სექტემბრიდან პლასტიკის პარკების მოხმარება იკრძალება | Allnews.Ge

სექტემბრიდან პლასტიკის პარკების მოხმარება იკრძალება

"გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო" 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების მოხმარებას, რეალიზაციასა და იმპორტს, 2018 წლის იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებს აკრძალავს.

ხოლო 15 მიკრონზე მეტი სისქის, მრავალჯერადი პლასტიკის პარკების გამოყენება ნებადართული იქნება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის" მთავარმა სპეციალისტმა, ვენერა მეტრეველმა განუცხადა.

მისი თქმით, რეგულაციის ამოქმედებასთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებაც შევა, რომელშიც პლასტიკის პარკების შესახებ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში სანქციები გაიწერება, - "მათ შორის განისაზღვრება, კანონდამრღვევი რა თანხით დაჯარიმდება,"-განმარტავს ის.

სპეციალისტის თქმით, პლასტიკის პარკები ქაღალდისა და ტექსტილის მრავალჯერადი გამოყენების პარკებით ჩანაცვლდება, - "საქართველოში პლასტიკის პარკებს ბევრი კომპანია აწარმოებს და უპირობო აკრძალვა სწორედ ამიტომ არ შემოვიღეთ. პლასტიკის ერთჯერადი პარკების აკრძალვა გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკებს ბაზრის 40% უჭირავს, ქარის მეშვეობით მარტივად გადაიტანება და შესაბამისად გარემო ყველაზე მეტად მისი საშუალებით ბინძურდება," - განმარტავს ვენერა მეტრეველი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების მოხმარება აკრძალულია, საფრანგეთი კი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც არამხოლოდ პლასტიკის პარკებს, არამედ მისი საშუალებით დამზადებული ნებისმიერი ნივთის გამოყენებას (მათ შორის ჭურჭლის) 2020 წლისთვის საბოლოოდ აკრძალავს.

იხილეთ ინგლისურენოვანია ვერსია: Plastic bags to be banned in Georgia from September

myquiz