რა ბედი ეწევა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს | Allnews.Ge

რა ბედი ეწევა თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს

დაუსრულებელი მშენებლობისგან არაერთი მოქალაქე დაზარალებულა. ისინი, იმ პირობით, რომ ბინებს კონკრეტულ ვადებში მიიღებდნენ, გარკვეულ თანხებს იხდიდნენ, თუმცაბევრი მათგანი შესრულებული პირობის გარეშე დარჩენილან. დაუსრულებელი მშენებლობების ბოლოდროინდელი ყველაზე აქტუალური მაგალითია "ცენტრ პოინტის" ბინები.

თუმცა, ამ კომპანიის გარდა, დედაქალაქში და არამხოლოდ, ხშირად შეხვდებით ნახევრადაშენებულ შენობებს. სწორედ დაუსრულებელ მშენებლობებს ეხება მთავრობის მორიგი ინიციატივა, რომელიც გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.

კერძოდ, იმ კომპანიებისთვის, რომელთაც მშენებლობა ვერ დაასრულეს, საგადასახადო კოდექსში შეღავათები შევა, რომლის მიხედვითაც დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ორი წლით გახანგრძლივდება - აღნიშნული ცვლილებები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

მიუხედავად დაუსრულებელი მშენებლობების შესახებ გახმაურებული საქმეებისა, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, 2010 წლის შემდეგ თბილისში დაახლოებით 240 დაუსრულებელი მშენებლობა იყო, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მისი განმარტებით, მშენებლობის შეჩერება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, - "ძირითადად, ეს დაფინანსების შეწყვეტის, გაყიდვების არ არსებობის, დამკვეთის მიერ მშენებლობაზე უარის თქმა და მსგავსი მიზეზებია," - განმარტავს როსტომაშვილი.

"ცენტრ პოინტი" სამშენებლო პროცესის განახლებას გეგმავს

ის ასევე აღნიშნავს, რომ 240 მშენებლობას შეჩერების განსხვავებული მიზეზები და პრობლემები ჰქონდათ, -"ბინები აღარ იყიდებოდა. მოსახლეობა, ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბინები და ყოველთვიურად განვადება უნდა გადაეხადათ, ესეც შეწყვიტეს. დაფინანსებას არც ბანკები აგრძელებდნენ," - აღნიშნავს მენაშენეთა ასოციაციის თამვჯდომარე.

რაც შეეხება დაუსრულებელი მშენებლობების შესახებ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების ორი წლით გახანგრძლივება იმიტომ ხდება, რომ ბევრმა კომპანიამ მშენებლობის დასრულება კონკრეტულ ვადებში ვერ შეძლო,  - "იურიდიული საკითხების მოგვარებაში ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და ამ კომპანიებმა მიმართეს მთავრობას, რომ ვადა გადაეწიათ," - განმარტავს ის.

არის შემთხვევები, როდესაც შეჩერებული მშენებლობების გაგრძელება ხდება, თუმცა "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის" გარეშეს თავმჯდომარის, ანზორ საკანდელიძის თქმით, აღნიშნული შენობების შემოწმება არ ხდება, შესაბამისად, უცნობია, რამდენად უსაფრთხოა, ექსპლუატაცია, რამდენად გამძლეა საძირკველი, არის თუ არა კედლები მყარი:

"როდესაც მშენებლობა წყდება, მისი სამუშაოების კონსერვაცია უნდა მოხდეს, რადგან სამუშაოების უცებ, ტექნოლოგიურად შეწყვეტა არ შეიძლება.

ამან შეიძლება კონსტრუქციის დაზიანებები გამოიწვიოს. ჩვენთან ათობით მიტოვებული ობიექტებია, რომელთაც არავინ ამოწმებს, ატმოსფერული ნალექის ქვეშაა მოქცეული და ამაზე სამუშაოების გაგრძელება მავნებლობაა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ აღნიშნული მშენებლობის ტექნიკური და სეისმოლოგიური მაჩვენებელი და მდგრადობა უნდა შემოწმდეს, რაც მისი თქმით, საქართველოში არ ხდება და ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას შეუძლია, კონსტრუქცია საკუთარი სტანდარტებისამებრ ააშენოს.

საქართველოში ენერგოეფექტური სახლების მშენებლობა დაიწყება

განსხვავებული პოზიცია აქვს მერიას. შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც მუშაობს. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს, არსებული ვითარების განხილვა ხდება და ამის შემდეგ იღებენ ფინანსური დახმარების ან მშენებლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას. მერიის ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახური ექსპლუატაციაში შესვლამდე მის ხარისხსა და უსაფრთხოებას ამოწმებს.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ თქვენი საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიღება სამშენებლო კომპანიისგან შეგიძლიათ, რომელიც ვალდებულია, ის ამომწურავად მოგაწოდოთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz