რა არის ჩილიმი და მავნებელია თუ არა იგი ჯანმრთელობისთვის | Allnews.Ge

რა არის ჩილიმი და მავნებელია თუ არა იგი ჯანმრთელობისთვის

ჩილიმს ბევრი ჩვენგანი მოიხმარს, მათ შორის არამწეველებიც, რადგან ის თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად მავნებლად მიგვაჩნია, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალობა სხვაგვარია.

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) ინფორმაციით, ჩილიმი ისეთივე მომწამვლელია, როგორიც სიგარეტი და იმავე დაავადებების გამოწვევა შეუძლია, რასაც თამბაქო იწვევს. ჩილიმში შემავალ ტოქსინებს მაგალითად, ფილტვის კიბოს, რესპირაციული დაავადებების, ნაადრევი მშობიარობისა და პირის ღრუს დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

ამასთან, ჩDჩ-ს ცნობით, "ჩილიმის 1 საათის განმავლობაში მოწევა სიგარეტის 200 "ნაფაზს" უდრის, როცა ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებისას მწეველი 20 "ნაფაზით" შემოიფარგლება, შესაბამისად შესუნთქული კვამლის ოდენობა ჩილიმის შემთხვევაში დაახლოებით, 90 000 მილილიტრი, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 500-დან 600 მილილიტრია," - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

2018 წლიდან დახურულ შენობებში შესაძლოა, ჩილიმისა და ელექტრო სიგარეტის მოხმარებაც აიკრძალოს

და მაინც რა არის ჩილიმი?

ჩილიმის აპარატი მეტალის კონსტრუქციაა, დაბლა კოლბით, რომელშიც წყალი ისხმება. კონსტრუქციას თავზე ჭიქის ფორმის თუთუნით სავსე მოწყობილობა უმაგრდება, რომელსაც ზემოდან ნახშირით სავსე რკინის კალაუდერს ადებენ. მაღალი ტემპერატურის შედეგად თუთუნს ეკიდება და კვამლი გამოიყოფა. როგორც Allnews.ge-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთი ჩილიმ-ბარის წარმომადგენელმა განუცხადა, ჩილიმი მხოლოდ თუთუნისა და ხილის არომატებისგან შედგება:

"მოხმარების დროს ნახშირი ღვივდება და კვამლი გამოიყოფა, რომელიც მავნე ნივთიერებების შემცირების მიზნით კოლბაში არსებულ წყალში იფილტრება,"- განმარტავს ის და დასძენს, რომ ჩილიმის აპარატში განთავსებულ თუთუნში ნიკოტინის შემცველობა 0,05-ს უდრის.

რა ზემოქმედებას ახდენს ჩილიმის მოხმარება ადამიანის ორგანიზმზე?

ჩილიმ-ბარის წარმომადგენლის განმარტებით, ნიკოტინის დაბალი შემცველობისა და მისი ფილტრაციის გამო, ჩილიმი ორგანიზმისთვის ნაკლებადსაზიანოა, თუმცა მედიკოსები ასე არ ფიქრობენ.

"ჩილიმის რეგულარულ მოხმარებას ფილტვის, პირის ღრუს, პანკრეასის, კუჭ-ნაწლავისა და საშარდე სისტემის ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია" - განმარტავს თერაპევტი სოფო ჩხეიძე. მისი თქმით, ჩილიმის კვამლით არა მხოლოდ მწეველები, არამედ გარშემომყოფებიც ზარალდებიან:

"მეორადმა კვამლმა პასიურ მწეველებში შესაძლოა ასთმა, ფილტვის დაავადებები ან ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარი კეთილთვისებიან დაავადებებზე არ არის, არამედ ჩილიმის მოხმარება ავთვისებიანი დაავადებების პროვოცირებას ახდენს. ჩილიმი სიგარეტის მსგავსად საზიანოა, რადგან ისეთივე კვამლს გამოყოფს, როგორსაც თამბაქოს ჩვეულებრივად მოწევა, თუმცა სიგარეტს "შეღავათის" სახით ფილტრი აქვს, რაც ჩილიმს არ ახასიათებს, შესაბამისად, მწეველი ყველა ტიპის მავნე ნივთიერებას შეისუნთქავს," - განმარტავს ის.

სოფო ჩხეიძის თქმით, ჩილიმის მოხმარებისას კვამლი ფილტვებში უფრო ღრმად ჩადის, რადგან მისი მოწევის პროცესი ხანგრძლივია, - "სიგარეტს თუ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეწევიან, ჩილიმს უფრო ხანგრძლივად მოიხმარენ, რაც უფრო მავნე ზეგავლენას ახდენს. რთულია, შევადაროთ, სიგარეტის მოხმარება უფრო მავნებელია თუ ჩილიმის, რადგან ზოგადად თამბაქოს მოხმარება ორგანიზმისთვის მომწამვლელია და სასურველი იქნება, თუ შენობებში მისი მოწევაც აიკრძალება," - განმარტავს თერაპევტი და დასძენს, რომ ჩილიმის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და მის შესახებ კვლევები დასრულებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, 2018 წლიდან შენობებში სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მსგავსად, ჩილიმის მოხმარებაც აიკრძალება. კანონპროექტში კონკრეტული მუხლების დაზუსტებას პარლამენტი მეორე მოსმენის დროს მოახდენს.

შენობებში ჩილიმის მოხმარების შესახებ ინიციატივამ საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი გამოიწვია, თუმცა აღნიშნულ რეგულაციებზე მხოლოდ საქართველოში არ საუბრობენ, აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" კვლევაში ნათქვამია, რომ ჩილიმზე ისეთივე რეგულაციები უნდა დაწესდეს, როგორც თამბაქოზე.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz