რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო ჩვენ შესახებ | Allnews.Ge

რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო ჩვენ შესახებ

სახელები, გვარები, მისამართები, ოჯახური მდგომარეობა - ამ ინფორმაციას სახელმწიფო ჩვენ შესახებ ფლობს. მას აქვს მონაცემები ნასამართლეობის, მიგრაციის და თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებაც.

კანონის თანახმად, ნებისმერი სახის ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ფიზიკურ პირს უკავშირდება, პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს, რაც ასევე კანონითაა დაცული. შესაბამისად, Allnews.ge დაინტერესედა, რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო ჩვენ შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, რისი გაგება შეუძლია მას.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფუნქციონირებს, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება, არამედ მისი სხვა უწყებებისა და პირების მიერ გამოყენების გაკონტროლებაცაა.

ინსპექტორის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია პერსონალური მონაცემები მოიპოვოს თუ ინფორმაცია ამ კონკრეტული დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლადაა საჭირო, არის მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან მესამე პირის კანონიერი ინტერესი ან, იმ შემთხვევაშიც თუ, მონაცემთა სუბიექტმა თავად გახადა ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფორმაცია და სხვა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ძალოვან სტრუქტურებს უფლება და საშუალება, ჩვენ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვოს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის" თქმით, "სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის ძალოვანი უწყებები უფლებამოსილნი არიან მოიპოვონ პერსონალური მონაცემები თუ არსებობს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერი საფუძველი და აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. მაგალითად, ქუჩებში ვიდეოსათვალთვალო კამერების დამონტაჟებისას, მიზანი შესაძლოა იყოს დანაშაულის თავიდან აცილება, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა."

საქართველოში მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ერთიანი ბაზა არ არსებობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ჩვენ შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ფლობს.  "მაგალითად, საჯარო რეესტრში მონაცემები სხვადასხვა პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ მუშავდება, მაშინ, როდესაც მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავს იყრის ინფორმაცია მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე," - განმარტავენ უწყებაში.

მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია, თუ რა მონაცემებს ფლობს და ამუშავებს მის შესახებ ესა თუ ის ორგანიზაცია, აქვს უფლება, მიმართოს დაწესებულებას და გამოითხოვოს: მის შესახებ რომელი მონაცემები, რა მიზნითა და რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება. "თავის მხრივ, ორგანიზაცია ვალდებულია 10 დღის ვადაში სუბიექტს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს," - აღნიშნავენ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში."

გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების წაშლა, განადგურება და დაბლოკვა, ხოლო მონაცემთა დამუშავებელი ვალდებულია 15 დღის ვადაში შეასრულოს ეს მოთხოვნა, ან გაცნობოთ უარის თქმის საფუძველი. ასევე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის" ინფორმაციით, თქვენი უფლებაა, განმარტების გარეშე უარი განაცხადოთ თქვენივე თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. თუკი მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, ამისთვის აღნიშნულ უწყებას უნდა მიმართოთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz