რისი უფლება ექნებათ პატიმრებს ახალი კანონით? | Allnews.Ge

რისი უფლება ექნებათ პატიმრებს ახალი კანონით?

საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა იგეგმება. პარლამენტმა შესამაბისი კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

Allnews.ge გთავაზობთ მოკლედ თუ რა ცვლილებებზეა საუბარი აღნიშნულ კანონპროექტში და რა უფლებებით ისარგებლებენ მსჯავრდებულები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებები 20 კანონში შედის და მიზნად, საქართველოს პენიტენციური სისტემის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.

კერძოდ, შეიქმნება გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, სადაც განთავსდებიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც მიჩნეულნი არიან დაბალი ან საშუალო რისკის მქონე პატიმრებად, ამასთან მათი თავისუფლების აღკვეთის ვადა 6 თვეს არ აღემატება. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს უფლება ექნება დატოვოს დაწესებულება, იმ შემთხვევაში თუკი, იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება. კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე–ღამეს.

მსჯავრდებულებს უფლება ექნებათ დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, შინაპატიმრობით მოიხადონ. შინაპატიმრობა შეიძლება ფასიანი სერვისი იყოს. საფასური მინისტრის ბრძანებით დადგინდება.

ქალი პატიმრები, საოჯახო პაემნით, მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში ისარგებლლებენ.

ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს. ამ კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება, წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით.

იცვლება რეგულაციები პატიმრებისთვის ტელევიზორით სარგებლობის საკითხშიც. კერძოდ, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ენიჭებათ უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები. პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ტექნიკა საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინონ.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხს. რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან ან მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, სასამართლოს პატიმრის გათავისუფლების უფლება ექნება. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო იქნება ექსპერტის დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია, გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ბავშვი ჰყავდა და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, ერთი წლის განმავლობაში უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც უვადო პატიმრებს შეეხება ითვალისწინებს, რომ უვადო მსჯავრდებულებს, რომლებიც 20 წლის სასჯელს მოიხდიან, უფლება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ გათავისუფლება.

და ბოლო ცვლილება, რომელიც შესაძლოა ახალ ინიციატივას მოჰყვეს, აღკვეთის ღონისძიების ახალი მეთოდია - ე.წ. ელექტრონული მეთვალყურეობა. ის პატიმრები, რომლების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნაც სავალდებულო არ იქნება, სწორედმ ამ ტიპის მეთვალყურეობის სისტემით ისარგებლებენ. დისტანციურად მოხდება მათი კონტროლი.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, რომელსაც 92 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნარიტა ჩხაიძე

myquiz