რატომ არის პანთეონები პოპულარული საქართველოში | Allnews.Ge

რატომ არის პანთეონები პოპულარული საქართველოში

როგორც ჩანს, საქართველოში "სიკვდილი ყველას არ ათანასწორებს". ყოველ შემთხვევაში მათ, ვის მომავალ განსასვენებელშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უნდა დაიხარჯოს - თბილისში ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მოეწყობა.

მახათას მთაზე პანთეონის მოსაწყობად თბილისის მერია დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარს დახარჯავს. ახალი პანთეონის საჭიროება გასულ წელს მას შემდეგ დადგა, რაც მთაწმინდის პანთეონი დაიხურა, დიდუბის პანთეონი კი მიცვალებულებს ვეღარ იტევს...

AMBEBI.GE დაინტერესდა, საიდან მოდის პანთეონის ტრადიცია საქართველოში და რატომ ხდება დღესაც საზოგადოების წევრთა დიფერენცირება დასაკრძალი ადგილების მიხედვით? - ამ კითხვებით ისტორიკოსსა და ქალაქის საკრებულოს მივმართეთ.

სიტყვა პანთეონი ბერძნული წარმოშობისაა - "პან" ყველას ნიშნავს, ხოლო "თეოს" ღმერთს. ძველ რომში პანთეონი ყველა ღმერთის სახელზე აგებულ ტაძარს ეწოდებოდა, ხოლო უფრო გვიან პანთეონი ერქვა იმ შენობას, ან სასაფლაოს, სადაც გამოჩენილ მოღვაწეებს ასაფლავებდნენ.

საქართველოში პირველი პანთეონი მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში შეიქმნა - დიდუბეში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შემოგარენში, რომელსაც "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მეურვეობდა. დიდუბეში იყო დაკრძალული ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი... მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და დიმიტრი ყიფიანი ესვენა, მამა-დავითის ეკლესიის წინ მდებარე ეზოს პანთეონის სტატუსი კარგა ხანს არ ჰქონდა.

მთაწმინდა პანთეონად კომუნისტების პერიოდში გადაკეთდა - 1929 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, მთაწმინდის პანთეონი ოფიციალურად გაიხსნა. პანთეონს "საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი" ეწოდა.

თბილისში ამჟამად სამი პანთეონია: მთაწმინდის, დიდუბის და საბურთალოს, რომელთაც რამდენიმე თვეში მახათას პანთეონიც მიემატება. პანთეონები არის ქუთაისსა და ბათუმშიც.

ისტორიკოსის განმარტებით, პანთეონის ტრადიცია მსოფლიოში, დაახლოებით მე-17 საუკუნეში გაჩნდა, ამ პერიოდში, ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაო საზოგადოებრივი სასაფლაოსგან უკვე გამიჯნული იყო, საქართველოში კი, ისტორიკოს გია ანჩაბაძის განცხადებით, პანთეონის ცნება მოგვიანებით დამკვიდრდა:

"ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, საფრანგეთში უფრო ძველი პანთეონებია, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან პანთეონები, ძირითადად, საბჭოთა საქართველოში გაჩნდა. იმ დროს უკვე იყო ისეთი ადგილები, სადაც გამოჩენილი ადამიანები დაკრძალულები იყვნენ, მაგალითად, მთაწმინდა, დიდუბე, თუმცა აღნიშნულ პანთეონებში არის სამარხები, რომლებიც უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მათ პანთეონი ოფიციალურად ეწოდებოდა.

ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდამდე ხდებოდა, შემდეგ მათ გვერდით ისეთი ადამიანების დაკრძალვა დაიწყეს, ვინც გამოჩენილებად მიიჩნეოდნენ. თანდათან გაიზარდა დაკრძალულთა რაოდენობა და პანთეონი დაერქვა", - აღნიშნავს ისტორიკოსი.

გია ანჩაბაძის თქმით, საბჭოთა საქართველოსთვის აქსიომა გახდა, რომ გამოჩენილი ადამიანები პანთეონში უნდა დაეკრძალათ, რასაც ისტორიკოსი ნაწილობრივ ეთანხმება:

"ადამიანების დასაკრძალი ადგილის მიხედვით დიფერენცირება არც ადამიანური და არც რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული არ არის და ერთი ადამიანი მეორეს წინ არ უნდა დააყენო, მაგრამ მეორე მხრივ, მაგალითად მთაწმინდის პანთეონში, სტუმრებსა და ტურისტებს მიიყვანენ და იქ დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ უამბობენ," - განმარტავს ისტორიკოსი.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, პანთეონი ყველა ქვეყანას აქვს, რათა გამოჩენილი მოღვაწეები დაკრძალოს, თუმცა საქართველოს მსგავსად პანთეონში დაკრძალვის მიმართ ლტოლვა არსად არ ახასიათებთ:

"მე რომ მკითხოთ, მოსაწესრიგებელია კანონმდებლობა აკრძალვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადამიანი ჯერ გარდაცვლილი არ არის და მისი გავლენიანი ოჯახი იწყებს თადარიგის დაჭერას, რომ ეს ადამიანი პანთეონში დაკრძალოს. მაგალითად, საფრანგეთში, ალექსანდრე დიუმა პანთეონში 150 წლის შემდეგ გადაასვენეს, იმიტომ რომ იქაური წესის მიხედვით, ადამიანის გარდაცვალების მერე მინიმუმ 20 წელი უნდა გავიდეს და ამ ადამიანის სახელმა თუ დროს გაუძლო, პანთეონში მხოლოდ ამის შემდეგ გადაასვენებენ.

ჩვენთან ყველას უნდა, რომ კუთვნილ სახლს აუცილებლად თავისი ბებიას და ბაბუას მემორიალური დაფა მიაკრას, ქუჩას მისი სახელი უწოდოს, აუცილებლად პანთეონში დაკრძალოს და არ ვიცი, ასეთი რამ რატომ გვჭირს", - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ "ჩვენთან პანთეონში დაკრძალვით ადამიანების დიფერენცირება კი არა, "ჩაწყობა" ხდება, რადგან ვისი ოჯახის წევრიც გავლენიანია, ცდილობს, რომ მისი სახელობის ქუჩა და მემორიალი გააკეთოს და პანთეონში დაიკრძალოს".

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირის გარდაცვალების შემდეგ სპეციალური სახელმწიფო კომისია იკრიბება, რომელიც მსჯელობის შედეგად წყვეტს, უნდა დაიკრძალოს თუ არა გარდაცვლილი პიროვნება პანთეონში.

რაც შეეხება მახათას მთის პანთეონს, ბევრმა საზოგადო მოღვაწემ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება "ასე შორს" პანთეონის მოწყობის გამო და ღია წერილითაც მიმართა პრემიერსა და მერს.

ღია წერილი "მწერლის გაზეთის" 2016 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ქალაქ გაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მისამართითაა დაწერილი, მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აწერენ ხელს. წერილში ვკითხულობთ:

"ბატონებო! მოგმართავთ საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა სახელით: რამდენიმე თვის წინათ დაიხურა ორასწლოვანი დიდუბის პანთეონი. ამ ფაქტმა სახელოვან მოღვაწეთა დაკრძალვის მიმართულებით გამოუვალი მდგომარეობა შექმნა. კატეგორიულად გთხოვთ, პანთეონის ტერიტორია გააფართოვოთ დიდუბის ეკლესიასა და პანთეონს შორის ღობის მოხსნის ხარჯზე.

ამრიგად, იოლად, ფულადი დანახარჯების გარეშე, გადაწყდება ეს თავსატეხი. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში თუ არ გადაწყდა, მალე უხერხულობაში აღმოვჩნდებით. დავინტერესდით და გაირკვა, რომ ამ საშურ ეროვნულ საქმეს საპატრიარქო არ ეწინააღმდეგება.

პატივისცემით,

ჯანსუღ ჩარკვიანი, მერაბ ბერძენიშვილი, კახი კავსაძე, რევაზ მიშველაძე, გივი ბერიკაშვილი, ომარ მხეიძე, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი, გოგი

ქავთარაძე, ვაჟა აზარაშვილი, სოსო სიგუა, ბაღათერ არაბული, თენგიზ ურთმელიძე, კახა ცაბაძე, გივი თოიძე", - ვკითხულობთ ღია წერილში.

სხვათა შორის, ერთი წლის წინ, როდესაც რეჟისორი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა, მერიამ დიდუბის პანთეონის დირექციას მიმართა მისთვის ადგილის გამოსაყოფად, თუმცა ოჯახმა რეჟისორის უკანასკნელი სურვილი გაითვალისწინა - 90 წლის ნანა მჭედლიძემ მშობლიურ ხონში ისურვა დასაფლავება...

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz