როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და როგორ გამოვიყენოთ პატარა სივრცე გონივრულად | Allnews.Ge

როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და როგორ გამოვიყენოთ პატარა სივრცე გონივრულად

მანსარდული ტიპის ბინები თბილისში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ამის მიზეზი ძირითადად, მისი დაბალი ფასია. Allnews.ge შეეცადა გაერკვია როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი?

როგორც საჯარო რეესტრში გავარკვიეთ, თუ მრავალსართულიან კორპუსში სხვენის საკუთრებაში გადმოცემა გსურთ, ამხანაგობას უნდა მიმართოთ. იმ კორპუსის სხვენის საკუთრებაში გადმოსაცემად, რომელშიც ცხოვრობთ, ამხანაგობის წევრთა მხოლოდ ნაწილის თანხმობაა საჭირო (2/3-იანი კრების ოქმის მეშვეობით), მაგრამ, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ამ კორპუსში 2007 წლამდე არ ცხოვრობდით, მაშინ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა დაგჭირდებათ (ანუ 100%-იანი კრების ოქმი). ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა საჭირო იმ შემთხვევაშიც არის, თუ იმ კორპუსის მანსარდა გსურთ საკუთრებაში გადმოგეცეთ, რომელშიც არ ცხოვრობთ.

ამასთან, თუ სხვენი ვინმეს საკუთრებაში არ არის, მაშინ მის საფასურს არ იხდით და საჯარო რეესტრში მხოლოდ  სარეგისტრაციო თანხის გადახდა გიწევთ, (თუ გსურთ, რომ დოკუმენტაცია მზად 4 დღეში იყოს - 50 ლარი, იმავე დღეს - 200, ხოლო მეორე დღეს კი 150 ლარი უნდა გადაიხაოთ). სხვენის რეგისტრაციისთვის ასევე აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კრების ოქმი გესაჭიროებათ.

თუ მანსარდის, იგივე სხვენის მშენებლობა გსურთ, ნებართვისთვის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოთ, რომელიც შესაბამისი დასკვნის საფუძველზე სამუშაოების დაწყების უფლებას გასცემს.

მშენებელ გრიგოლ ნადირაძის განმარტებით, მოთხოვნა მანსარდული ტიპის ბინების მშენებლობაზე, როგორც კორპუსების, ასევე კერძო  სახლების შემთხვევაშიც დიდია.  სპეციალისტები მშენებლობამდე არსებული კონსტრუქციის სიმყარეს აფასებენ და საჭირო მასალას ამის მიხედვით არჩევენ.

"მანსარდის აშენება რა მასალით მოხდება, კონსტრუქციის სიმყარეზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც წესი, ხის ან რკინის კონსტრუქცია გამოიყენება. კონსტრუქტორი ასევე განსაზღვრავს, როგორი დახრა უნდა ჰქონდეს მას და  კაპიტალურად გაკეთების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა ბლოკის გამოყენება, რომელიც, როგორც წესი, შენობას ამძიმებს. აშენების შემდეგ კედლებზე, ოთახებში თაბაშირ-მუყაო გამოიყენება, რომელიც შედარებით ხელმისაწვდომია, ჭერზე კი აღნიშნული მასალის ნაცვლად, ხის გამოყენება სჯობს, რადგან ეკოლოგიურად სუფთა მასალაა," - განმარტავს მშენებელი.

იმავეს გვირჩევს ინჟინერ მალხაზ თევზაძეც. მისი თქმით, მანსარდისთვის რკინის კონსტრუქციის გამოყენება უსაფრთხო არ არის, რადგან რყევებისას მისი შედუღებული ნაწილები ზიანდება, ამიტომ ჯობს, ხის კონსტრუქცია გამოვიყენოთ.

"შიგნით თაბაშირ-მუყაოს გაკვრას, ხე ჯობს, თუმცა ყველაფერი თანხებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ჭერს, აქ ხის მასალას გირჩევთ, პლასტმასის გაკვრა მიზანშეწონილი არაა, რადგან ის ძირითადად, სველი წერტილებისთვის გამოიყენება," - განმარტავს ინჟინერი და დასძენს, რომ, მანსარდის ფართობის კარგად ათვისების შემთხვევაში, მასში შესაძლებელია, ორი საძინებელი, მისაღები ოთახი და ერთი სველი წერტილიც გამოვიდეს.

"იყიდება ფანჯრები, რომლებიც სპეციალურად მანსარდისთვის იწარმოება და არ ატარებს წყალს, გასაღებით იკეტება, საჰაერო სისტემა ისე აქვს მოწყობილი, როგორც საჭიროა. საქართველოში მისი რეალიზაცია ყველგან ხდება, სადაც სამშენებლო მასალები იყიდება," - განმარტავს მალხაზ თევზაძე.

გაითვალისწინეთ, რომ ფართობის ეკონომიისთვის, აჯობებს კარადები კედლებში გააკეთოთ. ამასთან, ფართობის გაზრდის მიზნით, უმჯობესია ნათელი ფერები გამოვიყენოთ, რაც შედარებით დიდი სივრცის შთაბეჭდილებას შექმნის. სიმყუდროვისთვის კი ფანჯრებზე ჟალუზების გაკეთება კარგი გამოსავალი იქნება..

რაც შეეხება ფასებს, ინჟინერ თევზაძის თქმით, მანსარდის ტიპის ბინებში 1კვ.მ ფართობის შავი კარკასის მშენებლობა, როგორც წესი 40 ლარიდან, ხოლო თეთრი კარკასის - 100 ლარიდან იწყება, ეს იმ შემთხვევაში, თუ მანსარდული ტიპის ბინა თაბაშირ-მუყაოთია გაკეთებული.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz