სესიაშვილი განმარტავს, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ანაბეჭდები მოპარულ ავტომობილში | Allnews.Ge

სესიაშვილი განმარტავს, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ანაბეჭდები მოპარულ ავტომობილში

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მის შვილთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, ერთი მხრივ, მოითხოვს პროკურატურისგან იმის დადგენას, რომ მისი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მის შვილთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გამოთქვა.

მისივე თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ მანქანის გაქურდვის ფაქტს, რომელიც ეკუთვნის მის მეგობარ ირაკლი სანაიას. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანას ირაკლი სანაიას ვაჟი მართავს, რომელიც თავის მხრივ, მისი შვილის, დავით სესიაშვილის უახლოესი მეგობარია. სესიაშვილის თქმით, "შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ ავტომობილზე სხვა უამრავ ანაბეჭდთან ერთად მისი შვილის ანაბეჭდიც იყო, თუმცა მის შვილს დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს".

"ყველა შეჩვეული ვართ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში სიცრუის და ტყუილების ტირაჟირებას, ამ შემთხვევაში უკვე ჩემს ოჯახს შეეხნენ. საქმე ეხება მანქანის ქურდობის ფაქტს, რომელიც მოხდა ორი წლის წინ, მარტში, საქმე ეხება იმ მანქანას, რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის, ერთად გაზრდილები არიან, ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე თითის ანაბეჭდი, მათ შორის, ჩემი შვილის, დღე და ღამე ერთად არიან და ბუნებრივია, ანაბეჭდთან დაკავშირებით ასე მოხდებოდა, თუმცა გუშინ მტკიცებით ფორმაში აცხადებდა "ნაციონალური მოძრაობა," რომ ჩემი შვილი დამნაშავეა და რომ სამართალდამცველი ორგანოები ამ ფაქტს ჩქმალავენ.

ცხადია, ეს არის ცრუ ბრალდება და ამიტომ, მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ, ერთი მხრივ, გამოიძიონ ფაქტი, რომ ჩემი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე და პასუხი აგებინონ "ნაციონალურ მოძრაობას". მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

myquiz