დეკანოზი გიორგი მამალაძე - ვიცი ციანიდი ვინც ჩადო | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი მამალაძე - ვიცი ციანიდი ვინც ჩადო

მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო", - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ითვლება, არ გამოაქვეყნა ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმება. ბრალდებული დეკანოზის განცხადებითვე, როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები სრულად გავრცელდება.

"პროკურატურამ, სამწუხაროდ, არ გამოაქვეყნა საუბრის ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა და ეს უხამსი სიტყვები მხოლოდ ფიგურალური გამოთქმები იყო. როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, ეს ვიდეოჩანაწერი სრულად გამოქვეყნდება და ნათელი მოეფინება ყოველივეს.

პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორად გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე. მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო. საათები მოანდომეს ამ სიყალბეს. ეს პროკურატურას არ გაუკეთებია", - აღნიშნა გიორგი მამალაძემ.

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

დეკანოზს სახელმწიფო ბრალდება მკვლელობის მომზადებას ედავება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ითვალისწინებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან წერილობით ინტერვიუს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" აქვეყნებს. ტელეკომპანიამ დეკანოზს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.

myquiz