ოზურგეთში ძლიერ ქარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ოზურგეთში ძლიერ ქარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა. გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები მურმან ნაცვლაძე სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, თუმცა ქარმა გადმოაგდო და ადგილზე დაიღუპა.

როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა, გარდა გარდაცვლილისა, ძლიერი ქარის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მოქალაქემ.

"მურმან ნაცვლაძე მასწავლებელი იყო კოლეჯში, ახალგაზრდა კაცი. მიადგა კიბე სახლს, რომ სახურავზე არსებული დაზიანება გაესწორებინა. ამ დროს მოცურდა კიბე და დაიღუპა ადგილზე. დაშავებული გვყავს კიდევ ერთი მოქალაქე, შევარდნაძეა გვარად. ის მიდიოდა გზაზე, ამ დროს დაეცა ნაძვი და სამი პირიდან ერთი მოქალაქე დაზიანდა. მას აქვს ხერხემლის მალები და ნეკნები დაზიანებული", -განაცხადა გია სალუქვაძემ.

რაც შეეხება ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს, გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, გრიგალმა მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე მოგლიჯა ხეები და დააზიანა ავტომობილები. ასევე, დაზიანდა გაზმომარაგების მილსადენები და ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები.

"რაც შეეხება ზარალს, ამ ეტაპზე სააუბარი არ შეიძლება. შენობა-ნაგებობების სახურავებიდან ხეების მოცილება ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება, რადგან წვიმს. გზები აღდგენილია, ელექტრომომარაგება ეტაპობრივად დაწყებულია, რაც შეეხება ზარალს, ამას დათვლა უნდა და უკვე ორშაბათს გვეცოდინება. 150-ზე მეტი სახლია დაზიანებული სხვადასხვა ხარისხით, მხოლოდ ქალაქში", - განაცხადა გია სალუქვაძემ.

myquiz