არის გარკვეული რეკომენდაციები USAID- ის მიერ გაკეთებულ კვლევებში, რომელთა გათვალისწინება იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ კონტრაქტორისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ ამ ფერდობზე არსად ძვრა არ მოხდება. იქ, სადაც სამუშაოების წარმოებაა დაგეგმილი და მომიჯნავე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი და გარანტორი კონტრაქტორი იქნება, პროექტირებაზეც პასუხისმგებლობას კონტრაქტორი იღებს. თუმცა, ჩვენი თანხმობის გარეშე სამუშოებს ვერ დაიწყებს. პროექტს ექსპერტებთან განვიხილავთ. კონსესუსის მიღწევის შემდეგ გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.

- უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი სამუშაო მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების მოწყობას უკავშირდება. როდიდან დაიწყება და რა პერიოდში შესრულდება აღნიშნული სამუშაოები?

- ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულებულია ტენდერი, კონტრაქტორი მოწვეულია, გაიმარჯვა კომპანია "ერკერმა". ველოდებით გარანტიის წარმოდგენას. მობილიზაცია სავარაუდოდ ამ თვეში უნდა დაიწყოს. სამუშოებისთვის ერთი წელია განსაზღვრული.

ანა მარშანია

იხილეთ სრული ვერსია

myquiz