კანონდამრღვევი მძღოლი პოტენციური მკვლელია?! | Allnews.Ge

კანონდამრღვევი მძღოლი პოტენციური მკვლელია?!

გუშინ დილით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბავშვი დაიღუპა, ღამით, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ავტომობილი ჯერ ავტობუსის გაჩერებას, შემდეგ კი პრესის ჯიხურს შეეჯახა, ამავე მიზეზით ერთმანეთს მოპედი და ავტომობილიც შეეჯახნენ - ამ რეალობის წინაშე საზოგადოება ყოველდღიურად დგას, თუმცა, მდგომარეობის შეცვლა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

2016 წელს, საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი კი ფატალური შედეგით დასრულდა. რატომ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები ასეთი ინტენსივობით და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მათ შესამცირებლად?

"შინაგან საქმეთა სამინისტროს" მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა წინადადება, რომ მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუმცა ამ ეტაპზე ცვლილებები არ განხორციელებულა. Allnews.ge დაინტერესდა, რამდენი იყო ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე წინა ხელისუფლების დროს და რამდენია ახლა. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ დარღვევაზე კანონი შედარებით შერბილდა, ზოგ მათგანზე კი პირიქით, გამკაცრდა:

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 125-ე მუხლის მიხედვით, 2010 წლამდე, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის ჯარიმა 20 ლარი იყო, 2010 წელს, ჯერ კიდევ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადმინისტრაციული ჯარიმა 40 ლარამდე გაიზარდა, რის შემდეგაც ამ დრომდე უცვლელია.

მობილურ ტელეფონზე საუბარი, 2005 წელს 20 ლარი იყო, 2008 წელს განახევრდა, 10 ლარი გახდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ შეცვლილა.

ავტოსატრანსპორტი საშუალების მთვრალ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, 2006 წელს 150 ლარით დაჯარიმდებოდით, 2010 წელს 200 ლარით, ხოლო 2013 წელს სასჯელი სამართალდარღვევისთვის, მართვის უფლების 6 თვით შეჩერება გახდა.

შუქნიშნის ან მარეგულირებლის ამკრძალავ ნიშნანზე გავლის წესების დარღვევის შემთხვევაში, 2005 წელს 20 ლარით, ხოლო 2010 წელს 50 ლარით დაჯარიმდებოდით, ამ პერიოდის შემდეგ კანონში ჩანაწერი აღარ შეცვლილა.

2006 წელს, ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში, თქვენი ჯარიმა 20 ლარს გაუტოლდებოდა, 2016 წლის შემდეგ კი 50 ლარს შეადგენს.

2006 წელს თუ ქვეითად მოსიარულეს გზას არ დაუთმობდით, რითიც სახიფათო სიტუაციას შექმნიდით, ჯარიმას 10 ლარის ოდენობით გადაიხდიდით, 2016 წელს კი 20 ლარის გადახდა მოგიწევთ.

სპეციალისტების თქმით, ხელისუფლებამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე, განათლების სისტემაში ამ მიმართულების სწავლებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვისთვის სპეციალური სამსახურის შექმნაზე უნდა იზრუნოს, რაც ამჟამად არ ხორციელდება.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორის, გელა კვაშილავას თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ქალაქებში დაშვებული მაღალი სიჩქარეა.

"ყველა ქალაქში განსაზღვრული ერთი მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ პლუს 5-10კმ/სთ-ია. ჩვენთან არის ადგილები, სადაც მაქსიმალური სიჩქარე 50-60-70 კმ/სთ-ია, რასაც 15 კმ/სთ ემატება. მეორე პრობლემა ინფრასტრუქტურაა: გზები ძალიან ფართოა და ხელს უწყობს სწრაფად გადაადგილებას.

ისეთ ადგილებში სადაც მეტი ურბანული ზონაა, სიჩქარის მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს, როგორც ინფრასტრუქტურულად ისე კამერებით და სხვა მექანიზმებით,"-განმარტავს ის.

"მიდგომა, რომ მძღოლები ცუდები და დამრღვევები არიან, მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს, რათა ყველაფერი სხვას გადააბრალოს, არადა სისტემაა გაუმართავი,"-აღნიშნავს "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი. მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყნის მსგავსად, საგზაო უსაფრთხოებისა და გადაადგილების წესების სწავლება ბაღიდან უნდა დაიწყოს და სკოლაში გაგრძელდეს, რის შედეგადაც მოქალაქეები ავტოსკოლაში საფუძვლიანი ცოდნას მიიღებენ.

"ჩვენს რეალობაში შესაძლებელია, ადგე და მართვის მოწმობის გამოცდის ასაღებად პირდაპირ გახვიდე, რისთვისაც არავითარი განათლების მიღება არ გჭირდება. მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომლებიც პოტენციურ მკვლელებს წარმოადგენენ, რადგან ავტომობლის მართვისთვის შესაბამისი განათლება არ აქვთ. ამას ერთვის ავტოსკოლებიც, რომელთა ნაწილშიც სწავლება თაღლითურად, კოდირების სისტემითა და დაზუთხვის მეთოდით მიმდინარეობს, თეორიული საგამოცდო პროგრამის მოტყუება ხდება და საბოლოოდ ასეთ მწვავე შედეგს ვიღებთ,"-განმარტავს ის და დასძენს, რომ ხანმოკლე პერსპექტივაში ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება უნდა შექმნას, რადგან ამჟამად, საპატრულო პოლიცია რეაგირებას მხოლოდ მომხდარზე ახდენს, აღნიშნული უწყება კი მის პრევენციაზეც იზრუნებს.

აღსანიშნავია, რომ საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებას ხელისუფლება მიმდინარე წელს გეგმავს. სისტემა მოძრაობის წესების დარღვევაზე ქულების დაკლებას გულისხმობს, მათი ამოწურვის შემთხვევაში კი მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz