ვინ არის პროფესიით და რას საქმიანობდა დავით სერგეენკო მინისტრობამდე | Allnews.Ge

ვინ არის პროფესიით და რას საქმიანობდა დავით სერგეენკო მინისტრობამდე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საზოგადოების განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს, რასაც IRI-ს 2017 წლის კვლევაც მოწმობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსის მიმართ დადებითად ხალხის 65%-ია განწყობილი.

დავით სერგეენკო საზოგადოების რჩეულ პოლიტიკოსებს შორის 2016 წელსაც მოხვდა, IRI-ს კვლევის მიხედვით, მათ 64%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

რა განათლება აქვს დავით სერგეენკოს, რა ქონებას ფლობს და რას საქმიანობდა იგი მინისტრობამდე?

დავით სერგეენკო 1963 წლის 25 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. 1981-1987 წლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ხოლო 1991 წელს, მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ინტენსიური თერაპიის განხრით დაამთავრა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

არჩილ თალაკვაძის განათლება და სამუშაო გამოცდილება

1999 წელს, დავით სერგეენკომ პროფესიული კვალიფიკაციის კურსი, ბერლინის გულის ინსტიტუტში, კარდიორეანიმაციისა და ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განხრით გაიარა. 2001 წელს კი ჰარვარდის სამედიცინო სკოლასა და ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში კარდიორეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის კურსი დახურა.

2003 წელს, დიდ ბრიტანეთში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და ოფშორულ მედიცინას, ხოლო 2004 წელს, ბაქოში, ჯანდაცვის ადმინისტრირებასა და შრომის უსაფრთხოებას სწავლობდა. 2005-2006-იან წლებშიკვალიფიკაციას უკვე თბილისში, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში აიმაღლა. დავით სერგეენკო სახელმწიფო სერტიფიკატს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინაში ფლობს.

რაც შეეხება გამოცდილებას, 2007-2012 წლებში ის "საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების" გენერალური დირექტორი, ხოლო 2006-2012 წლებში კავშირ "დოსტაქარის" აღმასრულებელი დირექტორი იყო.

2002-2006 წლებში დავით სერგეენკო Medi Club Georgia-ს სამედიცინო მენეჯერი იყო, 1997-2006 წლებში კი "ჯოენის სამედიცინო ცენტრში" ნესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა.

უფრო ადრე, 1995-1997 წლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტში სამედიცინო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, 1992-1993 წლებში კი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ექიმი იყო. დავით სერგეენკო ქალაქ რუსთავის სამშობიარო სახლში ექიმ ნეონატალოგადაც მუშაობდა. 1987-1989 წლებში კი სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი იყო.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2017 წლის 17 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 82 კვ.მ ფართობის 49 000$-ად შეფასებულ ბინასა და დუშეთის რაიონში 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado, რომლის ღირებულებაც 39 200$-ია. რაც შეეხება მის ანგარიშებს, სერგეენკოს მიმდინარე ანგარიში "ბანკ ქართუში" 200 ლარი, "თი-ბი-სი" ბანკში საკრედიტო ანგარიშის სახით, 3200$, ხოლო "საქართველოს ბანკში" მისი სახელფასო ანგარიში 5 ლარია.

2016 წელს მინისტრის თნამდებობაზე მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 75 000 ლარი შეადგინა. დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.

ჰყავს მეუღლე ლელა მიგრიაული და ორი შვილი ანი და ნინო სერგეენკოები.

myquiz