რა აღიქმება მუქარად და როგორ გვიცავს სახელმწიფო | Allnews.Ge

რა აღიქმება მუქარად და როგორ გვიცავს სახელმწიფო

ხშირ შემთხვევაში მუქარას უფრო მძიმე დანაშაული მოსდევს ხოლმე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა პოლიციას დროულად მიმართოს და ფაქტს ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. რა აღიქმება მუქარად და რა პრევენციულ თუ დამცავ მექანიზმებს იყენებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დანაშაული უფრო არ დამძიმდეს?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, მუქარის განმარტება და დასჯის ღონისძიებები ასეთია: "სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე."

"საქართველოს იურისტთა ასოციაციის" იურისტის, გოგა ხატიაშვილის განმარტებით, მუქარა ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და თუ მისი სამიზნე ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონებაა, ამას სახელმწიფო როგორ დასჯად ქმედებას, ისე აღიქვამს. ასევე, მუქარის ფაქტზე, საქმის გამოძიება მაშინ დაიწყება, როდესაც მას, ვისაც ემუქრებიან, აღნიშნულის განხორციელების შიში გაუჩნდა.

"ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ. იმ შემთხვევაში, თუ მუქარა ოჯახის ფარგლებში ხდება, ეს მსხვერპლს დამატებით შესაძლებლობას აძლევს, რომ თავი დაიცვას, რაშიც შემაკავებელი ან დამცავი ორდერი იგულისხმება. მეორეს მხრივ, თუ მუქარა ოჯახით არ შემოიფარგლება, დამცავი მექანიზმი მხოლოდ გამოძიების დაწყებაა, რადგან ოჯახის ფარგლებს გარეთ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოწერა ვერ მოხერხდება," - აღნიშნავს იურისტი და დასძენს, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საქართველოში ოჯახის ფარგლებს გარეთ მუქარის შემთხვევაში, დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემა შესაძლებელი გახდება.

გოგა ხატიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი სტუქტურა ამ საკითხს განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდოს, რათა ლატენტური დანაშაული, გაუხსნელი არ დარჩეს.

"შემაკავებელ ან დამცავ ორდერს ორი დანიშნულება აქვს, ერთი მხრივ მსხვერპლის დაცვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე მხრივ მოძალადის გარკვეული ქმედებების გაკონტროლება. აღნიშნული ორდერი ერთი თვის ვადაში მოქმედებს და მისი გამოცემა არამარტო პოლიციის სპეციალურ თანამშრომელს, არამედ უბნის პოლიციის ინსპექტორსაც შეუძლია, რომელმაც ორდერი 24 საათის განმავლობაში სასამართლოს უნდა წარუდგინოს," - განმარტავს "საიას" იურისტი.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოში მუქარა, განსაკურებით თუ მას ოჯახში ქმარი ცოლის მიმართ ახორციელებს, პოლიციის მიერ ადეკვატურად არ აღიქმება, რასაც შემდეგ ფიზიკური ძალადობა ან მკვლელობა მოსდევს.

"როცა ოჯახური დანაშაულის შესახებ შეტყობინება ხდება, პოლიციელი მხოლოდ ფორმალური ოქმის შედგენით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

მას უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია და ამავდროულად ინტერესი, რომ პრობლემის არსს ჩაუღრმავდეს, გამოკითხოს ყველა პირი, ვინც შეიძლება ამ ფაქტის შესახებ იცოდეს და სიტუაციის თუ საფრთხის რეალურობა სწორად შეაფასოს. "პოლიცია ასეთ შემთხვევებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ან მსგავს განცხადებებსა და შეტყობინებებს განსაკუთრებული სერიოზულობით არ აღიქვამს. პოლიციელები თავიანთი მენტალური განცდის გამო, მუქარას, როგორც ოჯახის საქმეს, ისე განიხილავენ." -განმარტავს ის.

2015 წელს, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ მუქარა, არამედ ადევნებაც დასჯადი გახდება. ადევნებაში როგორც მოკლეტექსტური შეტყობინებებით შეწუხება, ისე სახლთან, სამსახურთან ან ნებისმიერ ლოკაციაზე დახვედრა და თვალთვალი იგულისხმება, ამ შემთხვევაში საშუალება გექნებათ, პოლიციას მიმართოთ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება "საფარს" ეკუთვნის, რომელმაც კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიაწოდა. ორგანიზაციის მიერ კანონპროექტში ნახსენები ტერმინი "გადაკიდება" უწყებამ "ადევნებითა" და "უკანონო თვალთვალით" ჩაანაცვლა, რის შესახებაც მუხლის დამატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იგეგმება.

"საფარის" განმარტებით, "ადევნების" დეფინიცია ასეთია: "არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროება, დევნა, მუქარა, პირადი სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციის დამყარება ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც მსხვერპლში იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, საფუძვლიან შიშს, რომ მისი, მისი საკუთრების ან მისი ახლობლის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ძალადობა, რაც აიძულებს მსხვერპლს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების სტილი."

პირმა პოლიციას შეუძლია მიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფიქრობს, რომ მის მიმართ მუქარა ხორციელდება ან ვინმე მას უკანონოდ უთვალთვალებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz