დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს მამა გიორგი | Allnews.Ge

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს მამა გიორგი

ვფიქრობ, მამა გიორგი მამალაძის შიმშილობის ფაქტი ადვოკატებისგან გაზვიადებულია, - ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.

დეკანოზმა ეჭვი გამოთქვა ბრალდებული დეკანოზის მიერ საპატიმროში შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ თავად მას ეს ფაქტი ჯერჯერობით არ გადაუმოწმებია.

"მიჩნდება ეჭვი, რომ იქნებ არც შიმშილობს, რადგან სასულიერო პირები არ შიმშილობენ.

ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ფაქტს უახლოეს პერიოდში გადავამოწმებ", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

მისივე თქმით, შესაძლოა დაკავებული დეკანოზის მონახულება აღდგომამდე შეძლოს.

"მამა გიორგის მონახულებაზე საპატრიარქოში არ ყოფილა საუბარი. აღდგომამდე შესაძლოა მოვინახულო ან მე ან სხვამ. შესაბამისი განცხადება ალბათ გაკეთდება. მამა გიორგი ხომ ჩვენი ტკივილია. ჩვენი ახლობელია და ეკლესიის წევრი. ბუნებრივია, ჩვენც გვაწუხებს მისი პრობლემები, თუმცა მე ვფიქრობ, ადვოკატებისგან ეს ფაქტი გაზვიადებულია", - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობას განაგრძობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. დაკავებულმა დეკანოზმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ორი დღის წინ მიმართა.

myquiz