მრავალსართულიანი პარკინგებისთვის თბილისში 10 ადგილი შეირჩა | Allnews.Ge

მრავალსართულიანი პარკინგებისთვის თბილისში 10 ადგილი შეირჩა

ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით, 550 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება. სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლის გამო, პარკირების პრობლემას მოქალაქეები, თითქმის ყოველდღე აწყდებიან. დედაქალაქის მერიისთვის კი, ეს პრობლემა ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრობლემა მრავალსართულიანი პარკინგებით მოგვარდება და დედაქალაქის მასშტაბით 10 მრავალდონიანი პარკინგი აშენდება, ამასთან მშენებლობებისთვის ადგილი უკვე შეირჩა.

თბილისის მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამო სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

მერიის ინფორმაციით, პარკინგების ასაშენებლად ისეთი ადგილები განისაზღვრა, სადაც არ არის სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება დასრულებული პარკინგები, დედაქალაქის იერსახეზე, შერჩეული 10 ადგილიდან, 9-ის შემთხვევაში მიწისქვეშა სადგომებია განსაზღვრული, რომლებიც დედაქალაქის იერსახეს არ დააზიანებს. მხოლოდ ერთი იქნება მიწის ზედა, დედაქალაქის მერიის მიმდებარედ.

თბილისის მერია, მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.

პროექტის დაწყებისა და დასრულების თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, გაიზრდება თუ არა დედაქალაქში პარკირების გადასახადი.

myquiz