წვავდნენ თუ არა მიზანმიმართულად ხეებს ლისის ტბასთან? - "ლისი დეველოპმენტის" პასუხი | Allnews.Ge

წვავდნენ თუ არა მიზანმიმართულად ხეებს ლისის ტბასთან? - "ლისი დეველოპმენტის" პასუხი

კადრში ლისის ტბა და მისი შემოგარენი ჩანს. ოპერატორი, რომლის ფუნქციას პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ასრულებს კამერას ტბის საპირისპირო მხარეს აბრუნებს და ფერდობზე გაშენებულ ტყეზე მიგვითითებს. ახლო კადრში ძირდამწვარი ხეები ჩნდება.

ხაბეიშვილმა ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხეებს ძირებს საგანგებოდ, მათ გასახმობად, უწვავენ, არგუმენტად კი ის მოჰყავს, რომ მასშტაბური ხანძრის კვალი არ შეინიშნება და ხეების ირგვლივ ბალახიც ნედლია. მან ვანდალური ქმედების მოტივად ბიზნესინტერესები დაასახელა და მოსახლეობას ტერიტორიის დაცვისკენ მოუწოდა.

"მოქალაქემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აქ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხეების დაწვა, ეს ფაქტობრივად არის კატასტროფა, რაც აქ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ მიმართა თბილისის მერიას, ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა"- ამბობს ლევან ხაბეიშვლი გავრცელებულ ვიდეოში

Allnews.ge-ის კითხვაზე შეესაბამება თუ არა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოზე ასახული ვითარება სინამდვილეს, თბილისი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ ყველაფერი რაც ვრცელდება არის ტყუილი და ხანძარი წელს არ მომხდარა.

"სიტუაცია, რაც იქ ხდება ძველი ხანძრის შედეგია.

ჩვენ გვაქვს ფოტოები, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადაღებული და დათარიღებული. ისინი 2016 წელსაა გადაღებული, როცა მოხდა პატარა ხანძარი მანამდე 2012 წელს იყო დიდი ხანძარი. სამწუხაროდ ყოველ ზაფხულს ხანძარი ჩნდება ლისზე და წავკისის გზაზეც"- განაცხადეს თბილისის მერიაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რაიმე მშენებლობის შესაძლებლობას გამორიცხავენ. მათი თქმით, ზედამხედველოვბის სამსახურმა ვითარება ადგილზე დღესაც შეისწავალა.

ვიდეოზე ასახული ვითარება წინა წლებში მომხდარ მინდვრის ხანძარს დაუკავშირეს "ლისი დეველოპმენტშიც". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიისთვის ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი.

"კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშრებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად.

ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას"- ნათქვამია განცხადებაში.

იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე Allnews.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ოფიციალური პასუხის მოლოდინშია.

myquiz