ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ | Allnews.Ge

ადვოკატი - მამა გიორგის გასათავისუფლებლად სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ

სასულიერო პირების თავდებობა ჩვენ ვერ მოვიპოვეთ, რომ შევთავაზოთ სასამართლოს. შესაბამისად, ალტერნატივის სახით ალბათ უფრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დავაყენებთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას, წინასაგამოძიებო ვადის გაგრძელებაზე დააკმაყოფილებს, სასამართლო ვალდებული ხდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან 72 საათში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელოს.

როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ დეკანოზს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმდეს და გათავისუფლდეს.

"პროკურატურა ალბათ მოითხოვს, რომ დატოვონ პატიმრობაში, ჩვენი პოზიცია კი იქნება, რომ არაა მიზანშეწონილი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, იმ საფუძვლებით, რაზეც პროკურატურა აპელირებს. ალტერნატივის სახით ძალიან ბევრ რამეს შევთავაზებთ სასამართლოს, გააჩნია როგორი იქნება პოზიციები და როგორ დაასაბუთებს ამ შემთხვევაში პროკურატურა პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობას.

სამწუხაროდ, სასულიერო პირების თავდებობა ვერ მოვიპოვეთ, რომ შევთავაზოთ სასამართლოს და ალბათ უფრო გირაოს შუამდგომლობას დავაყენებთ ალტერნატივის სახით. ზოგადად იყო საუბარი, რომ თავდებში ჩადგომოდნენ მამა გიორგის, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება დეკანოზის გათავისუფლების მოლოდინს, როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ამაზე საუბარი გაუჭირდება, ვინაიდან სასამართლოს აქამდე დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.

"მიჭირს მოლოდინებზე საუბარი, რადგან რასაც ვუყურებთ, ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილა სასამართლომ მხოლოდ პროკურატურას და არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუნდაც წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

24 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.

myquiz