მრიცხველის შემოწმების მეთოდი თუ ეჭვობთ რომ გაზრდილ გადასახადს იხდით | Allnews.Ge

მრიცხველის შემოწმების მეთოდი თუ ეჭვობთ რომ გაზრდილ გადასახადს იხდით

თუ ფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის გადასახადს იმაზე მეტს იხდით, ვიდრე მოიხმართ, შესაძლოა, პრობლემურ მრიცხველთან გაქვთ საქმე, ამის შემოწმება კი თავადაც შეგიძლიათ.

ტექნიკურ მეცნიერებათა პროფესორ თემურ ხუნდაძის თქმით, თუ მრიცხველი ჩვენებას აორმაგებს მწყობრიდანაა გამოსული ან ეს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი. მისი განმარტებით, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მრიცხველი ჩვენებას არასწორად წერს, მისი შემოწმება ასეთი მეთოდით შეგიძლიათ:

"ავიღოთ ელექტროენერგიაზე მომუშავე რომელიმე ნივთი, მაგალითად, 60 ვტ-იანი ნათურა და მის გარდა სახლში დენის წყაროდან აბსოლუტურად ყველა ელექტრომოწყობილობა გამოვრთოთ. ნათურა ერთი საათის განმავლობაში გვენთოს და შემდეგ შევამოწმოთ, რამდენი დაწერა. თუ დაწერილი რიცხვი ნათურის სიმძლავრეს არ შეესაბამება, ესეიგი საქმე პრობლემურ მრიცხველთან გვაქვს," - განმარტავს ის.

როგორ გამოვითვალოთ, ზუსტად რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ და რამდენად ზუსტადაა ის მრიცხველზე დატანილი?

თემურ ხუნდაძის ინფორმაციით, უნდა ამოვიკითხოთ მრიცხველზე დატანილი ინფორმაცია ბრუნთა რიცხვისა და 1 კვტ/სთ შესაბამისობის შესახებ. 

"მაგალითად, 1 კვტ/სთ - 5 000 ბრუნი. რაც ნიშნავს, 1 კვტ/სთ ანუ 1 000 ვატი გამრავლებული 3 600 წამზე (წამების რაოდენობა საათში, რაც წამში3 600 000 ვატის ტოლია. შესაბამისად, 5 000 ბრუნი წამში 3 600 000 ვატ ხარჯს შეესაბამება. ვიცით რა, რომ 36 000 ვატი წამში გაიხარჯა 100 წამში, მარტივია დავადგინოთ რა სიმძლავრეა ამჟამად მიერთებული მრიცხველზე - 36 000 / 100 = 3 600 ვატი = 3,6 კილოვატი," - განმარტავს ის.

შესაბამისად, ამ ტიპის გამოთვლით, შეგვიძლია, დავადგინოთ, რა სიმძლავრის ტექნიკური საშუალებაა ჩართული და რამდენ ელექტროენერგიას მოვიხმართ, ხოლო თუ მრიცხველი იმაზე დიდ ჩვენებას გვაძლევს, ვიდრე ჩვენი ტექნიკურმა საშუალებამ მოიხმარა, ესეიგი ის არასწორად ფუნქციონირებს.

თემურ ხუნდაძე ასევე დასძენს, რომ თუ მრიცხველი ელექტროენერგიის 10-20%-ს "იპარავს," მაშინ ამის დადგენა თავად გაგვიჭირდება და ვერც შევამჩნევთ.

მარიამ მენაბდიშვილი

 

 

myquiz