რა ფული ტრიალებს სათამაშო ბიზნესში და როგორ განვიკურნოთ ლუდომანიისგან | Allnews.Ge

რა ფული ტრიალებს სათამაშო ბიზნესში და როგორ განვიკურნოთ ლუდომანიისგან

4 037 000 000 ლარი - ეს არის აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა საქართველოში 2016 წელს, რომელიც Allnews.ge-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა. 5 წლის წინ, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 366 000 000 ლარი იყო. ზრდის ტემპი ცალსახად გვანახებს, თუ რამდენად იზრდება ლუდომანიით ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით დაავადებული ადამიანების რაოდენობა და მათ მიერ წაგებული ფინანსური რესურსი საქართველოში.

ქვეყანაში აზარტული თამაშები ადეკვატურად არ რეგულირდება. რეალურად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ყოველ წუთას ხდება ლუდომანიის, რომელსაც დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0, პოპულარიზაცია და არა მასთან, როგორც დაავადებასთან, ბრძოლა.

გიგი 21 წლისაა. ონლაინ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვნობის ასაკიდან იყო ჩართული. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მის ასაკს პრობლემა არ შეუქმნია ონლაინკაზინოებში რეგისტრაციის დროს.

"ოჯახში არ იცოდნენ, რომ ვთამაშობდი. ალბათ ხვდებოდნენ, რადგან სტუდენტობისას ხშირად იმაზე მეტი ფული მქონდა, ვიდრე მშობლები მაძლევდნენ. ხშირად ვყიდულობდი ახალ ტანსაცმელს, რომელის ფულიც მათ არ მოუციათ. თუმცა სიღრმისეულად არასდროს დაიტერესებულან ამ საკითხით. დედა პერიოდულად მეუბნებოდა ხოლმე, რომ არ მეთამაშა, თუმცა ამ საკითხს სერიოზულად არასდროს აღიქვამდა. ალბათ, ამაშია საზოგადოების პრობლემა.

აზარტომანიას რეალურ პრობლემად ვერ აღიქვამენ.

რთულია იმის გაცნობიერება, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ონლაინ კაზინოებმა და ტოტალიზატორებმა, სადაც თამაშს უწყინარი 1 ლარით იწყებ. თამაშის დროს უფრო მეტის და მეტის სურვილი გიჩნდება. ჩემთვის შემდეგი ეტაპი იყო კაზინო, სადაც პირველად მისულმა, რა თქმა უნდა, მოვიგე. შემდეგ დაიწყო წაგებების დიდი და გრძელი სერია. მაგრამ გაჩერებას ვეღარ ვახერხებდი.

ბანკებს და მიკროსაფინანსოებს მივმართავდი სესხისთვის. საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი ვალი დამიგროვდა.

საბედნიეროდ, შეჩერება შევძელი. თუმცა ძალიან ბევრი ჩემს მდგომარეობაში ვერ ჩერდება და სავალალო შედეგამდე მიდის. ახლა სტაბილური სამსახური მაქვს, თუმცა ჩემი შემოსვალის უდიდესი ნაწილი ვალებში მიდის. ყველა თამაშობს ჩემს გარშემო, უნივერსიტეტში, სამსახურში, უბანში... მათი უმეტესობა ჩემსავით პრობლემის სირთულეს ვერ აცნობიერებს. ამიტომ სასწარაფოდ სერიოზული რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო," - განმარტავს გიგი.

გიგი ქართული საზოგადოების გამონაკლისი მართლაც არაა. ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი ონლაინკაზინოებით სარგებლობს. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის (აფბა) კვლევის თანახმად, ქვეყანაში ონლაინკაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1 033 000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული. ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.

მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული

ასეთია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" "აზარტული თამაშები საქართველოში" კვლევის ფარგლებში ჩაატარა. 6%-იდან უმრავლესობა უპირატესობას ონლაინტოტალიზატორს ანიჭებს. მოსახლეობის 2%-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).

ლუდომანიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ დეპრესიასა და თვითმკვლელობის მცდელობებშიც კი გადაიზრდება. ლუდომანიის აბსტინენციის ნიშნები, ფაქტობრივად, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აბსტინენციის სიმპტომების ანალოგიურია.

ლუდომანია - დაავადება, რომელიც ქართველი ახალგაზრდების სენად იქცა

"აზარტომანიასთან ბრძოლა უფრო რთულია, ვიდრე ნარკომანიასთან. ნარკომანიასაც და აზარტომანიასაც "მანია" აქვს ბოლოში ანუ ორივე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ნივთიერების ან ქმედების მიმართ მანიაკალური დამოკიდებულება უყალიბდება. განსხვავება არის ის, რომ ნარკოტიკს აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური "ლომკა". აზარტულ თამაშებს კი - მხოლოდ ფსიქოლოგიური. ტვინში მიმდინარე პროცესები კი, რაც იწვევს დამოკიდებულებას, აბსოლუტურად ანალოგიურია. ფსიქოლოგიური "ლომკა" განსაკუთრებით რთული სამართავია. ნარკოტიკზე დამოკიდებულების დროს ფიზიკურადაც ცუდად ხდებიან და ეს გარკვეულწილად შეჩერების მიზეზი ხდება ხოლმე. ლუდომანებს კი ეს მომენტი არ აქვთ," - განმარტავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის "კამარას" ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.

"კამარაში" აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რეაბილიტაციაზე მიმართვიანობა საკმაოდ ხშირია.

მკურნალობის ძირითადი საშუალება არის ფსიქოთერაპია. პროცესში ჩართულია მედიკამენტოზური მკურნალობაც, რადგან აზარტომანებს ხშირად დეპრესია და ძილის პრობლემები აწუხებთ. ცენტრს ძირითადად 20 წლის ზემოთ ასაკის მამაკაცები მიმართავენ.

რეაბილიტაციის ცენტრში უკვე დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან. თუმცა ეს ზოგადი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არაა. საჭიროა სახელმწიფოს ნება და ადეკვატური გეგმა, რომელიც კაზინოებისა და ტოტალიზატორების საქმიანობას და მათში ჩართული ადამიანების ქცევას ადეკვატურად დაარეგულირებს.

ონლაინ კაზინოების რეგულირების დასავლური პრაქტიკა

"ამ კუთხით ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო. ის უკვე გამოგონებულია და საჭიროა სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილება დავნერგოთ ჩვენც," - ერთსა და იმავეს იმეორებს როგორც ნინო კომახიძე, ისე "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი.

"სახელწმიფო ამ პრობლემას ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ასე რომ იყოს, ოფიციალური სტატისტიკა მაინც იარსებებდა და ის მაინც გვეცდინებოდა, რამდენი არასრულწლოვანია ჩართულია ამ საქმეში და რამდენს აგებს თითოეული საშუალოდ. პრობლემასთან ბრძოლის პირველი ეტაპი არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უნდა იყოს. ჩვენ რომ კვლევას ვატარებდით, ერთ-ერთი ონლაინკაზინოს საიტზე რეგისტრაციისას პირადი ნომრის ველში ციფრების უბრალო კომბინაცია ჩავწერე და არავითარი პრობლემა არ ყოფილა.

მეორე მხრივ, აუცილებელია, წაგების ლიმიტები დაწესდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო ძალიან მაღალი გადასახადებით დაიბეგროს და შემოსული თანხა პირდაპირ განათლებაში წავიდეს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ამ თანხით სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს სოციალური კამპანია და ყველას გააგებინოს, რა საფრთხეს შეიცავს ამ საქმესთან ურთიერთობა. ჩვენთან კი ერთი სოციალური რგოლიც არ გადაუღიათ, რომელსაც მერე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაუშვებდნენ. განა რა დაჯდებოდა ამის გაკეთება? ასევე, არ შეიძლება კაზინოები ქალაქის ცენტრში იყოს. ამაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ტურიზმისთვის კარგია. რეალურად კი ჩამოსული ადამიანისთვის სულ ერთია, ის თბილისის ცენტრში ითამაშებს თუ ქალაქიდან ცოტა მოშორებით," - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

დღეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ისეთივე ეპიდემია, როგორიც ერთი პერიოდი ნარკომანია იყო

ვიდრე მასშტაბური პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფო დაიწყებს ზრუნვას, "კამარა" ცდილობს ლუდომანიით უკვე დაავადებულ ადამიანებს მაინც შეუმსუბუქოს ცხოვრება და განკურნებაში დაეხმაროს.

"ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად შეზღუდოს საკუთარი თავი. პრობლემის სათანადოდ გაცნობიერება უნდა მოხდეს.

მკურნალობა იწყება იმ მომენტიდან, როცა ადამიანი ამას თავად გადაწყვეტს.

სხვაგვარად ყველაფერი უშედეგო იქნება. "აღარ ითამაშო" - სათქმელად მარტივია, აზარტით გატაცებული ადამიანებისთვის განსახორციელებლად კი რთული. ამიტომაც თუ საკუთარი ძალებით ვერ ახდენენ საკუთარი თავის კონტროლს, აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა," - ამბობს ნინო კომახიძე.

ამჟამად "კამარას" გრანტი აქვს მიღებული და ივნისის ჩათვლით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჯგუფური თერაპია უფასოა. შეხვედრები ტარდება ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. ინდივიდუალური თერაპიის ერთი სტანდარტული სეანსი კი ცენტრში 60 ლარი ღირს.

 

 

ნანა მღებრიშვილი

myquiz